Digest Logo

ძმისგან ძალადობის მსხვერპლი, დედისგან უარყოფილი და სექს-მუშაკი - მადონა კიპაროიძის უცნობი ამბები

1621369140
მადონა კიპაროიძე

„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და რადგან საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიწვავ!“- ეს სიტყვები მადონა კიპაროიძეს ეკუთვნის, რომელმაც, 2020 წლის 30 აპრილს, თბილისის მერიის შენობასთან თავის დაწვა სცადა.

მერიასთან შეკრებილი ტრანსგენდერები მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ, რადგან კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის გამო სამსახური დაკარგეს. 

დღეს სწორედ მადონას შესახებ მოგიყვებით, ის ჟურნალისტებთან ბავშვობას და ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს.

 

გამხელილი საიდუმლო

2014 წლის ზაფხულს გადავწყვიტე დედაჩემისთვის საიდუმლო გამემხილა, რისი დამალვაც ძალიან მიჭირდა. მრცხვენოდა რომ ვმალავდი. ყოველდღე სინდისი უფრო და უფრო მქენჯნიდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედა ჩემს ორიენტაციაზე ჩემი საეჭვო ქცევის გამო, კითხვებს მისვამდა.

მე კი მას ყოველდღიურად ვუყურებდი თვალებში და ვატყუებდი, რომ გოგოები მომწონდა და არანაირი „გადახრა“ არ მჭირდა.

დედა უზომოდ მიყვარდა და მიყვარს კიდეც. ყოველღამე მესიზმრებოდა, როგორ ვეუბნებოდი სიმართლეს და როგორ ვკარგავდი მას.

ამას მოჰყვა 2013 წლის ლგბტ მარშის დარბევები. სადაც ჩემნაირ ადამიანებს დასცინოდნენ, სცემდნენ და ხალხი ჩემ სამეზობლოში განიხილავდა, რომ ეგენი დასაწვავები იყვნენ.

ვუსმენდი ხალხს და ჩემი თავის მრცხვენოდა, რადგან ჩემი თემის წევრებს ლანძღავდნენ და ხმას ვერ ვიღებდი.

მეშინოდა, რომ დედაჩემზე არ ეთქვათ ბო@იაო, ან კარგი დედა არ არისო. ვერ ავიტანდი დედაზე ასე ეთქვათ.

ბოლოს დედას თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ერთხელ გაბრაზებით მკითხა ქალი ხარ თუ კაციო, ამ დროს ყველაფერი ერთად გაქრა და ცარიელი სხეულის განცდა მქონდა, წამებში გავიაზრე, რომ სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დედას სიმართლე ვუთხარი და ამ სიმართლის გამო სახლიდან წასვლა მომიწია, დედამ მითხრა, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო“, – ამბობდა ტრანსგენდერი ქალი მადონა კიპაროიძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.

ზეწოლა დედაზე

„ცემა, ხორბალზე მუხლებით დგომა, ყინულები ხელის გულზე – ასე სჯიდა ხოლმე უფროსი ძმა მადონას.

ამბობს, რომ ძმაზე მამა ძალადობდა და ისიც მსხვერპლი იყო, ამიტომ ძმის ამ დამოკიდებულებას იმ გარემოს უკავშირებს, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა.

თვითონ ოჯახს ბავშვობიდან ეხმარებოდა, ხან ჯართს აბარებდა, ხან მეტროსთან პროდუქტებს ყიდდა. სკოლაში მისვლასაც ასწრებდა.

იხსენებს, რომ ზოგჯერ ბოსელში იძინებდა ცხოველებთან ერთად, რათა ძალადობისთვის თავი აერიდებინა.

შუაღამისას მაღაზიაში აგზავნიდნენ ხოლმე. სიბნელის შიში დღემდე ვერ დაძლია.

14 წლის ასაკში დედას გაუმხილა, რომ ტრანსგენდერი ქალია. ამის შემდეგ ოჯახი ყველანაირად ავიწროებდა, ინტერნეტთან წვდომაც შეუზღუდა.

იხსენებს, რომ დედამ მოსთხოვა – უარი ეთქვა საკუთარ იდენტობაზე. მოზარდი სახლიდან გაიქცა და დაიწყო ღია ცის ქვეშ ცხოვრება. ღამეს პარკებში, სადარბაზოებში ათევდა.

