ალბათ, გახსოვთ, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის დედის, ლანა ნიკოლეიშვილის პოსტი სოციალური ქსელიდან. სადაც ის წერდა, რომ მზადაა დაეხმაროს სტუდენტ გოგოს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა და საცხოვრებელი ბინისა და თავის რჩენის საშუალება არ აქვს.
როგორც ლანა წერს, ამ პოსტის შემდეგ,მან ძალიან ბევრი შეტყობინება მიიღო, თანაც ერთმანეთზე მძიმე ისტორიებით.
ის მოქალაქეებს სთხოვს, იქნებ სხვებმაც გამოიჩინონ კეთილი ნება და დაეხმარონ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში.
„სულ რამდენიმე დღე გავიდა ჩემ მიერ დადებული ინიციატივისა და რა ვქნა აღარც ვიცი.
მწერენ ყოველ დღე სტუდენტი გოგონები ან მათი მშობლები. ყველას ოჯახური პირობები ერთმანეთზე უარესია.
რა კრიტერიუმით და რომელზე შევაჩერო არჩევანი, აღარ ვიცი. მინდა, ვიყო ობიექტური, მაგრამ როგორ? ძალიან ძნელია. დაახლოებით ათი ბავშვია ჯერჯერობით. იქნებ ვინმეს გადაედგა მსგავსი ნაბიჯი... ვიცი ბევრი უაღრესად კეთილი ქალბატონი ცხოვრობს მარტო. ბევრის ზრდასრული შვილები ცალკე ამჯობინებენ ცხოვრებას და ოთახი ან თუნდაც საწოლი ცარიელია. იქნებ სისულელედაც მითვლით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იქნებ სხვა ქვეყნებში თუ საკვებისთვის მაცივრებს დგამენ, ან ხილს ღობეებზე ტოვებენ, ან კაფეში მშიერი ადამიანებისთვის განსაზღვრული ფონდია და მოგვწონს ეს, ვამბობთ, აბა, ჩვენთან ამას ვინ იზამს, იქნებ ჩვენ სწავლაში შევუწყოთ ხელი მომავალ თაობას?
წერილებს ვერ ვდებ, სახელების დაფარვა არ ვიცი, მაგრამ თუ მენდობით შინაარსებს გაგაცნობთ:
1) ვარ 27 წლის პედაგოგი. ჩემი და მე გავზარდე. ვხატავ, ნახატებს ვყიდი და ისე ვეხმარები ოჯახს, რომელმაც შვილი (ბიჭი) დაკარგა, რის ფონზეც დედას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მამა ხანშიშესულია. ვიცი, დის სწავლის, ქირისა და რჩენის ფულს ვერ გადავიხდი. არადა სტუდენტი გახდა წელს. გთხოვთ.
2) ვცხოვრობთ საზღვრისპირა სოფელში. არ მინდოდა ჩემი შვილი სტუდენტი გამხდარიყო, მაგრამ გახდა. სწავლის თანხას გამგეობა გადაუხდის. ერთ ოთახში 7 სული ვართ. 1 წლის შვილი არაჯანმრთელია. ასევე ინვალიდი დედამთილი და მეუღლე მყავს. ნათესავებს აღარ ვუნდივართ. გთხოვთ.
3) მამით ობოლი. გახდა სტუდენტი. დედამ არ იცის რა გზა აირჩიოს. დატოვოს ოჯახი და გადაიხვეწოს საზღვარგარეთ თუ რა? გთხოვთ.
4) სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სოციალურად დაუცველია. სისხლი რამდენჯერმე ჩააბარა, მასწავლებლამდე რომ მისულიყო. გთხოვთ.
5) არ იცოდა რის იმედად წერდა უნივერსიტეტს თბილისში. ჩააბარა წარმატებით, მაგრამ არანაირი საშუალება ოჯახს არ აქვს. იმუშავებს, თავი რომ ირჩინოს. სად გაათიოს ღამე... გთხოვთ...
და ასე ყველა...
რა რთულ სიტუაციაში ვარ, თუ ხედავთ?
და კიდევ, ერთ-ერთ კომენტარად წავიკითხე ბრალდება ჩემზე „რაა გასაკვირი? სამსართულიან სახლში ცხოვრობს და უფასო დამხმარე სჭირდებაო“ ამას წერს კაცი და კაცია ამის მერე? საბედნიეროდ, რამდენიმე ბოღმა და ბოროტი გამოერია...
კარგის თქმა, ან ქმნა ვისაც არ შეუძლია, ცუდზე თავს მაინც შეიკავებდნენ..
იმედის თვალით რომ მელოდებიან, იმას რა ვუყო...“- წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ჩემს შვილებს თუ დაიტოვებს, არ ვარ წინააღმდეგი“ – ხატია სიჭინავა გიორგი ფხაკაძეს პასუხობს