აკა სინჯიკაშვილი, რომელიც 2 დღის წინ თბილისში უმწეო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალის დახმარების მიზნით ინფორმაციას აქვეყნებდა, დღეს წერს, რომ უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქალი გარდაიცვალა. სინჯიკაშვილი წერს, რომ ამ ტრაგედიაში თავისი წილი პასუხისმგებლობა მთელ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს მიუძღვის.
„საშინელი ამბავი მაქვს, ბოდიშს ვიხდი. ქალაქის ცენტრში, ნაგვიან, გაყინულ სარდაფში ნაპოვნი ქალი გარდაიცვალა. ყველასგან მიტოვებული და ყველას გულგრილობის გამო. ვნახეთ, თუ არა, იმწამსვე გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ორი დღე იბრძოლა და ვერ გაუძლო რამდენიმეთვიანი შიმშილით და ტანჯვით განადგურებულმა ორგანიზმმა.
ორი კვირით ადრე რომ მეპოვა, ცოცხალი იქნებოდა და თავისთვის ვერ მიპატიებია. მთელი ეზოსი, უბნის, ქალაქის და ქვეყნის ბრალია ამ ქალის სიკვდილი. ჩვენი, ყველასი, რომ ყურადღება არ გამოვიჩინეთ არავინ. თავის დროზე ვერ მივხედეთ, რომ ადამიანი არ გარდაცვლილიყო კანალიზაციის ნარჩენებში.
შეგროვილი ფულით, დაკრძალვის ხარჯებს გადავიხდით. დარჩენილით, ბებოს სახელზე სხვას დავეხმარებით.
გადმოვასვენეთ საპანაშვიდე დარბაზში - მახათას აღმართი # 55. ღამეს გავუთევთ და ხვალ დავკრძალავთ.
თუ ვინმეს მოგინდეთ და შეძლოთ, მოდით. ჭირისუფლები ჩვენ დაგხვდებით - ბიჭები. ბებო კი სამოთხეში გაფრინდა, იმიტომ, რომ ჯოჯოხეთი უკვე გაიარა დედამიწაზე. როგორ მეგონა რომ გადარჩებოდა რამხელა იმედი გვქონდა. ვერ შევძელით“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ასტროლოგი: წალენჯიხასთან სავიზო რეჟიმი ამოქმედდება
🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს
🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“