ეპატაჟური გია ჯაჯანიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას 90-იანი წლებიდან ახერხებს. მას სამი ცოლი ჰყავდა. სამივე ოჯახი ისე დაენგრა რომ არა მხოლოდ თვითონ შეინარჩუნა ცოლებთან მეგობრული ურთიერთობა, არამედ მისი მისი ყოფილი მეუღლეებიც კი მეგობრობენ ერთმანეთთან.
ამას როგორ ახერხებს თვითონაც არ იცის, თუმცა ამბობს რომ მარტოობის არ ეშინია და ისეთი ხრიკები აქვს მოფიქრებული სიკვდილის წინაც კი მიუკაკუნებენ კარზე.
„პირველად ცოლი 17 წლის ასაკში, აბსოლუტურად გაუაზრებლადშევირთე – მომეწონა გოგო, რომელიც ცოლად მოვიყვანე. რატომ, რისთვის და რანაირად – ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, არ მიფიქრია იმ უღელზე, რასაც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება ჰქვია. სხვათა შორის, ჯვრისწერის შემდეგ გამოვედით და ჩემს ცოლს ვეუბნები: გავა წლები, ჩვენ რუსთაველზე შევხვდებით, ერთმანეთს გადავეხვევით და გკითხავ, როგორ არის ბავშვი-მეთქი? მაშინ გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ, 10 წლის შემდეგ, როცა მართლა შევხვდით რუსთაველზე სრულიად შემთხვევით, გადავეხვიეთ ერთმანეთს და შვილი მოვიკითხე, მაშინ საერთოდ გაოცდა და გამახსენა ის სიტყვები, რაც მე ჯვრისწერაზე ვუთხარი. ალბათ, ინტუიციით ვიგრძენი, რომ ასე მოხდებოდა.
ჩემი მეორე ცოლიც გაუცნობიერებლად მოვიყვანე, უფრო სწორად, გაცნობიერებული კი მქონდა, მაგრამ, მეგონა, რომ ეს ის იყო, ვინც მე მჭირდებოდა ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის, ბევრი საერთო გვქონდა, განათლებული ქალი იყო და კომფორტულად ვიყავი მასთან. რეალურად, ბოლომდე ასე იყო, არ მახსენდება არც ერთი დღე, რომ ერთი კონფლიქტი მაინც მოგვსვლოდა. ერთხელ თბილისში ჩამოვედი ერთი დღით, მაგრამ, სახლში დავბრუნდი ორი კვირის შემდეგ და, რომ დამინახა, იცი, რა მკითხა? – უი, მოხვედიო? თითქოს იქვე, პურზე ვიყავი გასული. თუმცა, მიუხედავად იდეალური ურთიერთობისა, მოხდა ისე, რომ დავშორდით, მაგრამ დავშორდით როგორც ცოლი და ქმარი, თორემ, მერეც გადასარევი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მე არ აღმოვჩნდი მყარი ასეთ ურთიერთობებში – მალე მეცვლება ხასიათი, გემოვნება, ხედვა და ასე შემდეგ და, მივედით ლოგიკურ დასასრულამდე. ავუხსენი, რომ შენ ჩემთვის ხარ ისევ ისეთივე საინტერესო, სასურველი ადამიანი, როგორიც იყავი, მაგრამ, ცოლქმრულ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებთ. ზემოწესრიგებული ქალი იყო, უგემრიელეს სადილებსაც ამზადებდა და ნორმალურ კაცს მეტი რა უნდა უნდოდეს ცხოვრებაში? აი, მესამე ცოლი კი კარტოფილს რომ შეწვავდა, ვერ გაიგებდი, რა იყო და რას ჭამდი, იმდენად არაფერი არ იცოდა...
