„აბეზარა“ (ბუბუსია), „ბაში-აჩუკი“ (ფატმანი), „თოჯინები იცინიან“ (ალისა), რა საერთო აქვს ამ ფილმებს? ამ ფილმებში მსახიობი მარინე თბილელი, მონაწილეობს, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ბევრი რაც არ იცის.
უნიჭიერესი მსახიობი თავს ლამაზადაც არ თვლიდა...
„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე… მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ ალბათ ჩემზე, ლამაზიაო…“
ფსევდონიმი
თბილელი ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. ამ მხრივ მისი „ნათლია“ აკაკი ვასაძე იყო. მარინეს დედა ორჯერ ყოფილა გათხოვილი: პირველი ქმარი გვარად დამბროვსკი ჰყავდა, თბილისელი პოლონელი, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონია და იქ ცხოვრობდნენ. ეს კაცი იმფორინდელი ვირუსით ესპანური გრიპით იგივე „ისპანკით“გარდაცვლილა.
მარინეს დედა ლამაზი, თანაც მდიდარი ქალი იყო. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული ექიმი ჩასულა, სომეხი კაცი, რომელსაც იმდენი მოუხერხებია, რომ ეს ლამაზი და მდიდარი ქალი ცოლად მოუყვანია.
ცოტა ხანში ოჯახი თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად, სადაც ექიმი მალე ტვინის ანთებით გარდაცვლილა.
მარინე ამ დროს 6-7 წლის იყო. სხვათა შორის, იგი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, როგორც მისი უფროსი და-ძმა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.
ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის დროს, აკაკი ვასაძე მიუბრუნდა თურმე მარინეს და უთხრა: მარინე, ამიერიდან შენ იქნები თბილელიო და მას მერე თეატრალური ფსევდონიმი შემორჩა.
„მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის“, – წერდა აკაკი ვასაძე.
შემთხვევითი შეხვედრა
როგორც თავად იხსენებდა, ერთ დღეს სწორედ ვორონცოვზე, ქუჩაში მიმავალი გააჩერა ვიღაც კაცმა და ჰკითხა, სად სწავლობო? მარინე მაშინ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. პასუხი რომ მიუღია, უთქვამს, არ შეგიძლიათ კინოსტუდიაში გამოიაროთო? ეს კაცი პირველი ქართული კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი სამსონ სულაკაური აღმოჩნდა. სწორედ ამ შემთხვევითმა შეხვედრამ განაპირობა მარინეს შემდგომი ბედი: იგი მივიდა კინოსტუდიაში, ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და მალე კინომსახიობთა სკოლაში ჩაირიცხა. შემდეგ ეს სასწავლებელი თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთდა და მარინემაც განაგრძო სწავლა.
„15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, – იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე, სასწავლებელში რომ ესწავლა.
პირველი ქორწინება
მარინე თბილელი აკაკი ვასაძის რძალი გახდა. მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, გოგი ვასაძე იყო, რომელთანაც მას ბიჭი შეეძინა. ბავშვს პაპის სახელი დაარქვეს. მარინე ოჯახური კონფლიქტის გამო წამოვიდა ვასაძეების სახლიდან.
მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მალე მარინე თბილელის და ვასაძის ოჯახი დაინგრა – კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან, დაბრუნდა დედასთან, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა…
„ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახლში“, – თქვა და დედასთან დაბრუნდა, რომელთან ერათადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ვორონცოვზე.
მეორე ქორწინება
მარინე თბილელმა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე იქორწინა.
აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, თეატრს ჩამოაშორეს დაწინაურების გზით – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს.
წლების განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.
მარინე თბილელს და აკაკი დვალიშვილს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო?
ანკეტაში კითხვაზე – „თქვენი ხასიათი“, მარინე თბილელი პასუხობდა: „კაპარჩხანა“.
არც იმას მალავდა, რომ ეშინოდა სიბერისა და სცენის მიტოვების, არც იმას, რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო.
ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა: „მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება…“
იღბლიანი მსახიობი
მარინე თბილელი სილამაზესთან ერთად თავისი უზღვავი ენერგიითა და ტემპერამენტით გამოირჩეოდა. სპექტაკლებში ხშირად ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ ქალებს თამაშობდა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად სახასიათო როლები უყვარდა.
თურმე ძალიან მოსწონდა მოსამსახურე გოგონას, ტასიას როლი სპექტაკლში „მისი ვარსკვლავი“.
თვლიდა, რომ „ქართველი მსახიობი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, ქართულ რეპერტუარში, ქართულ პიესაში მოძებნოს საკუთარი თავი და სათქმელი იქ თქვას.
კი, კარგია შექსპირი, მოლიერი, ლოპე დე ვეგა, მაგრამ მათ თავიანთი პატრონი ჰყავთ, ქართულ თეატრში კი ქართულ დრამატურგიას უნდა მიენიჭოს უპირატესობა“, – ამბობდა და ყოველთვის ცდილობდა, უსათუოდ მიეღო მონაწილეობა ქართულ პიესაში.
დიდი ტრაგედია
ძალიან დაიჩაგრა, როდესაც ასაკოვან ქალს ვაჟიშვილი, აკაკი ვასაძე, გარდაეცვალა რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა.
დედა-შვილს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ კამათიც უსაზღვრო იცოდნენ. თან იცით, რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“, – იხსენებდა აკაკი დვალიშვილი მარინეს მეორე მეუღლე.
თეატრთან ჩამოშორება
მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ თეატრში მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეულად განიცდიდა თეატრიდან ჩამოშორებას; იმდენად მტკივნეულად, რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას.
მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო.
თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…
„ფაქტიურად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატროდ მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი.
მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე“, – წერდა მარინე თბილელი.
მსახიობმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში შვიდი7 როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავალში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო, რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი.
ომის შემდეგ...
„ომის შემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“ – იხსენებდა მსახიობი.
ოცნებობდა...
ოცნებობდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე და აიხდინა კიდეც ოცნება – 1974 წელს, უკვე მაშინ როცა თავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები