Digest Logo

„ის რომ ვაქცინა, ჯერჯერობით, ამცირებს სიკვდილიანობას, ეს ნათელია, მაგრამ ვისთან ამცირებს ეს ხომ უნდა დავაკონკრეტოთ“ - გიორგი კანდელაკის პასუხი თამარ ჟამურაშვილს

1630479699
ჟამურაშვილი კანდელაკი

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში ექიმ-პულმონოლოგის თამარ ჟამურაშვილის განცხადებას ეხმაურება. 

კანდელაკი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჟამურაშვილს პასუხობს, ასევე კანდელაკს აინტერესებს, იმ ვითარებაში, როდესაც სრულიად ნათელია და უკამათოა, რომ ამ ვაქცინით პოპულაციური იმუნიტეტი ვერ მიიღწევა და შესაბამისად ვირუსის გავრცელების შეჩერებას ვერ ვახერხებთ და ვაქცინას აქვს მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში გამოხატული ეფექტი, როგორ შეიძლება ვაიძულოთ მთელი მოსახლეობა რომ აიცრას?

„როგორც აღვნიშნე ადრე, გამონაკლისების სახით, გამოვეხმაურები ხოლმე, იმ ოპონენტებს, რომელთა აზრს განსაკუთრებულად პატივს ვცემ და ვაფასებ. ამ შემთხვევაში მინდა ჩემს კოლეგას, თამარ ჟამურაშვილს გამოვეხმაურო.

მადლობა თამარ გამოხმაურებისთვის. საინტერესო კომენტარებია ძალიან და ხსნის დისკუსიისთვის ფართო ასპარეზს. პირველ ყოვლისა გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას იმ საქმისთვის რასაც ეწევით კორონავირუსის ეპიდემიის დროს საქართველოში. მრავალი პაციენტი გამოჯანმრთელებულა და გადარჩენილა სწორედ თქვენი დახმარებით და იშვიათად თუ მახსენდება ვინმეს მიერ განხორციელებული ასეთი მასშტაბური პროექტი ამ მიმართულებით საქართველოში. ეპიდემიის დასაწყისში, მაშინ როდესაც ჩვენში ჯერ მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ბევრ პრაქტიკულ საკითხს სწორედ თქვენს მიერ დაარსებულ გვერდზე ვეცნობოდი პირადად. დღესაც ძალზე პროდუქტიულია ის დისკუსიები რაც იმართება თქვენს ასოციაციაში.

ასე რომ, სიამოვნებით შემოვალ დისკუსიაში და შევეცდები შეძლებისდაგვარად გავცე პასუხი, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ADE/VADE სულაც არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას, პრობლემები სხვაც ბევრია, და უფრო სრულად სხვა საკითხებზე ჩემს ვიდეო პრეზენტაციაში მაქვს საუბარი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ვითარება განვიხილეთ არა ინდივიდუალური პრობლემები და გვერდითი ეფექტები, არამედ პოპულაციურ დონეზე მასიური ვაქცინაციის პოტენციური შედეგები. დრო და დრო სხვა შეკითხვებსაც შევეხებით რაღა თქმა უნდა. მართალი ბრძანდებით, რომ VADE შეიძლება გამოვლინდეს როგორც რეინფექციის, ისევე ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა რეინფექციით გამოწვეული VADE, მე რამდენადაც ვიცი, არც ერთი ტიპის კორონავირუსით რეინფექციის დროს არ ყოფილა აქამდე აღწერილი, განსხვავებით დენგეს ვირუსისაგან, რომელიც იწვევს მაგ ფენომენს. რაც ცალსახად აღწერილია და რის გამოც ვერ შეიქმნა SARS-ის და MERS-ის ვაქცინები, არის სწორედ VADE, რომლის გამოც დაიხოცენ საცდელი ცხოველები, როდესაც მათი ინფიცირება მოხდა თვეების შემდეგ. ასე რომ აქ ტოლობის ნიშნის გავლება რეინფექციასა და ვაქცინირებულის შემდგომში დაინფიცირებას შორის აბსოლუტურად შეუძლებელია.

რაც შეეხება იმას, რომ ვაქცინის შემდეგ ინფექცია, მხოლოდ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების გაქრობის შემდეგ შეიძლება განვითარდეს და შესაბამისად თითქოს ყველა ვაქცინირებულის ინფიცირება VADE-ით უნდა მიდიოდეს, ეს დანამდვილებით არ არის ასე, ინფიცირება სრულიად შესაძლებელია და არ არის იშვიათი ანტისხეულების სრული ტიტრის შემთხვევაშიც, უბრალოდ რისკები უფრო მეტია დაქვეითებული ტიტრის დროს.
ის რომ დელტა ვარიანტის მიმართ ეფექტური ტიტრის კრიტიკულ დონემდე კლებას, მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება, ეს მე არ მომიგონია, ეს არის მრავალი კვლევის შედეგებით დადასტურებული, სწორედ ამიტომ განიხილება ახლა ოპტიმალურ ვადად ბუსტერისთვის 5-8 თვიანი ინტერვალი, რომლის დაზუსტებაც ახლა მიმდინარეობს.

კვლავ ვიმეორებ, ის რომ VADE-ს ახლა მასიურად ვერ ვხედავთ, აბსოლუტურად ლოგიკურია და ასეც იქნება, რადგან ჯერ არ გვაქვს სრულად რეზისტენტული შტამი და ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც რაიმე სტატისტიკა ითვლება, ახორციელებს ან განზრახული აქვს განახორციელოს ბუსტერებით ვაქცინაცია. ბუსტერით ამ ეტაპზე, დელტა შტამის მიმართ წარმატებით მოხდება მაგ ფენომენის თავიდან აცილება, რადგან დელტა ნახევრად რეზისტენტულია და ტიტრის მატება უზრუნველყოფს დროებით შედეგს, სანამ დელტა არ ჩანაცვლდება უფრო რეზისტენტული შტამით.

მონოკლინური ანტისხეულებიც და პლაზმაც, დელტას პირობებში ვერ გამოიწვევს VADE-ს რადგან, დელტა ვიმეორებ მხოლოდ ნაწილობრივ რეზისტენულია და ანტისხეულებს გააჩნიათ მანეიტრალიზირებელი ეფექტი და შესაბამისად ვერ გამოიწვევს VADE-ს. თუმცა რეზისტენტული შტამის შემთხვევაში მონოკლინური ანტისხეულები, მაგ პოტენციალს ატარებენ და ეგ ზოგადად განხილულია მათ ერთ-ერთ პოტენციურ რისკად.

ის რომ VADE დაფიქსირებული იყო ადრე ნუკლეოკაფსიდურ ანტისხეულებთან, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს რომ სპაიკი თავისუფალია იგივე ეფექტისაგან, და არსებობს უკვე სამი საკმაოდ ელეგანტური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ადასტურებს ამ პოტენციალს. ბოლო კვლევა ახლახან გამოაქვეყნეს იაპონელებმა, სადაც ლაბორატორიულად არის იდენტიფიცირებული, სპაიკის მიმართ სრულად რეზისტენული შტამი, რომელსაც ამავე დროს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ADE -ის გამომწვევი პოტენციალი.

ის რომ ვაქცინა ჯერჯერობით ამცირებს სიკვდილიანობას ეს ნათელია, მაგრამ ვისთან ამცირებს ეს ხომ უნდა დავაკონკრეტოთ. გადახედეთ ბრიტანეთის ბრწყინვალედ დოკუმენტირებულ სტატისტიკას დელტასთან მიმართებით - 50 წლის ასაკამდე, სხვა მხრივ მძიმე ქრონიკული დაავადებების არ არსებობის პირობებში, სიკვდილიანობა ვაქცინირებულებში და არავაქცინირებულებში ერთი და იგივე, ძალზე მცირე პროცენტია და არანაირი ეფექტი ვაქცინას არ აქვს. ამ პოპულაციას რატომ ვცრით? ამ ეტაპზე არ გვაქვს სარგებელი, მომავალში ვუქმნით პოტენციურ საფრთხეს და ამასთანავე სხვადასხვა ცნობილი თუ ჯერ კიდევ უცნობი გვერდითი ეფექტების საფრთხის ქვეშ ვაყენებთ. თუ თქვენ ნახავდით ჩვენს ბოლო პოსტს, დარწმუნდებოდით, რომ სწორედ თარგეთირებულ ვაქცინაციაში ვხედავთ აზრს, იმ პოპულაციაში სადაც სარგებელი შეიძლება აღემატებოდეს რისკებს. იქვე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რატომ ვხედავთ საყოველთაო ვაქცინაციაში მთლიანი პოპულაციისთვის სხვა რისკებსაც. ასე რომ აიცრან რისკის ქვეშ მყოფებმა სურვილის შემთხვევაში, და არა მათ, ვისთანაც ვაქცინა არაეფექტურია და მომავალისათვის პოპულაციური იმუნიტეტის სრულ ეროზიას ახდენს, რაც თავის მხრივ მომავალში ეპიდემიის გახანგრძლივების და სიკვდილიანობის გაზრდის პერსპექტივებს შლის.

