
ფსიქოლოგი, მაია ცირამუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვაქცინის თავიდან მასაც ეშინოდა.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, მან ბევრი კვლევა ჩაიტარა მანამდე, სანამ ვაქცინას გაიკეთებდა.
„მეც მეშინოდა ვაქცინის. საიდუმლო ფაილში ლამის ანდერძი დავწერე. ბევრი ვიფიქრე ამ შიშზე და მივხვდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია უნდა მიმეღო. გავიკეთე ანალიზები - სულ რომ არ მჭირდებოდა თურმე. დავუკავშირდი ნანა გეგეჭკორს და ისე დამაჯერებლად ამიხსნა „ფაიზერის“ მოქმედების მექანიზმი, ბევრი აღარ მიფიქრია. მე ვენდობი კომპეტენტურ და კეთილსინდისიერ ექიმებს. ვაქცინაციის დღეს საგულდაგულოდ დავალაგე სახლი ვიფიქრე, მერე თავი არ მექნება. სიცხე ამიწევს, სუსტად ვიქნები მეთქი.
კლინიკაში გამომყვა ქმარი. ასაცრელად ისე შევედი, თითქოს განაჩენს ველოდი. ინფორმირებულობის, თავდაჯერებულობის მიუხედავად მაინც მიტევდა ირაციონალური აზრები, რომლებსაც უბრალოდ ვუღიმოდი ან ენას ვუყოფდი - ბავშვებმა რომ იციან ისე - მეტი დარდი არ მაქვს შენ გამაფუჭო-მეთქი!
აცრიდან 45 წუთის შემდეგ მივხვდი რა ამაო იყო ეს შფოთვა, ჩემს თანამშრომელ ანას გადავხედე და აგვიტყდა სიცილი - „ამიზა დევიზაფრეთ?!“
არანაირი რეაქცია არ მქონია. ორივე დოზის შემდეგ თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი, ეგაა რო რაღაც უფრო ღრმად და მშვიდად მეძინა.
როცა გარეთ თავსხმაა. წვიმს. შენ კი გრძელ, ფართხუნა ჟოლოსფერ საწვიმარს შემოიცმევ, ფეხს უზარმაზარ ბოტებში ჩაყოფ, ზედ გვირილები რო ახატია და ასე გადიხარ გარეთ! შანსი არაა გაილუმპო.
მეტიც, შენი ბოტებით დიდ გუბეებშიც თამამად გაივლი. შეიძლება სადღაც მაინც შემოგეპაროს წვიმა. ოდნავ, სულ ოდნავ…
ჩემთვის ესაა ვაქცინა - წვიმაში თამამად სიარული. ეს წვიმაც ხომ გადაიღებს?! ასე ხომ არ იქნება სულ?“- წერს ცირამუა.
აგრეთვე წაიკითხეთ: