Digest Logo

26-წლიანი თანაცხოვრება, 1 თვეში მოყვანილი ცოლი, გავლენიანი მამის შვილობა და მუქარები ადვოკატის მიმართ - მიხეილ რამიშვილის უცნობი ამბები

1619441009
რამიშვილი

ცნობილი ადვოკატი და მუსიკოსი - მიხეილ რამიშვილი თბილისის კოლორიტის,  მრავალი სიმღერის ავტორის, ოთარ რამიშვილის ვაჟია.

ის თამარ ბაჩალიაშვილის და გიორგი მამალაძის ადვოკატი იყო. გახმაურებული საადვოკატო საქმეებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მარტივად მოექცა.

 

26 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ რამიშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

„დაიჯესტი“ ამ სტატიაში სწორედ მიხეილ რამიშვილის ცხოვრების შესახებ მოგიყვებათ და გაგაცნობთ, როგორია ცნობილი ადვოკატის პირადი ცხოვრება.

ოჯახი

ოთარ რამიშვილის ვაჟი, მიხეილ რამიშვილი თავადაც ხელოვანია - მამასავით ლექსებსაც წერს და მუსიკასაც, თუმცა პროფესიად იურისტობა აირჩია. ამბობს, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას წააწყდა, რის გამოც გადაწყვიტა იმ ადამიანთა უფლებებზე ეზრუნა, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და თავს ვერ იცავდნენ.

„ჩემი თავი 3 წლის ასაკიდან მახსოვს. მახსოვს, მამა როგორ მასწავლიდა გიტარაზე დაკვრას. მამასთან ყველაფერზე ვლაპარაკობდი. ყმაწვილკაცობის ასაკი რომ გაქვს, რაღაცებს მალავ. ისეთ გარემოს გიქმნიდა, დასამალი აღარაფერი გრჩებოდა. მასთან მივდიოდი, თუ რამე მაწუხებდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდები მამებთან კი არა, უფროს მეგობრებთან მიდიან დახმარების სათხოვნელად. ოთარი ისე აკეთებდა, ასეთ მომენტებში უფროს მეგობრად რომ მიგეჩნია. კი ვიცოდი, რომ მამაჩემი იყო, მაგრამ მაშინ მამასთან კი არა, როგორც ჩემს უფროს ძმაკაცთან, ისე მივდიოდი. ძმაკაცურად მირჩევდა რამეს, მამასავით კი არ დამტუქსავდა და ყურს ამიწევდა ხოლმე... საყვედურს მეტყოდა, თუ რამე არასწორად მქონდა გაგებული, ჭკუას მარიგებდა და რჩევას მაძლევდა. როგორც მამა, ჩემთვის მაგალითი იყო, “- ამბობს მიხეილ რამიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ოთარ რამიშვილის შვილობა ძალიან რთულია, მაგრამ ამაყიც ვარ ამით. 90-იანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ არასოდეს გვისარგებლია ცუდად მამის სახელით, პირიქით, ბევრჯერ დამიმალავს, ვისი შვილი ვარ,“- ამბობს რამიშვილი.

პროფესია

ამ ხელოვან კაცს იურისტობა რატომღა მოგინდათ?

იმიტომ, რომ გარშემო ბევრ უსამართლობას ვხედავდი. ძალოვანი სტრუქტურები თუ ცალკეული პიროვნებები უსამართლოდ ექცეოდნენ ადამიანებს და სულ ვიბრძოდი, რომ სამართლიანობა დამეცვა და არ დასჯილიყო ის, ვინც უდანაშაულო იყო, მაგრამ რიგითი მოქალაქე ვიყავი და ამას ვერ ვახერხებდი. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ყველაფრის რეალიზაცია გამეკეთებინა.

- პირადად ხომ არ შეგეხოთ რაიმე უსამართლობა?

