ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციასა და იმუნიზაციის პროცესზე სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ ტრაქტორისტმა და ფერმის მწველავმა ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა.
„ვისაც უნდა აცრა და თვლის, რომ აცრა იცავს - აიცრა.
ვისაც არ უნდა აცრა და სხვადასხვა მიზეზების გამო თავს იკავებს ან ებრძვის ამას - არ იცრება.
პროვაქსერები დასცინიან ანტივაქსერებს და პირიქით.
პროვაქსერებს სჯერათ, რომ ყოველდღე საქართველოში იმდენი ადამიანი იღუპება კოვიდისგან, რასაც აცხადებენ. ხოლო ანტივაქსერებს არ სჯერათ და თვლიან, რომ ეს რიცხვები გაყალბებულია.
რეალურად, ეს არის ჩვენი „გორდიას კვანძი“, რომლის გახსნა არავის შეუძლია და არც არავინ არის მაკედონელის მსგავსი, რომ ეს „კვანძი“ უბრალოდ გადაჭრას.
როგორც ბევრმა ჩვენგანმა, მეც წავიკითხე ისრაელში რეკანატის სახელობის გენეტიკის ცენტრის ექიმი-ლაბორანტის ნატო კიკაჩეიშვილის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ ისრაელში ახლახან ჩატარდა 92 ათასი ტესტირება და მხოლოდ 600 ახალი შემთხვევა იყო. გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი სამწუხაროდ აუცრელი იყო.
რეალურად, ისრაელი ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდა.
პროვაქსერებისთვის ეს არის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი, ხოლო ანტივაქსერები ამას რა თქმა უნდა, არ დაიჯერებენ და ინტერვიუს ჩათვლიან ფეიკად, ამ ექიმს მასონების მიერ მოსყიდულად და ა. შ.
ჩვენთან ყველამ მღვდელმა, პოლიტიკოსმა, ასტროლოგმა, რუსეთუმე მოძრაობის თვალებდაქაჩულმა ტიპმა, რომელსაც ჩოხა-მაისური აცვია, ტრაქტორისტმა და ფერმის მწველავმა ბევრად მეტი იციან, ვიდრე ექიმებმა.
კოვიდის იქამდე არ სჯერა ადამიანს, სანამ მის ოჯახში, მის სიახლოვეს ვინმეს არ იმსხვერპლებს და მაშინაც ის ექიმებს ან ღმერთს დაადანაშაულებს და იმ ... (არ ვიცი აქ რა სიტყვა გამოვიყენო) ქალივით ჩემს ფრენდს, რომელსაც მამა გარდაეცვალა, სამძიმრის ტექსტში გამაოგნებელ კომენტარად მიუწერდა: „სიკვდილი სჯობია ამ აცრას“.
როგორ უნდა დაეხმარო ასეთ ადამიანს?! ვერანაირად ვერ დაეხმარები. საქართველოს ხელისუფლება როგორც ბევრ საკითხში, აქაც დამარცხდა. უბრალოდ ჩაისვარა კოვიდის მართვის საქმეში, მაგრამ არაფერი ხდება წილხვედრში ისეთი, რაც შეიძლება სიახლე იყოს.
კოვიდის ვერ გააზრება, ვერ მართვა და ჩვენი ყოველდღიური გაჟუჟვა არის ჩვენი მრავალწახნაგოვანი დამახინჯებული ფსიქიკის ერთი წახნაგი. ასე რომ, ამასაც, ისევე როგორც დანარჩენს ტკივილით და სიკვდილით გამოვისყიდით.
გადახედეთ საქართველოს ბოლო 30 წლიან პერიოდს და ამაში დარწმუნდებით. ზემოდან გადმოვარდნილი ყველა აგური თავში დაგვეცა, უფრო სწორად თავი ოსტატურად შევუშვირეთ. დავდივართ წრეზე, გვტკივა, ვიტანჯებით, აგრესიაში ან დეპრესიაში ვვარდებით, მაგრამ არ გვინდა გაცნობიერება.
იმ დღეს პოსტში დავწერე ხევსურული მითის შესახებ და აღარ გავიმეორებ. ჩვენს წინ მოწამლული რძეა და ჩვენ ყველა ვსვამთ მას, სამწუხაროდ.
ყველა - ვინც აცნობიერებს და ვინც ვერ აცნობიერებს, რადგანაც ვინც აცნობიერებს ვერ ცვლის, ვერ ამბობს ამას, რადგან ჩვენ ყველა კოლექტიურ ეგრე გორში ვართ მოქცეული, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ჰქვია.
ეს იმას ჰგავს, ოჯახის ერთმა წევრმა სახლში მოკლე ჩართვა რომ მოახდინოს, მაგრამ შუქი ყველასთვის გაითიშება.
ასეა ეს.
გამოსავალი? დავწერე ზემოთ უკვე - ამასაც, ისევე როგორც დანარჩენს ტკივილით გამოვისყიდით", - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვინც არ იცრება, მათ მიმართ არის მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - გიორგი ფხაკაძე
🔵77 გარდაცვალება, 4446 ინფიცირება, 5 320 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში