Digest Logo

„ასეთია ქურდი კაცის ბედი“ - ობლობით დაჩაგრული და ქურდების „რჩეული“ ბიძინა კვერნაძის ცხოვრება

1611133057
ბიძინა კვერნაძე

„ასეთია ქურდი კაცის ბედი“.... ეს სიმღერა ხომ გახსოვს? რა თქმა უნდა გახსოვს და ტექსტიც ზეპირად იცი...

თუმცა, არამგონია იცოდე, რომ ამ მუსიკის შემქმნელი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძეა. არც მის ბედისწერაზე გეცოდინება.

ამ მუსისკის გაჟღერების შემდეგ მას ე.წ. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები ძღვენით აკითხავდნენ და ნებისმიერი სურვილის შესრულებას სთავაზობდნენ.

„ბევრი სპექტაკლი გამიფორმებია მუსიკალურად, დამიწერია სიმღერები ფილმებისთვის.

ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა...

მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე „ასეთია ქურდი კაცის ბედი”. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ?!.

მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს... რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო...

არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, – ვპასუხობდი.“ – იხსენებს ბიძინა კვერნაძე, რომლის მუსიკაც დღესაც პოპულარულია.

ბიოგრაფია

1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დავიბადე, მაგრამ ახლა იქ სახლი არა მაქვს. ერთმა მკითხა, სიღნაღში რად დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო და დედაჩემი იქ წაიყვანეს-მეთქი...

სინამდვილეში, იქ ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები. მამა პროვიზორად მუშაობდა სიღნაღის საავადმყოფოში... ახლა იქ ბოდბის დედათა მონასტერია, საბჭოთა დროს კი საავადმყოფო იყო.

დედა, ნინო ნადირაშვილი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მის მშობლებს უზარმაზარი სახლი ედგათ სოფელ მაჩხაანში.

1924 წელს პაპა დახვრიტეს, დედაჩემი და მისი ძმები დააპატიმრეს. პაპაჩემის სახლში შემდეგ ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი გახსნეს. ყველაფერი წაგვართვეს. მაშინ ხომ ხალხის დაჭერა „მებელიანად“ ხდებოდა... კახეთიდან მარტო კახური როხროხა ლაპარაკი და იუმორის გრძნობა გამომყვა, სხვა – არაფერი...

დედა მუსიკოსი იყო, გერმანიაში განათლებამიღებული. თურმე, სულ ოცნებობდა, კომპოზიტორი გავმხდარიყავი. 31 წლისა გარდაიცვალა. მე არ მახსოვს დედა... თითქოს ბუნდოვნად ვხედავ ვიღაც გარდაცვლილი ქალის სახეს, მაგრამ დედა იყო თუ არა, არ ვიცი...

დედა რომ არ მყავდა, ამის გამო ბევრჯერ მიტირია, გულჩათხრობილი ვიყავი... მწარეა ობლობა. სულ კახეთში კი არ ვიყავი, თბილისშიც ჩამოვდიოდი, ბიძაჩემთან – დედის ძმასთან, გიორგი ნადირაშვილთან. მოხდენილი და გონიერი კაცი იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ერთი ძაღლი მყავდა თბილისში – ბობიკა, ძალიან მიყვარდა.

ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, ბობიკაც სამ დღეში დარდით მოკვდა. თბილისში დამემართა მუცლის ტიფი და ძლივს გადამარჩინეს. სხვათა შორის, მე რომ ბიძამ თბილისში ჩამომიყვანა, მტკვარზე კუნძული იყო. სად წავიდა ის კუნძული, არ ვიცი... ეჰ, ეგრე გაქრა ბევრი რამე ძველი ცხოვრებიდან...

ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მათემატიკას ვერ ვსწავლობდი, სამაგიეროდ, ქართული და ისტორია მიყვარდა... ცოტას ვცუღლუტობდი კიდეც. ერთი-ორჯერ მთელი დღე კუთხეშიც კი მამყოფეს მასწავლებლებმა...

პირველი სიყვარულიც სკოლაში მეწვია. მახსოვს, საჩუქრები მიმქონდა იმ გოგოსთვის... 16 წლამდე მუსიკისა არაფერი ვიცოდი. სახლში პიანინო გვქონდა, ჩემი და მეცადინეობდა ხოლმე. მეც მივდიოდი პიანინოსთან, მაგრამ კი არ ვუკრავდი, ვაბარტყუნებდი...

