19 წლის ლაშა მაზანაშვილი საზოგადოებამ ლექსებით გაიცნო და სულ მალე „ინტერნეტ-ვარსკვლავიც“ გახდა. მის წაკითხულ ლექსებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. დღეს სწორედ მის ეპატაჟურ ცხოვრებაზე მოგიყვებით...
პოეზია
13 წლიდან ვწერ ლექსებს. თავიდან, უფრო გატაცება იყო. შემდეგ გამოვაქვეყნე პირველი ლექსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეც გავაგრძელე. პირველად რომ გამოვაქვეყნე, ვნერვიულობდი. დიდი კრიტიკაც იყო, ავღელდი, ავფორიაქდი და შემდეგ დავლაგდი.
მივხვდი, არ უნდა გავჩერებულიყავი. ახლა ჩემ მიმართ იმხელა კრიტიკაა, მგონი, საქართველოში არავისზე, თან ახალგაზრდაზე, ამხელა კრიტიკა არ არის, მაგრამ არ ვაპირებ გაჩერებას. კრიტიკა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი, უფრო კარგი, გავაკეთო.
ის ლექსები, რომლებიც „ფეისბუკზე“ განვათავსე, არ არის ისეთი, რომ ისტორიას დარჩეს. ჯერ მინდოდა, ისეთი ლექსები დამეწერა, რომლითაც ხალხს მოვიზიდავდი. თუნდაც, გავეკრიტიკებინე, ჩემზე ელაპარაკათ. ჯერ მასა მოვიზიდე და ახლა ხარისხზე ვიზრუნებ, იმაზე, რასაც ნამდვილი პოეზია ჰქვია. რასაც ვწერდი და დამიწერია რამდენიმე ლექსის გარდა, არ იყო ხარისხიანი და ღირებული.
ეპატაჟი
ბუნებით საერთოდ არ ვარ ისეთი, როგორსაც ხალხი მხედავს. ვთამაშობ იმ როლს, რომელიც მოვირგე. პერსონაჟი გამოვიგონე, რომელიც ხალხს რაღაცებს დაანახვებს. ჩემი პერსონაჟი ცდილობს, ხალხს მიუთითოს თავის ცუდ მხარეებზე, უკეთესობისკენ უბიძგოს. ხანდახან მომწონს ჩემი პერსონაჟი, ხანდახან არა – ხალხს იწვევს ხოლმე. მაგრამ, ესეც საჭიროა ყურადღების მისაქცევად.
ესემესებს არ ვკითხულობ. ერთი-ორჯერ გადავიკითხე და ისეთი საზიზღრობები იყო, გოგონას რომ არ შეშვენის – რაღაცის შემოთავაზებები, სექსი, მაგალითად. მერე გადადიხარ მის „ფეისბუქ-გვერდზე“ და ნორმალური გოგოა. ასეთი გოგოები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოები არიან. ჩემზე ზედმეტად რომ აფანატებენ, ასეთი გოგონებიც არ მომწონს.
ჭორები
7 000 ლარად შეფასებული საკუთარი „ჟაკეტი“
ეს ჟურნალისტებმა მოიგონეს. ხანდახან მეც ვეხმარები მათ ამ კუთხით, მაგრამ ჟაკეტზე არ დავხმარებივარ – არ გამიყიდია. ერთ საათში დაახლოებით მთელმა საქართველომ იცოდა, გაზიარებული ჰქონდა, შოკი იყო. კიდევ ერთი ნიუსი იყო, თითქოს, ხალხს ჩემთან სელფის გადაღება ავუკრძალე. ამასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
ბილეთის ღირებულება 645 ლარი
ესეც მოიგონეს. უფასოა ხოლმე. თუ მინდა, დავადებ 645 ლარს, მაგრამ არავინ მოვა, მხოლოდ მე ვიჯდები. ჟურნალისტებმა იციან, რომ ჩემი რაღაც სიახლის გამო მათ საიტზე მილიონობით ადამიანი გადავა. ჭკვიანები არიან.
ფანჯრიდან გადახტომა
2018 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა მაზანაშვილი ფანჯრიდან გადახტა. ამას თავად პოეტი ეწინააღმდეგებოდა და აღნიშნა, რომ ჭორი იყო. „მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“,- განაცხადა მედიასთან საუბრისას მაზანაშვილმა.
გალაკტიონთან „შეჯიბრი“
სოციალური ქსელში აქტიური ახალგაზრდა პოეტი ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ლაშა მაზანაშვილი ლექსის ტექსტში ჰყვება, ახლა თავად არის მეფე და ის ერთის მხრივ გალაკტიონის შემოქმედებას უპირისპირდება.