ფოლკლორის ნიმუში, სიმღერა რომლის გაგონებაზეც „მხრების თამაშს“ ვერ აჩერებთ? სიმღერა, რომელიც რაჭველის გულს ალღვობს და რაჭის სურნელს ახსენებს... „ნამიოკობანას“ არ გეთამაშებით, ეს „ტაში ბიჭო გიორგუნაა“.
იცით, რომელი სიმღერაა? აი, ტყიბულის ბოლო „პერევალს“ რომ გადაივლი, შაორზე რომ „შედიხარ“ ყველა რაჭველი რომ ბოლო ხმაზე უსმენს და თან ჰყვება, ეგ სიმღერაა.
ჰოდა, დღეს სწორედ მისი ავტორისა და შემსრულებლის, ქორეოგრაფის, დათუნიკა სხირტლაძის პორტრეტს დაგიხატავთ.
დათუნიკას შესახებ ჟურნალისტებთან, მეუღლე, მზია ჯინჭარაძე საუბრობს.
დათუნიკა სხირტლაძე:
დავიბადე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანი ხალხის ოჯახში. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი იყო. მთელი ჩემი ბავშვობა სულ თეატრალურ გარემოცვაში გავატარე. ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენელი ჩვენს სახლში იყრიდა თავს. ამიტომ ხელოვნებისადმი სიყვარული პატარაობიდან ჩამენერგა.
მეუღლის, მზია ჯინჭარაძის მოგონება
დავითი ოცი წელი ელოდა შვილის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებას.
ეს სიხარული მისთვის მინდოდა. რომ გაიგო, ბიჭი უნდა დაბადებულიყო, შიშმა შეიპყრო: ნეტავ, ჩემი გული თუ გაუძლებს ამ სიხარულსო?!
ბედნიერებისგან დაფრინავდა და ამით ვიყავი ბედნიერი.
შემდეგ სასწაული მოხდა – მამა-შვილმა ადგილები გაცვალა. მამა წავიდა, პატარა კი ამქვეყანას მოევლინა.
მისი დაბადების სიხარული და ბედნიერება თავიდან ვერ აღვიქვი, მაგრამ უპირველესად, მინდა, რაჭას ვაჩუქო მეორე დავითი. პატარა ძალიან ჭკვიანია. თითქოს გრძნობს, რომ მამა არ დახვდა ამქვეყნად. ხვდება, რომ დიდი მისია დამეკისრა და თვითონ არ მაწუხებს.
სასწაულია, მიკვირს, რომ ვერაფერი ვიგრძენი და არც გარდაცვალების შემდეგ ვგრძნობ რამე ზებუნებრივს. ალბათ, იმიტომ რომ, გონებაში დღემდე არ შევუშვი დავითის გარდაცვალების ამბავი.
ის ხშირად დადიოდა მივლინებებში და ჩემი ცნობიერება თითქოს დღემდე ასე ხსნის მის არყოფნას.
ბოლო წუთები
დავითი რაჭაში კულტურის ცენტრის დირექტორი იყო, 28-ში კონცერტი ჰქონდა და შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, სთხოვეს, რომ 30-ში სამთავრობო კონცერტიც ჩაეტარებინა. ვეუბნებოდი: უთხარი, შვილს რომ ელოდები და წამოდი-მეთქი, მაგრამ უარის თქმა არ შეეძლო და დარჩა.
ამიტომ, გადავწყვიტე, ჩამეკითხა მისთვის მოულოდნელად. ძალიან უყვარდა, ახალ წელს ბუხარში ცეცხლი რომ გიზგიზებდა და ვიფიქრე, ბუხარში ცეცხლს დავახვედრებდი და ოცწლიანი ლოდინის შემდეგ, პირველად დავლევდით სადღეგრძელოს, როგორც დედა და მამა.
რაჭაში რომ ჩავედი, უკვე გვიანი იყო და კონცერტზე მისვლა ვეღარ მოვასწარი. რვის ნახევარზე დამირეკა:
მზიკო, ახლა კონცერტს დავამთავრებ და მალე მოვალო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ერთ საათში დამირეკეს, დავითი ცუდადაოო.
ვიფიქრე, უბრალოდ, წნევამ აუწია-მეთქი, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივედი, იქ ტრაგედია დამხვდა. მეუბნებიან, რომ სცენაზე გარდაიცვალაო.
თუმცა, იმ კადრების ნახვა არ შემიძლია. განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუთხე. ნაქერალას რომ გადმოლახავდა, მანქანას გააჩერებდა, მიწას ჰკოცნიდა და ამბობდა:
ეჰეჰეი, ჩემო რაჭა, შენ ხარ ჩემი შვეიცარია და საფრანგეთიო. სოფელში დაბრუნდა და მისი შემხედვარე ბევრი აკეთებდა იგივეს. დილით ვენახს საკუთარი ხელით წამლავდა, მერე დაიბანდა და საღამოს გერმანიასა და საფრანგეთში მიფრინავდა.
ამბობდა: თევდორიკას შვილიშვილო, ახლა გერმანიაში უნდა გაიტანო საქართველოს სახელიო. აფრიკაში ჰქონდა კონცერტი. ვფიქრობდი, რით გავაკვირვებ აფრიკელებს, მაგრამ გავგიჟდი, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ყველა აფრიკელი ცეკვავდა და „ქართველი ჯეკსონი“ დამარქვესო.
ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, გადაწყვეტილი მქონდა, მონასტერში წავსულიყავი მონაზვნად, მაგრამ ახლა უფლება არ მაქვს ეს გზა ავირჩიო, რადგან პატარა უნდა გავზარდო.
დავითის ნაკვალევს, მის სახლ-კარს, ვენახებს, ვერ გავანადგურებ.
სცენაზე გარდაცვალება
დათუნიკა სხირტლაძე 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოცი წლის ნანატრ ვაჟს ელოდებოდა და ეტყობა, მისმა გულმა ამდენს ვერ გაუძლო. მაყურებელს თავი დაუკრა, მადლობა გადაუხადა, მაგრამ თავი ვეღარ აწია. რაჭველებს ვუთხარი: მან არა მარტო რაჭული ცეკვა, გულიც გაჩუქათ სცენაზე-მეთქი.
ნამდვილი ხელოვანის ნატვრაა, რომ სული სცენაზე დალიოს, მაგრამ მისთვის ეს ნაადრევი იყო. ამიტომ, უსამართლობაა. ზუსტად იმ დროს, როცა მისი ცხედარი სახლის ზღურბლთან იყო და საკუთარ ოჯახს ემშვიდობებოდა, დაიბადა მისი ბიჭი და ეზოში პატარა ბავშვის ტირილის ხმა გაისმა. პატარა დავით-თევდორე მამის დაკრძალვის დღეს მოევლინა ქვეყანას.
ეს სასწაული სცენა იყო, სიკვდილ-სიცოცხლე ერთმანეთს შეეჯახა და გამახსენდა დათუნიკას ლექსი: „სიკვდილო, ახლა ხომ ვართ მე და შენ ბარიბარსაო“.
სუროგაცია
პირველი ხუთი წელი ვცდილობდით, ბიოლოგიური გზით გაგვეჩინა შვილი. მკურნალობის კურსები გავიარეთ, მაგრამ უშედეგოდ.
დათუნიკას საყვედური არასდროს უთქვამს. ძალიან ღვთისმოშიში იყო და უფალს არ შევეწინააღმდეგოთო, სულ ამას მეუბნებოდა.
მეც ღვთისმოშიში ვარ, ჩემი მოძღვარი მყავს. წლების წინ მოვინდომე ხელოვნური ჩასახვისთვის მიმემართა, მაგრამ ეკლესია წინააღმდეგი წავიდა და ამიტომ თავი შევიკავე.
შემდეგ ასაკის გამო ვეღარ გავბედე ამის გაკეთება და საბოლოოდ, სუროგაციის გზას მივმართე. მაგრამ, ჩემს მამაოს არ ვუთხარი, რადგან ვიცოდი, ამიკრძალავდა.
მე კი არ მინდოდა, რომ დათუნიკას ჯიში ნაშიერის გარეშე დარჩენილიყო. რაჭიდან ამ საქმისთვის რომ წამოვედი, ღმერთს შევთხოვე: უფალო, თუ ინებებ, ამ კაცის ნაშიერი გაჩნდეს, ხელი შემიწყვე, თუ ვცოდავ, ან ფეხი მომტეხე, ან ხელი-მეთქი. უფალი ყველაფერში დამეხმარა და ბიჭი გვაჩუქა, საუბედუროდ, ამას მამამისი ვერ მოესწრო.
პატრიარქის ვიზიტი
პატრიარქი ჩვენ გვსტუმრობდა რაჭაში და მისი სატრაპეზოს თამადა ყოველთვის დავითი იყო. დათუნიკას უთხრა, ბედნიერი ვარ ასეთი ქართველი რომ გავიცანიო და კისერზე მოეფერა.
დათუნიკას პატრიარქის იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა, რომ ამის შემდეგ, ერთი თვე არ დაუბანია. ვეუბნებოდი, უთხარი პატრიარქს ჩვენი გაჭირვების შესახებ და იქნებ დაგვეხმაროს-მეთქი. ამხელა კაცს ამით ვერ შევაწუხებო, ამბობდა.
მაგრამ მე, ნახევრად კოლხს, რა მომათმენინებდა. თბილისში რომ ჩამოვედი, საპატრიარქოში შევედი, პატრიარქს შევხვდი და ბავშვის შვილად აყვანის საქმეში დახმარება ვთხოვე. მიყურა და მითხრა: მე როგორც ვხედავ, ორივე ცოლ-ქმარი უფალს უყვარხართ, ამიტომ მას მიენდეთო და დამლოცა.
იმ დღიდან ერთ თვეში მივიღე ეს გადაწყვეტილება. ბავშვს რომ ველოდით, დაახლოებით ოცი დღით, ადრე რაჭის მეუფესთან მივედით ორივე ცოლ-ქმარი და აღსარება ვუთხარით.
მეუფემ გვითხრა, რომ გველოცა. მაშინ პირველად თქვა დავითმა, რომ სიბერეში ბერად აღკვეცა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი წინაპრებიც ბერები იყვნენ და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დავითის სახით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დიდი ბერი დადიოდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
სექსშოპის მენეჯერობა, ქორწინება ნაადრევ ასაკში, შვილის გამო დაწუნებული - ნინო ლეჟავას უცნობი ამბები
VIDEO: „ფეჩზე“ მომზადებული სუპი და „გაშეშობანას“ თამაში - შორენა ბეგაშვილის ერთი დღე
„ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ - ამბები სტალინის პიროვნების უკეთ გასაცნობად