ყველა ერს აქვს რაღაც „ნიშა“, რის გამოც, სხვა ქვეყანაში თავი არ გამოეყოფა (თუმცა ვყოფთ, თანაც როგორ!). სხვანაირად რომ ვთქვათ, არის რაღაცები, რის გამოც ეთნოსს თავი მთელ მსოფლიოში აქვს მოჭრილი. მაგალითად, „არაყში ჩათრობაზე“ რუსები გვახსენდება, ზღვარგადასულ გარყვნილებაზე - ფრანგები და ა.შ.
ჩვენ? ჰო... ჩვენ ცნობილი ქურდები ვართ. საზღვარგარეთ ქართველებს არა მხოლოდ უცხოელები, თავად ქართველებიც გაურბიან. თქვენც იცოდეთ, თუ გვეღირსება და საზღვარს კვლავ გადავკვეთთ, ერიდეთ ქართველებს - ეს გამოცდილი მოგზაურების #1 რჩევაა.
ახლა კი იმ კრიმინალების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ბოლო თვენახევარში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სხვა ქვეყანაში შესაშვები არ ვართ.
1 ნოემბერი: იტალიაში ქართველი კაცი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
იტალიის რეჯო კალაბრიის პოლიციამ პიაცას მოედანზე ქალზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.
დაზარალებულის თქმით, ბრალდებული მის დახრჩობას ცდილობდა, რა დროსაც თავს დაღწევა მოახერხა და შეშინებულმა პოლიციას მიმართა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე იტალიური მედია პორტალი ilreggino.it ავრცელებს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, შემთხვევაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი დააკავეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ექსპერტიზის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ქალბატონს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. კერძოდ, ყელის მიდამოში ნაკაწრებისა და სისხლჩაქცევების სახით.
4 ნოემბერი: უკრაინაში ზესტაფონელი „კანონიერი ქურდი“ „მაღალო“ დააკავეს
31 ოქტომბერს, კიევის გარეუბანში მდებარე აგარაკზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ქათამაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ავრცელებს.
46 წლის ქათამაძეს კრმინალურ წრეებში „მაღალოს“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ზესტაფონელი გახლავთ და „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“.
„რევაზ ქათამაძე უკრაინის მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას შეეცადა და ამ დროის განმავლობაში დანაშაულებრივი საქმიანობით იყო დაკავებული“, – ამბობს უკრაინის პოლიცია.
ქათამაძე უკრაინაში 2012 წელსაც ბიზნესმენის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმის გამო დააკავეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ მან 150 ათასი დოლარი მოიპარა.
ამჟამად ის, უცხო ქვეყნის და მოქალაქეობის არმქონე პირთა იზოლატორშია გადაყვანილი. ქათამაძის უკრაინიდან გაძევებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
7 ნოემბერი: საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც მღვდელი დაჭრა
საფრანგეთის ქალაქ ლიონის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელმაც ორი გასროლით ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი ნიკოლას კაკაველაკისი დაჭრა. მღვდელი ამჟამად მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება. მას ღვიძლი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ leparisien.fr იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, გიორგი პ-მ მღვდელს იმიტომ ესროლა, რომ მას და საკუთარ ცოლს შორის ინტიმურ ურთიერთობებზე ეჭვი გაუჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ დამნაშავემ იარაღი დამალა. დაკავებულმა თავისი ბრალი აღიარა.
მანამდე პოლიცია ეჭვობდა, რომ ლიონში მღვდელზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. იმ დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტი მოხდა, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
8 ნოემბერი: ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ სანდრიკა დააკავეს.
36 წლის ქურასბედიანს კრიმინალურ წრეებში „სანდრიკას“ სახელით იცნობენ. ბერძნული მედია, მას „მაფიის ერთ-ერთ ბოსად“ მოიხსენიებს.
ის „კანონიერ ქურდად“ 2004 წლის აგვისტოში 20 წლის ასაკში „მოინათლა“ კრიმინალური „გენერლების“ – შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის და ვაჟა ბიგანიშვილის მიერ.
სანდრო ქურასბედიანი გახლავთ ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ალეკო ქურასბედიანის, იგივე „წრიპას“ ბიძაშვილი.
ქურსაბედიანის დაკავება ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ევროპული ორდერით მოხდა.
დაკავებისას ქურსაბედიანს საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი, წიწაკის სპრეი და პისტოლეტი აღმოაჩნდა.
ის ესპანეთის მიერ ორგანიზებული დანაშაულის (თაღლითობა, ფულის გათეთრება) ბრალდებით იძებნებოდა.
კარგად ინფორმირებული ადგილობრივი წყაროების თანახმად, საბერძნეთში ამჟამად 100-ზე მეტი კანონიერი ქურდი ცხოვრობს.
აი, რას წერს პრესა მათ შესახებ:
„თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობის ზონა, თითოეული ხელმძღვანელობს „ოჯახს “და ჰყავს 10-დან 20-მდე დაქვემდებარებული. საერთო ჯამში, ეს არის ათასზე მეტი ადამიანისგან შემდგარი მთელი “არმია”.
მაფიის ჯგუფები აქტიურობენ ღამის კლუბებში ათენსა და სალონიკში.
ცნობილია, რომ იმავე უბანში, სადაც ჩვენი პუბლიკაციის ”გმირი” დააპატიმრეს, 2010 წელს გაიმართა შეხვედრა, სადაც „კანონიერმა ქურდებმა“ ხელი მოაწერეს ზავს და გავლენის სფეროები გადაინაწილეს საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში“.
16 ნოემბერი: ამსტერდამში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი კაცი დააკავეს
ამსტერდამის შიფოლის აეროპორტის თვითმფრინავში ასვლისას სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ქართველი კაცი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 32 წლის საქართველოს მოქალაქე, შიფოლის აეროპორტის გავლით მალტაში მიფრინავდა. სამართალდამცავებმა ის კარანტინში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ მან იცოდა თავისი დიაგნოზი. ამაზე მოწმობს კოვიდდადებითის საბუთი, რომელიც მას ჯიბეში უპოვეს.
ამ დროისათვის, ჩრდილოეთ ნიდერლანდების პოლიცია საქმის უფრო ღრმად გამოძიების პროცესშია, ქართველი კაცი კი, მათი პროკურატურის უფლებამოსილების ქვეშაა მოქცეული.
9 დეკემბერი: საქართველოში ძებნილი ე.წ. კანონიერი ქურდი გერმანიაში დააკავეს
46 წლის ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გიორგი (გია) გოგელიანი გერმანიის ქალაქ მიუნხენში დააკავეს.
როგორც ცნობილია, ბავარიის შტატის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგელიანი მიუნხენში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 30 დღის ვადაში ევროკავშირის ტერიტორიას დაატოვებინებენ.
არ არის გამორიცხული „კანონიერი ქურდი“ გერმანიამ საქართველოს გადმოსცეს, ვინაიდან ქართველ სამართალდამცველებს მასზე ძებნა აქვთ გამოცხადებული.
იმ შემთხვევაში თუ კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოში ჩამოიყვანენ, მას 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.
7 დეკემბერი: პრაღაში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა, მას 12-წლიანი პატიმრობა ელის
პრაღაში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა. შსს მადლობას უხდის მედიას და აღნიშნავს, რომ ბრალდებული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მივიდა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის პოლიცია ბაჩუკი ჯალაღონიას ეძებდა. საქართველოს მოქალაქე ერთ თვეზე მეტია მიმალვაში იმყოფებოდა. მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმას ედავებიან, რომელსაც მძიმე დაზიანებები მიაყენა.