არა მხოლოდ მე მაქვს ყოფილ ცოლებთან კარგი ურთიერთობა, ერთმანეთთანაც ძალიან კარგად არიან. უბრალოდ, მე ვარ მაგარი, რომ ეს წრე ისე შევკარი, დღემდე ერთი რგოლიც არ გახსნილა. ხუმრობა იქით იყოს და მე როცა ვარ ადამიანთან, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ბოლომდე მასთან ვარ, მაგრამ, როცა რაღაც მთავრდება, უკვე იმდენად მიცნობენ ჩემი პარტნიორები, რომ მიზეზების ძებნა აღარ სჭირდებათ – რატომ მოხდა, როდის და რა მომენტში. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება მოწმენდილ ცაზე – საღამოს სიყვარულს ვეფიცები და დილით ვუთხრა, აღარ მიყვარხარ- მეთქი. ამიტომაც არის, რომ ბოლომდე მეგობრებად ვრჩებით. ჩემი პირველი ცოლი ჩემმა მესამე ცოლმა თავის ფილმში დაასაქმა. არასოდეს არც ერთ ცოლს არ ახსოვს ჩემგან გალანძღული მათი წინამორბედი, ან ოდესმე რამე პრეტენზია გამომეხატა რომელიმეს მიმართ“, - ამბობს ჯაჯანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ ბიჭი შვილი არასოდეს უნდოდა. რაც შეეხება ურთიერთობებს, მისთვის ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები სავალდებულო ნათესაურ კავშირზე მაღლა დგას.
„ბიჭი შვილი არასოდეს მინდოდა. ყმაწვილკაცობაშიც კი ჩემს წარმოსახვაში ქალიშვილი ფიგურირებდა და ასეც მოხდა. შეიძლება, ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ვერ გამიგებდა. წარმოიდგინე, ახლა უცბად მომინდა, რომ გავიპარსო წარბები, ახლა ავდგები, გადავიპარსავ და, ხვალ ჩემი ბიჭი რომ დამინახავდა ქუჩაში, წარმოიდგინე, რა შოკში ჩავარდებოდა. ან, თუნდაც, უყურებდეს იმ ყველაფერს, როგორც დღეს მე ვიქცევი – ამას ხომ ვერც ერთი ბიჭი ვერ გამიგებდა? შეყვარებულთან ერთად რუსთაველზე რომ მისეირნობს ამაყად და, უცებ, მამამისი თავზე ლახანკადადებული ხვდება ქუჩაში... (იცინის). დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს გოგოებისტისაც უხერხულია, მაგრამ, ქალის ფსიქიკა მაინც სხვანაირად არის მოწყობილი, ბიჭისთვის კი ეს, შეიძლება ტრაგედიის ტოლფასი იყოს.
მამაჩემი რომ ჩემნაირი ყოფილიყო შეიძლება ბევრ რამეზე დამწყვეტოდა გული... ჩემი სიძეები ალბათ, ფიქრობენ, ცოტა ვერ არის კარგადო (იცინის). ჩემთვის ადამიანური ურთიერთობებია მთავარი და არა ნათესაური კავშირები. არ მაინტერესებს ვინ სიძეა და ვინ – ბიძაშვილი, მთავარია, ადამიანი იყო, კარგი დამოკიდებულება, რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა გვქონდეს და რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა? განცდა მაქვს, რომ მე ვარ ადამიანი და ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები – სხვა მეტი აბსოლუტურად არაფერი არ მაინტერესებს. შეიძლება, ვიღაცისთვის ცუდია, მაგრამ, ჩემთვის კარგია – გათავისუფლებული ვარ ამ ოფიციალური სავალდებულო და ტრადიციული ნათესაური მოვალეობებისგან.
არასოდეს შემშინებია სიმარტოვის. მე მარტო უფრო კარგად ვართობ ჩემს თავს, ვიდრე ხალხის გარემოცვაში ვერთობი. ისეთი ხრიკები მაქვს მოფიქრებული, სიკვდილის წინაც მომიკაკუნებენ კარზე და მარტოს არ ამომხდება სული. მე ხომ ყოვლისშემძლე ვარ? ამიტომ, არც ერთი წუთით არ მიფიქრია, ვაიმე, წლების მერე რა მეშველება-მეთქი“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები
Video: საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება“ რთულია - მიშა მესხის სკანდალები