ჟურნალისტი, ანანო ლებანიძე 8 აგვისტოს ომის პერიოდს სოციალურ ქსელში იხსენებს. ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამო, მას და ბებიას სოფლის დატოვება მოუწიათ.
,,გაისისთვის“ გადანახული ზაფხული. ერთი, ორი, სამი... საქანელაზე თვალდახუჭული მივექანები და თითებზე დღეებს ვითვლი. ცოტაღა დარჩა, გრძელი არდადეგები დასრულდება და მონატრებულ ქალაქს დავუბრუნდები. ბებო იქვე ახლოს ,,ჯორკოზე“ ჩამომჯდარა და ახლად დაკრეფილ ლობიოს არჩევს. ,,სწყინს“ ჩემი ხმამაღალი ფიქრი და ხუმრობანარევი ხმით მეპასუხება- ,,ნეტავ სად გაგექცევა ეგ თბილისი“. ქსნის ხეობაში - აი იქ, ნაცნობ ადგილებს ე.წ. გამშვები პუნქტი თუ ბლოკ-პოსტები რომ გვაშორებს, პატარა სოფელია უცნაური სახელით ,,ბოლი“. დასაწყისშივე, ქვიან შარაგზას რომ აუყვები, მარჯვნივ პატარა ორღობეა, ორღობის ბოლოს ორსართულიანი სახლი პატარა ხეხილის ბაღით. ერთ დროს ამ სახლის აივანზე ჩამომჯდარ ბებოს თვალი რაიონიდან მომავალ გრძელ გზაზე ეჭირა და გულისფანცქალით დედაქალაქიდან ,,დაჩნიკებს“ გველოდა. ზაფხულის თაკარა მზიანი ლოდინები ყოველთვის ბედნიერად სრულდებოდა, ჟრიამულით ავსებული სახლი მის რუტინულ დღეებს ახალისებდა. თვითონაც არ იყო აქაურობის მუდმივი ბინადარი, გამოზამთრება ქალაქში უწევდა, მაგრამ სოფელს არაფერი ერჩია და გაზაფხულიც იმიტომ უყვარდა, რომ ნაცნობ გზას დასდგმოდა. ყოველ წელს ახალი გეგმა ჰქონდა, რას დაგვახვედრებდა საზაფხულოდ. ხან სახლს შეავლებდა ხელს, ამისთვის ქალაქში ,,გადახვეწილ“ პაპას საგანგებოდ დაიბარებდა სოფლად, ხან გოჭს დაზრდიდა, ქათმებს მოასუქებდა, ბოსტანს გადაასხვაფერებდა... ,,გაისად“- ასე იწყებდა დაპირებების გაცემას და მათ ყოველთვის შესრულებულ გეგმებს მოაყოლებდა ხოლმე.
ბოლო წლებში ხეხილთან ერთად, კაკლის ნერგებიც ჩაყარა და შვილიშვილების სახელები დაარქვა. იმ წელს პირველ მოსავალსაც აიღებდა, რომ არა ცხელი, სისხლიანი აგვისტო და შეცვლილი რეალობა. რუსებს აქაურობასთან რა ხელი აქვთო, არ იტეხდა იხტიბარს და ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან. ბოლოს წამოსვლა მასაც მოუწია. მოდიოდა და ფიქრობდა, როგორ იქნებოდა მარტო დარჩენილი კარ-მიდამო მომავალი წლის შეუსრულებელი გეგმებით. მას შემდეგ აღარ ყოფილა ,,გაისისთვის“ გადანახული ზაფხულები... აღარც ბებოა, აღარც ბავშვობა და ის გზაც სულ უფრო შორია, ზაფხულობით მონატრებულ სოფლამდე რომ მიმიყვანს.
13 წელი... ნეტავ რა ხდება აგვისტოს ცხელ დღეებში იმ სახლებთან, იმ ახლადდარგულ ხეებთან, დიდი ხნით შეჩერებულ საქანელებთან და ერთდროს ბებოების თვალებით მომზირალ აივნებთან, ადამიანების გარეშე",- წერს ანანო ლებანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს
23 მაღალჩინოსანი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს სამშობლო დატოვა