ომი დასრულდა და სკოლაც დავამთავრე. ჯარში უნდა წავსულიყავი. ძალიან არ მინდოდა ჯარში წასვლა. გამოსავალიც მოვძებნე... ნიჭიერთა ათწლედთან გაიხსნა სკოლა-ინტერნატი „ხანდაზმული“ ბავშვებისთვის. მეც ხანდაზმული ვიყავი – 17 წლისა ვხდებოდი. მისაღებ გამოცდაზე მაგიდაზე დააკაკუნებდნენ და უნდა გაგემეორებინა, მე კი ვერ გავიმეორე. ყურადღებით არ ვიყავი ალბათ და იმიტომ...

ოთარ ხატიაშვილიც აბარებდა ჩემთან ერთად, მერე ის გენერალი გახდა. თავიდან ის მიიღეს და მე – არა. კიდევ კარგი, ბოლოს რაღაცნაირად მეც დამრთეს სწავლის ნება, თორემ ჯარში რომ წავსულიყავი...

მუსიკალურში რომ ვიყავი, რატომღაც გული ავიცრუე და თავს ვანებებდი. ჩემმა პედაგოგმა, ტერეზა არონიშიძემ სულ ძალით გამაჩერა. მაშინ ჯარში მიჰყავდათ ჩვენი თაობის ახალგაზრდები და მეც უკვე მინდოდა ჯარისკაცობა.

კიდევ კარგი, დამაკავეს, თორემ ახლა სადმე კარტოფილის გამფცქვნელი ვიქნებოდი...

მუსიკა რომ არა, სხვა რა უნდა მეკეთებინა? რაკი გაუწაფავი ვიყავი, იმდენს ვმეცადინეობდი დაკვრაში, ხელები გამიშეშდა, ახლაც ატროფირებული მაქვს ცალი ხელი მაშინდელი დიდი დატვირთვის გამო. სულ ვმუშაობდი.

სამი წელი ამოსუნთქვის დრო არ მქონია... აბა, ისე როგორ გინდა... ბიჭისგან გასაკვირია ასეთი შრომისმოყვარეობა? სულაც არა. აბა, ნიჭი რა არის? შრომისმოყვარეობა ნიჭიერების ნაწილია.

მუზაო, რომ იტყვიან... რა მუზა, რის მუზა! უნდა იჯდე და მუშაობდე და მაშინ მოგივა მუზაც და მაშინ მიაგნებ, რასაც ეძებ.

ერთხელ, მახსოვს, ინსტრუმენტი უნდა აგვერჩია, რომელზეც დავუკრავდით. ბავშვებმა ყველაფერი დაიტაცეს, როგორც ჩანს, კონტრაბასს ვერ მოერივნენ და რომ მივედი, მხოლოდ ისღა იდგა ოთახში... კონტრაბასი მერგო...

უშველებელი ყუთი იყო. კარგი პედაგოგი გვყავდა, მაგრამ ნახევარი ტონით მაღლა გვიწყობდა ინსტრუმენტს, ჩვენ ნახევარი ტონით დაბლა ვუკრავდით. რომ გამოვიდოდით კონცერტზე, იქ კიდევ ერთი ტონით დაბლა ვუკრავდით და ვიყავით არეულ-დარეული...

ისეთი ბზუილი გამქონდა, მეგონა, ბზიკები მეხვეოდნენ და მკბენდნენ. მერე კონტრაბასს მივანებე თავი და კომპოზიციაზე გავაგრძელე სწავლა.

კონსერვატორიაში ადვილად მიმიღეს. აბა რას იზამდნენ, კონტრაბასზე სხვა არავინ უკრავდა! მახსოვს, როგორ დავწერე პირველი ნაწარმოები, ნიჭიერთა ათწლედს რომ ვამთავრებდი. ეს იყო რომანსი ვაჟას ლექსზე. სხვათა შორის, ზურაბ ანჯაფარიძე დამინახავდა თუ არა, ამ რომანსს მიმღეროდა, ვეხვეწებოდი,
დაივიწყე-მეთქი.