პირადად იმდენად არ მეხებოდა, მაგრამ ჩემს გარემოცვაში ასეთი უამრავი იყო. საშუალებას არავის ვაძლევდი, რომ უსამართლოდ შემხებოდა. დაჩაგრულს რომ ვნახავდი - უსამართლოდ რომ ვიღაცას დაიჭერდნენ და ციხეში უშვებდნენ, ვბრაზდებოდი, მაგრამ როცა სტატუსი არ გაქვს, არაფერი შეგიძლია. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ადვოკატი გავმხდარიყავი.

მეუღლე და შვილები

სიყვარულით შექმნილი მყარი და ძლიერი ოჯახი აქვს ეს მისთვის უმაღლესი ფასეულობაა. დაძაბული პროფესიული საქმიანობის მიუხედავად, მუდმივად ცდილობს, ოჯახში სიმშვიდე და კომფორტი იყოს.

მიხეილ რამიშვილის მეუღლე - მაია იორამაშვილიც მუსიკოსია, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მსახიობი, მევიოლინეა. ის საიმედო მეგობარი და განსაკუთრებული მრჩეველია თავისი ქმრისთვის.

მათი სიყვარული 26 წლის ოჯახურმა თანაცხოვრებამ კი არ გატეხა, არამედ გამოაწრთო. ორი საამაყო შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, ლიზა ჩელოზე უკრავს, წარმატებით აგრძელებს ოჯახის მუსიკალურ ტრადიციას, მისი სახელი მსოფლიოს მისწვდა. უმცროსი შვილი, ლუკა კი ახალგაზრდებს შორის წარმატებული სპორტსმენია კალათბურთელი და მოფარიკავე.

მიხეილ რამიშვილმა საყვარელი ქალი კონსერვატორიაში იპოვა და გაცნობიდან 1 თვეში ცოლადაც მოიყვანა.

„კონსერვატორიას ვამთავრებდი, გამოცდების პერიოდში შევედი აუდიტორიაში, სადაც ჩემი კურსელები იყვნენ შეკრებილი. ვხედავ, ლამაზი გოგონა ცეკვავს. დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე და ვინაობა ვიკითხე. ჩემი თანაკურსელის მეგობარი აღმოჩნდა, ისიც კონსერვატორიის სტუდენტი, 3 წლით ჩემზე უმცროსი. კონსერვატორიაში ბევრთან ვმეგობრობდი, მაიკოს კი მანამდე არსად შევხვედრილვარ.

კურსის ბანკეტი რომ დაიგეგმა, თანაკურსელს ვუთხარი, ბანკეტზე არ მოვალ, თუ იმ შენს მეგობარ გოგონას არ მოიყვან-მეთქი. დაპატიჟეს. ასე გავიცანი მაიკო. მერე შევხვდი, ვურეკავდი, რამდენჯერმე სახლში ვესტუმრე, ჩემს ოჯახსაც გავაცანი. ერთმანეთი ისე შეგვიყვარდა, რომ გაცნობიდან ერთ თვეში გავიპარეთ,“- ამბობს მიხეილ რამიშვილი.

2020 წელს, თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებული საქმის დროს, რამიშვილის თქმით, მას ემუქრებოდნენ.

„რამდენჯერმე ძალიან გაუგებარი ნომრებიდან დამირეკეს: არ გიყვარს ოჯახი? რას იქექები, დაეტიეო. "მწვანე" თუ არ აქვთ ანთებული, ამდენს ვერ გაბედავენ. ბინძური სიტყვებით ილანძღებიან. დამირეკეს ისრაელიდანაც და ამერიკიდანაც სერიოზულმა პირებმა. პირდაპირ მითხრეს, ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი,“- ამბობს ადვოკატი ერთ-ერთ ინტერვიუში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტრაგედია პოლიტიკოსის ცხოვრებაში, 13-წლიანი ქორწინება, რუსი მეუღლე და 3 შვილი - კახა კუჭავას ცხოვრება პოლიტიკის მიღმა

27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე