Digest Logo

„ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!..“ - პეტრე კოლხი

1625566168
პეტრე კოლხი აქციაზე

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია 5 ივლისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სასულიერო პირი მომხდარით შეშფოთებულია  და არსებულ ვითარებას განიცდის.

კოლხი ხაზს უსვამს იმას, რომ ეკლესიის მხრიდან ძალადობა მისთვის მიუღებელია. ამასთან კოლხს არ სურს, რომ მომხდარის გამო, ქართული ეკლესიის განათლებული ნაწილი წავიდეს და ადამიანების სული ფანატიკოსებმა დაამახინჯონ.

„საკამათოდ არ ვამბობ, გული გამეხლიჩა…

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ეკლესიის რაღაც ნაწილმა ძალადობით და აგრესიით გადაწყვიტა ქრისტიანობის დაცვა…

არც ანალიზის გაკეთებას ვაპირებ და არც მტყუან-მართლის გამოძიებას…

არ მინდა ქართული ეკლესიის განათლებული ნაწილი წავიდეს და ფანატიკოსებმა ადამიანების სული ბოლომდე დაამახინჯონ…

ჩვენ ყველაზე რთულ პერიოდში ვიმყოფებით... ჩვენ უსახელოდ მივინავლებით, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა არასდროს შეეგუება ძალადობრივი გზით ნაქადაგებ ქრისტეს…

ახლა ძალიან მიჭირს… ჩემი მეგობარი ადგა და წავიდა… არა, ცოცხალია… უბრალოდ, ადგა და წავიდა…
ცალი ფრთა მომატყდა… ახლა ყოველი წუთი და უმნიშვნელო საუბარი მიტრიალებს ტვინში… დავცინოდი, ბოდვებს მოეშვი, სად წამსვლელი ხარ, მეთქი…

ბევრ რამეს ვერ გაუძლო… ვერც გაუძლებდა… მისი ცოდნის, განათლების, ინტელექტის და რწმენის საპირისპირო რელიგია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში…

არ მინდა ჯანსაღი ნაწილი დაიკარგოს…

ფაქიზი სულის ადამიანები ვერ გაუძლებენ ძალადობას, აგრესიას, მრისხანე სახეებს…

ის არ დაიკარგება… მე კი მის გარეშე ძალიან გამიჭირდება… ალბათ ვერც გავუძლებ!.. ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!..“ - წერს პეტრე კოლხი.

ცნობისთვის, 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.

მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: ნახეთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს

ჩემი შვილი კანკალებდა... კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ და შემომიცვივდნენ - სადარბაზო სისხლითაა მოსვრილი - ხათუნა მშვიდობაძე

„გუშინ ქართველმა ვაჟკაცებმა სცემეს... თვალები ქიმიური ხსნარით აქვს დამწვარი“ - ფოტო