ის რომ მომავალში, არსებული ვაქცინის მიმართ სრულად რეზისტენტული შტამი გაჩნდება, ეს გარდაუვალია. ის რასაც დროსტენი ამბობს, გულისხმობს ვირულენტობას და არა რეზისტენტობას. ვირულენტობის კუთხით მომავალი ვირუსი უფრო ვირულენტური იქნება თუ პირიქით, ამის წინასწარმეტყველება სრულიად შეუძლებელია იმდენ ფაქტორზეა დამყარებული, მაგრამ ის რომ სრულად რეზისტენტული შტამი იქნება, ეს გარდაუვალია, თუ რა თქმა უნდა, ბუნებამ თავისი წესები არ იცვალა და ევოლუციის კანონი არ გაუქმდა. ვირუსი შეიძლება ნაკლები ვირულენტობის გზას დაადგეს ნამდვილად, ოღონდ VADE-ის შემთხვევაში ეს არაფერს ცვლის და სიკვდილიანობა შეიძლება მაინც გაიზარდოს.

სიკვდილიანობას რაც შეეხება, სიკვდილიანობა სხვადასხვა გვარად შეიძლება განისაზღვროს, და VADE-თან მიმართებით სწორედ ინფექციის ფატალურობის სიხშირე ავირჩიე (IFR) რაც გეოგრაფიულად არ არის დიდად განსხვავებული და წარმოადგენს დაახლოებით – 0.2-0.3 %-ს. თქვენ რა რიცხვიც მოგყავთ საქართველოსთვის ეგ CFR -ია (შემთხვევის ფატალურობის სიხშირე) რაც ცვალებადია ქვეყნებს შორის და ასევე დამოკიდებულია ეპიდ-ტალღებზე, ვირუსის ვარიანტებზე, ტესტირების ინტენსივობაზე და სისტემის გადატვირთულობაზე. CFR-ი დიდ ცვლილებას IFR-ში ვერ მოგცემთ კორონავირუსის შემთხვევაში, რადგან ამ ვირუსის საერთო სიკვდილიანობა დაბალია და ეს ვარიაბელურობა ვერ აისახება დიდ სურათში.

რაც შეეხება ახალი mRNA ვაქცინების შექმნას, რომელიც გაუმკლავდება ახალ ვარიანტებს, ეს ნაკლებ რეალისტური სცენარია რამდენიმე მიზეზის გამო. მუდმივად მიმდინარე პანდემიის პირობებში, თითქმის შეუძლებელია საკმაო წინსწრებით განვსაზღვროთ, თუ რომელი შტამი დაწინაურდება იმ მრავალ ვარიანტებს შორის რომლებსაც ვადევნებთ თვალს. თუ გაიხსენებთ დელტა შტამი გამოიკვეთა სადღაც თებერვალში და დღეს 6 თვის გასვლის შემდეგ, პრაქტიკულად უკვე ჩაიარა დელტათი გამოწვეულმა ტალღამ ქვეყნების უმეტესობაში.

