თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გავრცელებულ ფარულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახლანდელს ადარებს. მინდიაშვილის აზრით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახლანდელისგან განსხვავებით თავიანთ შეცდომას ღირსეულად შეხვდნენ.
„ერთი უდიდესი მორალური და პოლიტიკური განსხვავება:
ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, მეორე დღესვე, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ, სხვებმა, აღიარეს ციხეში არსებული უმძიმესი პრობლემა, რომელიც დეტალურად იყო აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშებში, და ბოდიში მოიხადეს ამის გამო, სააკაშვილმა ამ აღიარების ნიშნად სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა მაშინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
აღიარება მოხდა იმის მიუხედავად, რომ გავრცელებული ჩანაწერების 90 პროცენტი გამიზნულად იყო ბედუკაძის მიერ დადგმული, და ეს მაშინ უკვე ყველამ იცოდა, რადგან აი, ამის მიუხედავად, ციხეში სისტემურ დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ამის შედეგი იყო ასევე სააკაშვილის მიერ არჩევნებში მარცხის ძალიან ღირსეული და აუცილებელი აღიარება, აღიარება იმის მიუხედავად, რომ ყველა კარგად ხვდებოდა, რა ელოდათ წინ ივანიშვილის ვერანი ხელისუფლება, ამ ნამდვილი კატასტროფის შემდეგ, ამ უბედურების შემდეგ, რომლიდანაც სახელმწიფოსთვის, უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების მსხვერპლი უამრავი უდანაშაულო ადამიანისთვის გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს, აი, ამის შედეგ ისევ ბედავს და შეურაცხყოფს ყველას:
ჩლუნგი პრემიერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ოპოზიციისა და მისი მომხრეების რეპრესიებს აანონსებენ, კი, ისინი ფაქტობრივად აღიარებენ დანაშაულს, მაგრამ, გამაოგნებელი აქ ისაა, რომ ბოდიშის, პატიების თხოვნის ნაცვლად, გაიძახიან: დიახ, ასე იმართება სახელმწიფო, დიახ, ყველას მოვუსმენთ, კახა კალაძე კი პირდაპირ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის მოსმენის აუცილებლობაზე ბოდავს.
იგივე შეიძლება ითქვას ეკლესიაზეც: იმის მაგივრად, რომ საპატრიარქომ ერთხელ და ფორმალურად მაინც წარმოთქვას უმთავრესი ქრისტიანული წინადადება: „შევცოდეთ და მოგვიტევეთ“, გაუთავებლად იმეორებს: „ეკლესიას ებრძვიან“, „პატრიარქს ებრძვიან“, „მტრები“, „მტრები“ „ყველგან მტრები“ - რაღა მტრები - დაღუპეთ ყველა და ყველაფერი, დააქციეთ ეს ქვეყანა“, - წერს ბექა მინდია მინდიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„საჭმლის დარიგების პროცესში სასიამოვნო არაფერია, გულს კლავს პირიქით ამდენი მშიერი ადამიანის ყურება“
🔵„კარგი იქნებოდა პოლიტიკური ბანერების მაგივრად პარტიებს, ეს სივრცე სხვა ტიპის ბანერებისთვის დაეთმოთ“