Digest Logo

9-წლიანი პატიმრობა, 2 ქორწინება, ქუჩა, მარიხუანა და ლექსები - ცოტა რამ კოტე ყუბანეიშვილზე

1611562060
პოეტი კოტე ყუბანეიშვილი

პოეტი კოტე ყუბანეიშვილი საბჭოთა დროის პატიმარი იყო, შემდგომ ირაკლი ჩარკვიანთან ერთად რეაქტიული კლუბი დააფუძნა. ლექსის წერამდე მის ცხოვრებაში იყო ქუჩა თავისი სასტიკი წესებით, ჩხუბი, მკვლელობა და 9-წლიანი პატიმრობა. 

ამბობს, რომ კითხვამ გადაარჩინა. იმასაც ამბობს, ციხემ დიდი გამოცდილება და ბევრი ცხოვრებისეული რამ მომცაო.


კოტე ყუბანეიშვილი - მივხვდი რომ საკუთარი თავი თავად უნდა დამეცვა

მე რომ დავიბადე, სტალინი ცოცხალი იყო, რაღაცებს ჩურჩულებდნენ, ჩუმად ანეკდოტებს ყვებოდნენ. პატარა ვიყავი, როდესაც მამაჩემი ინგლისში წავიდა, ერთი წლით გააგზავნეს, სამოციან წლებში რეკლამებისა და ასეთი რამეების შესასწავლად – აქ ახალი შემოსული იყო. მამამ კარგი ტანსაცმელი ჩამომიტანა ლონდონიდან და ვიღაც ქუჩის ბიჭებს ხან „ნასკის“ გახდა უნდოდათ, ხან – რა... მივხვდი, რომ დედაჩემი და მამაჩემი ვერ დამიცავდნენ და ამან გამაძველბიჭა.

ქუჩის წესები და კოტე ყუბანეიშვილი - „ჩხუბის გამო პატივს გცემდნენ“

გოგოებს, როგორც ამბობენ, მოვწონდი. ხშირად ვერ ვხვდებოდი, რატომ მოვწონდი. საერთოდ, მაგ დროს ჩხუბი მოდაში იყო, ვიღაც ამისთვის პატივს გცემდა, ვიღაც სხვანაირად შეგხედავდა, გოგოს მოეწონებოდი, იქ ვიღაცას დაიცავდი. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი რაინდული სულისკვეთებით იწყება. გოგოს გამო ბევრჯერ მიჩხუბია, ბევრჯერ შევრცხვენილვარ... მამაკაცური ჰორმონები თავში რომ გირტყამს, იმ დროს ბევრი სისულელე გამიკეთებია, ამის მაგივრად ჯობდა, სხვა რამისთვის დამეთმო დრო – ბევრი მეკითხა, ბერძნული მესწავლა, ლათინური ან იტალიური კითხვა... ახლა საცერივით მაქვს ტვინი და აღარ მიჩერდება, ორასჯერ უნდა წავიკითხო, რომ ერთი კუპლეტი დამამხსოვრდეს. მახსოვს, უნივერსიტეტში გოგოს გამო ვიჩხუბეთ, ვიღაცამ ფეხი წამოჰკრა, ტალახში ჩავარდა და მისმა მეგობრებმაც ტაში დაუკრეს და მორჩა ჩხუბი. გადავრჩი დაჭრებს და უაზრო ჩხუბებს, გამიმართლა. ხშირად ასე არ ხდება, ზოგჯერ, სულ რომ არ ელოდები, შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს... ხალივით არის, რომ მოიფხან და გგონია, რომ არაფერია და კიბოდ გადაიზრდება, ამ დროს შეიძლება, ტყვია მოგხვდეს და ისე გადარჩე, მეორე დღეს სახლში გამოგიშვან. ბედია... ბედი და შემთხვევა ერთმანეთს ემთხვევა. ჩემთან რაც მოხდა, ყველაფერი ბედისწერით მოხდა.

პატიმრობა - „ციხემ ბევრი რამე მომცა“...

ცუდი რაღაცები შემემთხვა... 19 წლის ასაკში აღმოვჩნდი ციხეში და ცხრა წელი სასჯელი მოვიხადე. ჩხუბის დროს აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი მოვკალი, ერთი დავჭერი, რაც მეორე დღეს გავიგე. იმ დღის შემდეგ მე სანამ არ მოვკვდი, მანამდე ვკვდებოდი. საშინელება მოხდა, მის მერე თავში დანა მომხვდა, ძაღლმა ყური მომაჭამა და მინდა, რომ სულ მოვინანიო, ლექსების წერაც ამასთან არის დაკავშირებული. მაგის შემდეგ, 40 წლის ასაკში, ძლივს მოვიცალე ლექსების დასაწერად.

მაშინ კომუნისტების ციხე იყო, ყველა ერთად ვიყავით შეყრილი. ციხეში საწერად სად მეცალა, რაღაცებს კი ვიმახსოვრებდი... როდესაც ინტენსიურია შთაბეჭდილება, მაშინ საწერად არ გცალია. წერას მაშნ იწყებ როგორც კი შთაბეჭდილებას უკვე განიცდი. ციხეში რომ წერ, კამერას ვინც უყურებს იმას უნდა ანახო, ყველაფერი კონტროლდება, ყველა დაგსდევს – ციხეა... იქ რომ მოახერხებ რაღაცის ჩაწერას, ესე იგი, მართლა მაგარი ხარ. ან 19 წლისას რა უნდა დამეწერა, არაფერი ვიცოდი, ჯერ ცხოვრება უნდა ისწავლო. ადრე, კომუნისტების დროს, მიაჩნდათ, რომ ციხეში ისხდნენ ნაძირლები, ვინც ვერ აუწყო დროს ფეხი, თუმცა, იმ დროსაც ბევრი დისიდენტი და განათლებული ადამიანი მოხვდა ციხეში. შევარდნაძემ ნახევარი საქართველო დაიჭირა, ყველა იქ იყო, ყველამ თითო აგური დავდეთ... ციხეში ყოფნამ ბევრი რამ მომცა. ასაკის განცდა დამირღვია, 19 წლის ბიჭს შემეძლო 70 წლის კაცთან მემეგობრა და 14 წლის ბავშვთანაც. ეს მომცა ციხემ, რომ ბაბუაჩემის ტოლ ხალხთან ვიჯექი, ჩემი ძმაკაცის მამასთან ერთად და მისი ძმაკაცი უფრო ვარ. მივსულვარ ძმაკაცის სახლში. მე და მამამისი ვსვამდით, ის მიჭახუნებდა ჭიქას. ჩემი ძმაკაცი კი, როგორც შვილი, ისე იჯდა ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა...

დაოჯახება


ციხიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს მოსკოვში ვცხოვრობდი... ამერიკაში მინდოდა წასვლა, ვეღარ წავედი და 1982 წელს ცოლი მოვიყვანე. ტყუპები გამიჩნდა. პირველი ცოლი ძალიან კარგი მყავდა – თამრიკო მიქაძე, ჩემი ეპატაჟური გამოსვლები, ჩემი პლანის წევა ნერვებს უშლიდა, ცოტა ვარცხვენდი...

მერე მეორე ცოლი – ნანა ვიპოვე, რომელსაც უფრო მოეწონა ჩემი ლექსები, ამყვა, უფრო ბევრი საერთო გვაქვს, ინგლისურმა ენამ და წიგნების კითხვამ გადამარჩინა.

პოეტობას რომ გადაწყვეტ, ესე იგი, დაწყევლილი ხარ...

ყველაზე რთული პერიოდი იყო, სანამ ოჯახი მექნებოდა, პოეტობას რომ გადაწყვეტ, ესე იგი, დაწყევლილი ხარ და უნდა შეეგუო ამას. შენ უნდა მოყვე ისეთი რაღაც, რაც სხვამ ვერ გაბედა; ის განცდა ისე უნდა გადმოსცე, რომ კათარზისი განაცდევინო ადამიანს სულში; ისეთი რაღაც უნდა მოუყვე, რომ ის განცდილი თვითონ არ განიცადა, იმიტომ რომ შეეშინდა და შენ უნდა განაცდევინო. შენ იმის თაროზე გინდა ყველაზე კარგი ადგილი? პუშკინი და დოსტოევსკი უნდა გადადოს გვერდზე და დაგდოს შენ და რა უნდა დაწერო ამისთანა? რა უნდა მომიყვეს მე ტიპმა, რომელიც არ მჯდარა ციხეში, ცხოვრებაში არ უჩხუბია, ყველაფრისთვის არ გაუძლია და არ განუცდია და ბოლოს არ გაურისკია და არ დაუდვია? ეს ყველაფერი უნდა გამოსცადო და თუ ამ ყველაფერს გაუძლებ, მაშინ ხარ ადამიანი. თუ არაფრისთვის გაგიძლია, თავიდანვე მდიდრის ოჯახში დაიბადე, პირველივე გამოცდაზე გამოჩნდება, რა დეგენერატიც ხარ. მე ჩემს ლექსებს სიზმრად ვნახულობ, რასაც ჩემი შემოქმედებით ვამბობ, წლების შემდეგ ყველაფერი ხდება, ნაწინასწარმეტყველები მაქვს.

ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის მეგობრობა


მე და ირაკლი ისევ ინგლისურმა შეგვახვედრა. მერე პოეზიაზე გადავედით ორივე – ირაკლი ლექსებს წერდა, ეს მაჩვენა, ამან მე აღმაგზნო. მერე მეც მომინდა, გადავწყვიტეთ, რომ ერთად გაგვეკეთებინა რაღაც. ირაკლიმ დაიჩემა „რეაქტიული კლუბი“, მე მინდოდა „რადიოაქტიული კლუბი“, რადგან რადიოში მქონდა გადაცემა, მანქანაში ძალიან ბევრი ხალხი უსმენდა ამ ლექსებს რადიოში. მე დავდიოდი, იმიტომ რომ ირაკლი სახლის კაცი იყო უფრო, მასთან დადიოდნენ ევგენიძე და მუსიკოსები, უკრავდნენ, მუსიკალურ ჰიტებს და სიმღერებს აკეთებდნენ. თბილისში მე ბევრ ხალხს ვიცნობდი და ჩემგან გასაკვირი იყო, ეს ნაციხარი ლექსებზე რომ გადაირია. მერე ირაკლისთან უფრო წესიერ ხალხს ვხვდებოდი, ამით ვისარგებლე, გამოფენებზე დავდიოდი, ვიღაცებს ვხვდებოდი, იმათთვის ჩემი ლექსები შემეძლო წამეკითხა. კარგი დრო იყო, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი...

კოტე და მარიხუანა


კარგი „პლანის“ დამთესავი, არის ჩემი ნათესავი, – მეტი რა ვთქვა... იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე აქციაზე მისულებმა. აქციაზე დადიან ისინი, ვისაც „პლანი“ საერთოდ არ აქვთ, უბრალოდ, რაღაც ორგანიზაციები აფინანსებენ. 12-13 წლიდან სულ მქონდა „მარიხუანასთან“ ურთიერთობა, ცუდადაც გავმხდარვარ, მაგრამ სულ ვიცი, რომ ეგ ჩემი ბალახია, „მარიხუანა“ ჩემი ღვთაებაა. პატარა ვიყავი, 12 წლის, ერთმა უფროსმა ბიჭმა, ზოოპარკში „მარიხუანა“ მომაწევინა და უცებ ჩემ თვალწინ გარემო პირდაპირ გაცოცხლდა, ყვავილი დავინახე, ხე, ბუნება, ჩემ თვალწინ ყველაფერმა ხმა ამოიღო, ფერები მიიღო, გარშემო – პეპლები და მივხვდი, რომ მანამდე მეძინა, თან, შინაგანი კომფორტი ვიგრძენი, ის მთლიანობა, რაც ბუნებას აერთიანებს და მივხვდი, რომ მე ერთადერთი, ისეთი მარტო და მიუსაფარი არ ვარ, ნაწილი ვარ ამ მთლიანობის და მას მერე ვარ „პლანის“ მძებნელი. სხვათა შორის, „მარიხუანის“ გამო არასდროს დავუჭერივარ, დამინდო ღმერთმა. „უმარიხუანოდ“ ერთი სიტყვა არ დამიწერია, შენ უნდა იყო კარგად და ეს შენი კარგად ყოფნა მკითხველს უნდა გადასცე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

„სამშობლოს მოღალატის“ შვილზე ქორწინება ედუარდისთვის დამღუპველი იყო თუმცა შევარდნაძემ უკან არ დაიახია... - ცოტა რამ ნანული შევარდნაძე-ცაგარეიშვილზე