„შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“.... ალბათ, ფილმი გაგახსენდა, „რაჭა ჩემო სიყვარულო“... მართალია, მინდა დარინასა და ზაურის სიყვარულის იტორიის შესახებ გიამბო, რადგან ბევრს ეგონა, რომ გადასაღები მოედნის მიღმა რეალურად იწვოდა რაჭველი „ბიჭუნა“ სლოვაკი „ბოშუნას“ სიყვარულით.
ფილმში ზაურის როლის შემსრულებელს, ბადრი კაკაბაძესა და ანდრეა ჩუნდერლიკოვას, იგივე დარინას სიყვარულის ისტორია მხოლოდ ფირზე აღიბეჭდა და რეალურად ისინი ერთად არ იყვნენ.
როგორც კაკაბაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას იხსენებს, ჩუნდერლიკოვას საქმრო ჰყავდა და ფილმის დასრულებას ელოდა, რათა დაქორწინებულიყვნენ...
„დავამთავრეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა. ქორწილშიც ვიყავით… მან როკ-მუსიკოსთან, ჯგუფ „ოლიმპიკის“ გიტარისტ ლადისლავ კლეინთან იქორწინა. ჰყავს ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი. რა თქმა უნდა, იყო რაღაც სიმპათიები, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. ისე კი, როცა გადაღებები დამთავრდა, გული დამწყდა… მაშინ სხვა დრო იყო, ახლანდელივით ადვილი არ იყო წასვლა-წამოსვლა.
ვიცი, რომ ანდრეას თავისი ფირმა აქვს. მიხარია, რომ მაყურებელს ფილმი უყვარს და ახსოვს. მასში ისეთი თანავარსკვლავედი თამაშობდა, სხვანაირად შეუძლებელიცაა“,- ამბობს კაკაბაძე.
როგორც ცნობილია, ფილმის გამოსვლის შემდეგ დარინას როლის შემსრულებელზე, 24 წლის ანდრეა ჩუნდერლიკოვაზე ნახევარი საქართველო იყო შეყვარებული.
ჩეხეთში მიაჩნიათ, რომ ანდრეა ჩუნდერლიკოვას კინოში გადაღება რომ გაეგრძელებინა, ახლა ვარსკვლავი იქნებოდა, მაგრამ მსახიობმა მოულოდნელად საქმიანობის სფერო შეიცვალა და მენეჯერის პროფესია აირჩია.
2008 წელს მშვენიერი დარინა ბებია გახდა.
რაც შეეხება, ფილმის გადაღების შემდეგ დარინასა და ზაურის ურთიერთობას, კაკაბაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც უნახავს...
როგორც მსახიობი ამბობს, პირველი ქორწინებიდან ვაჟი ტატო შეეძინა, მისი მეუღლე კი მსახიობი, დარეჯან ჯოჯუა გახლდათ.
„3 შვილის მამა ვარ. უფროსი 40 წლისაა, დაოჯახებულია. გოგონა უნგრეთში ცხოვრობს. სიბერის შვილიც მყავს - 20 წლის ირაკლი.
ახალგაზრდობაში გიტარას ვუკრავდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, დარდიმანდული პერიოდებიც მქონია. ახლა დავბერდი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, გული არ ბერდება“,- ამბობს კაკაბაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია