კოკა კობალაძეს ახალგაზრდები - პოეტად, წინა თაობა კი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ალექსანდრე კობალაძის შვილად იცნობს. თავად ამბობს, რომ ამ უკანასკნელი სტატუსისგან გათავისუფლებაში პირველი დაეხმარა. ენთუზიაზმით საუბრობს საკუთარ პოეზიაზე და მოუთმენლად ელოდება კრებულის გამოცემას.
პროფესიის, პირადი ცხოვრებისა და „ქურდის შვილობის“ შესახებ კოკა „დაიჯესტს“ ესაუბრა:
ლექსების წერა მხოლოდ თინეიჯერული გატაცება იყო თუ წერა შენი მოწოდებაა?
თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს უბრალო გატაცება იყო და საკუთარი მწუხარებისა თუ სიხარულის ლექსებით გადმოცემა ყველას შეეძლო, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ წერა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.
ინსპირაციას ყოველდღიურობაში ეძებ თუ მუზა თავად გპოულობს?
ინსპირაციას თავად ვქმნი, იმ შემთხვევაში, თუ თვითონ არ მიპოვა.
პროფესიულად რა ეტაპზე ხარ ახლა და რა გეგმები გაქვს?
ჩემი პირველი ლექსების კრებული გამოვიდა, უკვე მეყოლება პირველი „შვილი“ და უზომოდ ბედნიერი ვარ. პარალელურად რომანს ვწერ სახელწოდებით - „13 ქალი“. ვნახოთ რა გამოვა...
ბევრი გულშემატკივარი გყავს...
მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი და თითოეული მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვცდილობ იმედები არ გავუცრუო, თუმცა ამ ბოლო დროს იმდენად აქტიური აღარ ვარ, როგორც ადრე.
როგორი გოგონები მოგწონს და რა გიზიდავს ქალში ყველაზე მეტად?
კრიტერიუმები არ მაქვს, მაგრამ თუ მაინცდამაინც - მტკიცე ხასიათის უნდა იყოს ქალი, ინტერესი რომ გამიჩნდეს, ყველაზე მეტად მიზიდავს, როდესაც ზომიერ დისტანციას იჭერს, როცა რაღაცას თავისთვის იტოვებს და ბოლომდე „წასაკითხი“ არ ხდება.
ცნობილი ქურდის ოჯახში გაიზარდე. როგორ გახსენდება ბავშვობა? რამდენად მოახდინა „ქურდულმა სამყარომ“ გავლენა შენს ცხოვრებაზე?
ჩემი ბავშვობა ძალიან ფერადი და სიყვარულით სავსე მახსოვს, ოჯახის წევრები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ყველაფერი მქონოდა - სითბო, მზრუნველობა, სიყვარული, უსაფრთხოება და ასე შემდეგ... ყველაფერი, რაც ბავშვს სჭირდება. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და მქონდა ყოველთვის ჩემი არჩევანი, მიზნები და მისწრაფებები. ყოველთვის სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, პოეზია დამეხმარა არ ვყოფილიყავი „ქურდის შვილი“ და ვყოფილიყავი კოკა კობალაძე.
როგორი ურთიერთობა გქონდა მამასთან?
ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორიც ბევრ ერთად მცხოვრებ მამა-შვილს არ აქვს. ყოველთვის მაინტერესებდა მისი აზრი თუ შეხედულება ნებისმიერ საკითხზე. მანძილი ერთი მხრივ, თავის როლს ასრულებს და ართულებს ურთიერთობას, მაგრამ როცა დიდი სიყვარულია, მანძილიც არაფერია.
თავად რამდენად ერეოდა შენს აღზრდაში?
უფრო მეტად, პიროვნების ჩამოყალიბებაში მიუძღვის წვლილი, ვიდრე კარიერის. ჩემი აზრით, პიროვნება განსაზღვრავს პროფესიას და არა პროფესია პიროვნებას. ასე რომ, ეს საზოგადოების შესაფასებელი უფროა, ვიდრე ჩემი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ბუბა კიკაბიძე მოსკოვში „კანონიერი ქურდის“ რესტორანში მუშაობდა - რას ჰყვება ზაზა გაბედავა
🔵 ვინ არის 43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, რომელიც ბერად აღიკვეცა
🔵ქართველი კრიმინალები, რომლებიც ბოლო თვე-ნახევარში საზღვარგარეთ დააკავეს