ყველაზე ფანტასტიკურ შემთხვევაში, ვარიანტის იდენტიფიცირებიდან 3-4 თვეში შეიძლება დაიდოს პროდუქტი, რომლის მასიური განაწილება და ვაქცინაცია, უბრალოდ ვერ მოესწრება იმ დროში, სანამ ვირუსი უკვე არ გადაივლის. ესეც, რომ მოხერხდეს არსებობს ვაქცინოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ჰქვია ანტიგენური ცოდვა (original antigenic sin). ანტიგენური ცოდვის პრინციპი, განაპირობებს იმას, რომ მსგავსი თუმცა ნაწილობრივად განსხვავებული ანტიგენით ექსპოზიციის შემთხვევაში, იმუნიტეტი აგენერირებს არა ახალი ანტიგენის მიმართ ანტისხეულებს, არამედ ძველი ანტიგენის მიმართ. ახალი ვარიანტის ვაქცინები, მაღალი ალბათობით ვერ დაძლევენ ამ პრობლემას. შეიძლება პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება იცადოს ზე-მაღალი ეჯავანტიზაციით, თუმცა ეს გამოიწვევს ისედაც ძალიან მაღალი რეაქტოგენურობის (რაც ახასიათებს mRNA ვაქცინებს) მკვეთრად გაზრდას, რაც უკიდურესად გააძნელებს ვაქცინაციას გვერდითი ეფექტების მკვეთრი ზრდის გამო.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ძალიან არარეალისტურია კონკრეტული ვირუსის, პანდემიური გავრცელების დროს გაუთავებელი დევნა ვაქცინებით. სწორედ ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ დაბალი რისკის პოპულაციამ, რომელთაც სიკვდილიანობა აქვს გრიპის ტოლი ან მასზე დაბალი, გადაიტანოს ეს ვირუსი და გამოიმუშავეს ბუნებრივი იმუნიტეტი, რაც დაიცავს აცრილ, მაღალი რისკის პოპულაციას ვირუსის შემდგომი ტალღებისაგან.

დავუბრუნდეთ მანდატორულ ვაქცინაციას და მის აბსურდულობას. იმ ვითარებაში, როდესაც სრულიად ნათელია და უკამათოა, რომ ამ ვაქცინით პოპულაციური იმუნიტეტი ვერ მიიღწევა და შესაბამისად ვირუსის გავრცელების შეჩერებას ვერ ვახერხებთ და ვაქცინას აქვს მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში გამოხატული ეფექტი, როგორ შეიძლება ვაიძულოთ მთელი მოსახლეობა რომ აიცრას? როგორ შეიძლება ვაიძულოთ პოტენციურ გვერდით ეფექტებზე და საშუალო ვადიან იმუნოლოგიურ რისკებზე ადამიანები, რომლებთანაც ვაქცინას არ აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი. როგორ შეგვიძლია ვაიძულოთ დაავადება-გადატანილი ხალხი, რომელთათვის ვაქცინის კლინიკური კუთხით ეფექტურობა ნულთან ახლოა (ნუ ავურევთ კლინიკურ ეფექტურობას, ლაბორატორიულ პირობებში ანტისხეულის გაზრდას ან უსიმპტომომო პაციენტებში PCR პოზიტიურობის რისკს), და სულ ბოლო კვლევით ისრაელიდან, 13-ჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ინფექციის გადატანით გამომუშავებული იმუნიტეტი ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტთან შედარებით. რა გამართლება აქვს ამ ხალხის აცრას და მათში ვაქცინის გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდას ყოველგვარი სარგებლის გარეშე? ამას არანაირი სამეცნიერო საფუძველი აღარ გააჩნია. ეს საკითხი შეიძლება განხილულიყო 6 თვის წინ, როდესაც იყო ილუზიები ვაქცინით გამომუშავებულ პოპულაციურ იმუნიტეტზე და პანდემიის დამარცხებაზე, მაგრამ დღეს ეს ილუზიები დაიმსხვრა (პრინციპში სრულიად მოსალოდნელად და პროგნოზირებულად).

აპელირება იმაზე, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს თანაბრად აქვს, მაგრამ ვაქცინირებულები 2-3 დღით ადრე წყვეტენ გამოყოფას და ამის გამო ისინი ნაკლებ გადამდებად შეიძლება ჩაითვალონ, მე დავუპირისპირებ საწინააღმდეგო არგუმენტს - ვაქცინირებულებში უსიმპტომო მიმდინარეობა უფრო ხშირია და შესაბამისად ეპიდემიოლოგიურად ისინი უფრო საშიშები არიან სხვათათვის. ასე რომ იძულებითი ვაქცინაცია არამეცნიერული და ამორალური მოვლენაა.

კალიების მაგალითს რაც შეეხება, მე მგონი ძალიან მარტივად აღსაქმელია მანდ საქმის ვითარება, ბუნებრივი გადარჩევა იწვევს ფოთოლის მწვანე ფერთან ნაკლებად შეხამებული ინდივიდების განადგურებას ფრინველებისაგან და რჩება ყველაზე უფრო შეგუებული გარემოსთან ინდივიდები - მწვანე ფერის კალიები. ეს მაგალითი მოვიტანე იმიტომ, რომ რეზისტენტული შტამის ჩამოყალიბებას იწვევს სწორედ სელექციური ევოლუციური ზეწოლა - კალიების შემთხვევაში ფრინველი რომელიც ადვილად არჩევს სხვა ფერის კალიას და ვერ ხედავს მწვანეს, ხოლო კორონავირუსის შემთხვევაში სპაიკ-სპეციფიური ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალიზებენ მგრძნობიარე ვარიანტებს მაგრამ ვერაფერს ვნებენ რეზისტენტულს, და შესაბამისად ვირუსის გადარჩენა ხდება რეზისტენტული შტამის სელექციის მიმართულებით. სწორედ მასიური, ვიწროდ სელექციური, უნიფორმული ევოლუციური ზეწოლა სპაიკ სპეციფიკური ანტისხეულებით წარმოადგენს რეზისტენტული შტამების სელექციის და შემდგომში ქვე-სელექციის მამოძრავებელ ძალას. სხვათა შორის, კალიების მაგალითი ჩემი მოგონილი არ არის, უბრალოდ საილუსტრაციოდ გამახსენდა სტუდენტობისას ბიოლოგიის ინგლისურ წიგნში წაკითხული მაგალითი.

აი ბოლო შენიშვნა კი ცოტა უსამართლოა და მე მგონი არ ღირდა საინტერესო სამეცნიერო აზრთა გაცვლა-გამოცვლის მაღალი თამასის მკვეთრად დადაბლება. ჯერ ერთი, სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური საჯარო განცხადებაა და დადებული პირობაა რომ მანდატორული არ გახდება ვაქცინაცია, და არანაირი საფუძველი სხვანაირად ფიქრისა არ გვაქვს. რომც გამხდარიყო, მინდა გითხრათ, რომ იმდენად გადაღლილი ვარ, დიდი სიამოვნებით შევწყვეტდი რამდენიმე თვით ჩემს პროფესიულ საქმიანობას და როდესაც გარდაუვალად, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, განქარდება ამ ვაქცინის მოკრძალებული ხიბლი და ილუზია, დავუბრუნდებოდი სამუშაოს.

ასე რომ თქვენი ეჭვები ჩემს პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ჩემს პაციენტებთან მე ეს გულახდილი საუბარი მუდამ მქონდა და ახლა არ დამიწყია. ხოლო საჯაროდ გამოსვლას ვერიდებოდი, რადგან არ ვარ საჯარო პირი ცხოვრების ამ ეტაპზე და პასუხისმგებლობა მაკისრია ჩემს პაციენტებზე მხოლოდ. მე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება მაიძულა იმ უსამართლობამ, რაც ხდება დღეს ზოგიერთი ბიზნესის, სამედიცინო დაწესებულების, საჯარო სამსახურის მიერ. ეს არის უკანონო ქმედებები, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების და პირადად პრემიერის პოზიციასთან.

მიკავშირდებოდნენ მეგობრები, ნაცნობები, ძალიან ბევრი კოლეგა, ჩემი პაციენტები - მათი ნაწილი ტიროდა და მთხოვდა რჩევას და თანაგრძნობას. აი ამ უნამუსობამ და უსამართლობამ მაიძულა ეს. ხოლო რაც შეეხება თქვენს მიერ ფაშისტურად მოხსენიებულ სურათს, ვიმედოვნებ რომ კარგად ვერ დაათვალიერეთ. ეს სურათი არის ანტიფაშისტური მანიფესტი და წარმოადგენს თანაგრძნობის და სოლიდარობის სიმბოლოს თავგანწირვის ფასად.

კვლავ ერთხელ, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და მუდმივ მზადყოფნას ნებისმიერი კუთხით თანამშრომლობისათვის.“- წერს გიორგი კანდელაკი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„ჩალიჩობენ“, რომ რამენაირად შეაშინონ ის, ვინც ერთხელ არის აცრილი, რომ მეორე დოზა აღარ გაიკეთონ“ - რას წერს ბაკურ სვანიძე

🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან