ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფანჯიკიძის დასკვნით, მმართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა სუსტი პიროვნული ღერძის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისმგებლობას გაურბიან.
„არ გამოვიყენებ ფსიქოლოგიურ ტერმინებს, ხალხურად ვიტყვი - სუსტი პიროვნული ღერძის მქონე ადამიანებს, ელემენტარული პასუხისმგებლობის ზიდვა არ შეუძლიათ. არც თავიანთ სიტყვაზე, არც საქციელზე. თვითრეფლექსიის ეშინიათ, საკუთარი თავის დადანაშაულების, რომ მერე დასკვნის გამოტანის არ ეშინოდეთ, გამოსწორების მცდელობის არ ეშინოდეთ. სამწუხაროდ, უმეტესი პოლიტსპექტრი (და არამარტო პოლიტსპექტრი) ასეთი უღერძო პიროვნული განვითარებისაა.
ისხლიტავენ ყველაფერს და განრიდებითი ქცევა აქვთ ნებისმიერ, ოდნავ ჩიხურ სიტუაციაში. ჟურნალისტი ეკითხება დეპუტატებს, - გრძნობთ მომხდარზე პასუხისმგებლობას? - და დეპუტატები გარბიან, თქვენ „თავისუფალი მედია“ არ ხართო, თვითონ თავისუფლები იყვნენ თითქოს. მომხდარზე, რომელშიც არანაირი წვლილი არ მიმიძღვის, მეც კი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მეც მიჩნდება უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ, რომ საკმარისი გავლენის მოხდენა არ შემიძლია ზოგად ატმოსფეროზე, რომ სიყვარულის საკმარისი გავრცელების ძალა არა მაქვს, როცა მუხტი იკვრება და შეჯახება ახლოვდება და რანაირად, აი რანაირად არ ამბობენ სრული გულწრფელობით, გულგაგლეჯილები, რომ კი, ქლიავები ვართ, უღონოები, ვერ შევძელით და გვტკივა.
როგორ მინდა, განვითარებული ემოციური ტვინის და სააზროვნო ფუნქციების მქონე ხალხის მთავრობაში ყოფნას მოვესწრო, ეგოცენტრული ხალხის, რომელიც მთავარ ღერძად თვლის თავს, კარგი გაგებით და რაც ხდება, სჯერა, რომ მისი ბრალია.“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭეს
„წინასწარმეტყველება ახდება - დაწერილია, რომ რჩეულებიც კი ცდუნდებიან“