ამ რომანსთან კიდევ ერთი ამბავია დაკავშირებული. ზურიკოს ვიცნობდი, როგორც კარგ ბიჭს, რუსთაველზე რომ დადიოდა, კარგი ხმა რომ ჰქონდა...

როცა დადგა საკითხი, რომ ვინმეს უნდა შეესრულებინა ჩემი რომანსი, მას ვთხოვე, მოსულიყო და ემღერა.

კონცერტს უსმენდნენ ანტონ ბალანჩივაძე, გრიგოლ კილაძე, იონა ტუსკია. ისე შეასრულა რომანსი, რომ ატყდა ერთი ამბავი, ეს ვინ მოიყვანე, აქამდე სად იყოო!

მე ვიღას ვახსოვდი, ყველა ზურიკოზე ლაპარაკობდა. იმ დღიდან დაიწყო მისი კარიერა. კონსერვატორია რომ დავამთავრე, ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დორიან კიტიამ დამიძახა თავისთან...

მერე მიშა თუმანიშვილმა გამაფორმებინა მუსიკალურად „ჭინჭრაქა“... ამ სპექტაკლზეც დიდი ამბავი ატყდა, ყველას მოსწონდა. სპექტაკლს სპექტაკლი მოჰყვა. მუსიკალურად გავაფორმე „ამბავი სიყვარულისა“, „თეთრი ბაირაღები“... და მერე კიდევ რამდენი! ასე წავიდა საქმე წინ... არაჩვეულებრივი მეგობრები მყავდა, ისინი რომ აღარ არიან, ჩემი გული თან წაიღეს...

უცნობი ამბავი

ჩემი მეგობარი პეტრე ბაგრატიონი იყო - უნიჭიერესი კაცი... ზოგჯერ ისე იქცეოდა, იფიქრებდი, გიჟიაო... ვეუბნებოდი, აფერისტი ხარ-მეთქი... რა ექნა, რაღაცნაირად ხომ უნდა გადაერჩინა თავი რეპრესიისგან. ერთხელ ნასვამები მოვდიოდით საიდანღაც. პეტრემ გვითხრა, წამოდით მამაჩემის საფლავზეო. წაგვიყვანა სვეტიცხოველში. ტაძარში ხელმოჭრილი კაცი იყო ყარაულად.

რომ გაიგო, მეფის შთამომავალი მიდიოდა მამის საფლავზე, უსიტყვოდ გაგვიღო კარი შუაღამისას. ვხედავთ, საფლავებს დიდი ქვები ადევს წარწერით. პეტრემ მამის საფლავი დაგვანახა... შავი მარმარილოს პატარა დაფა იყო. გამეღიმა:

ეს „ზაჟიგალკის“ ქვა რამ დაგადებინათ-მეთქი... იმ ცალხელა კაცმა რომ გაიგონა, გაგვიბრაზდა, ახლავე წადით აქედანო, გამოგვრეკა.

მახსოვს, პეტრეს მებრძოლი მამალი... გვეშინოდა იმ მამლის, ძაღლივით გლეჯდა ხალხს. მეზობლის ქათმებს ჭამდა... ერთხელ ერთი პოლკოვნიკი შესულა პეტრესთან, ეცა თურმე მხრებზე და პაგონები ააგლიჯა – „ჩამოაქვეითა“...

პაგონიან ხალხს განსაკუთრებით ვერ იტანდა, ბაგრატიონის მამალი იყო და ასე გამოხატავდა პროტესტს.

პეტრეს ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ფერებით წააქცია მამალი და დაკლა როგორც იქნა მერე ყვებოდა, მდუღარე წყალში რომ ჩავაგდეთ, ამოხტა და პეტრეს უთხრა, – ვის კლავთ, თქვენი დედა ვატირეო... მერე ქვაბში ჩავდეთ და ნოემბერში რომ ცეცხლზე დავადგით, დეკემბრის ბოლოს იყო მზადო. ასე იყო მამაძაღლი მამლის ამბავი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

ზაური დარინას ქორწილში იყო - ვისზე „გაცვალა“ სლოვაკმა დარინამ რაჭველი ზაური?

30-წლიანი ოჯახის დანგრევა, დაწუნებული სასიძო და ქალიშვილის დაბადებით გულნატკენი ვახტანგ ნინუას უცნობი ისტორიები