„ეს ჩემი გათვლა იყო, ცოტა შემეშინებინა და ყურადღება მოექციათ. ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ გაუსაძლისი იყო ყოველდღე ერთსადაიმავეზე ლაპარაკი. ის ფაქტი მაგიჟებდა, როცა დედაჩემს ყველა ურჩევდა – ფსიქიატრთან მიიყვანეო. სრულიად ნორმალურ ადამიანს ფსიქოლოგიდან ფსიქოლოგთან დამატარებდნენ“,- იხსენებდა კიპაროიძე.

ქუჩაში 21-დღიანი ცხოვრების შემდეგ მოზარდი დასუსტდა და ავად გახდა. სიცხიანი იძულებული გახდა, შინ დაბრუნებულიყო.

„ბოლოს ისე მშიოდა, რომ კორპუსებში ავდიოდი და კართან დაწყობილი ნაგვიდან პურს ვჭამდი. ბოლოს მივხვდი, რომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი. ცოტა ამაყი ვიყავი და დახმარებას ვერ ვითხოვდი, მერჩივნა ნაგვიდან ამოღებული პური მეჭამა“,- ამბობდა ტრანსგენდერი ჟურნალისთებთან საუბრისას.

შინ დაბრუნებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ დედამ მადონას შესთავაზა, რომ მუშაობა დაეწყო და საკუთარი სახლი აეშენებინა. უთხრა, შენ სახლში ვინც გინდა, ის იყავიო.

სახლიდან მეორედ წამოსული 14 წლის მადონა სექს სამუშაოში ჩაერთო. ცირკთან ტრანსგენდერი მეგობარიც შეიძინა და რამდენიმე თვით თავი მის ბინას შეაფარა. ამ პერიოდში მოზარდი სრულმა სასოწარკვეთამ შეიპყრო. ფიქრობდა, რომ ამ ცხოვრებაში მისი ადგილი აღარ იყო. ბოლოს თვითმკვლელობაც სცადა.

„16 წლის ასაკში თითოეულ ლუკმას მაყვედრიდნენ, ერთხელ სიცხე მქონდა და სიცხის დამწევიც არ უყიდიათ. მეუბნებოდნენ, რომ უკვე დიდი ვარ და უნდა ვიმუშაო“.

მადონამ მუშაობა ქართულ რესტორანში დაიწყო. ხელფასზე დედას 100-200 ლარს აძლევდა ხოლმე.

„ჩემი ძმა და ბიძები დედაჩემს ეუბნებოდნენ – ან „პიდარასტი“ შვილი აირჩიე, ან კაციო. დედაჩემიც ჩემსავით მძიმე მდგომარეობაში იყო. ძალიან იტანჯებოდა, რადგან არჩევანის წინაშე აყენებდნენ – ან მე, ან ყველა დანარჩენი. მე მართლა არ მინდოდა დედაჩემისთვის ტკივილის მიყენება. სამყაროში ორად-ორი ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტად – დედაჩემი და ჩემი და“.

18 წლის ასაკში მადონა სამსახურის გარეშე დარჩა. რესტორანი გაიყიდა. მალე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში დაიწყო მუშაობა. მძიმე ფიზიკურმა შრომამ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა.

ამბობს, 15 დღე ვიმუშავე და ანაზღაურება მაინც არ გადამიხადესო. თვე-ნახევარი წოლით რეჟიმში გაატარა. გამაყუჩებელს ითხოვდა, თუმცა ოჯახის წევრები არ ეხმარებოდნენ.

„ჩემი ძმა მეუბნებოდა, შენნაირ შიდსიან პიდარასტს წამალი რატომ უნდა მოვუტანოო“.

გაუსაძლისმა მდგომარეობამ იძულებული გახადა, პატრული გამოეძახებინა. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ქალთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

„იქ კარგად მექცეოდნენ, ქალებმა ბევრი ტანსაცმელი მაჩუქეს. ის პერიოდი 17 მაისს დაემთხვა. ერთად აღვნიშნეთ. ლგბტ ფერებში პლაკატებიც გავაკეთეთ, შემდეგ ისინი ქალებმა ჩემი ოთახიდან გაიტანეს და დერეფანში დაკიდეს.

მანამდე ჩემნაირი არ ენახათ. ბოლოს ყველა ჩემ ოთახში იკრიბებოდა და ღამეს ერთად ვათენებდით ხოლმე. იქ დარჩენა მხოლოდ ერთი თვით შემეძლო“.

თავშესაფრიდან ისევ მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსიც მიიღო და სახელმწიფომ ოპერაციის ხარჯებიც დაუფინანსა.

ოპერაციიდან 10 დღეში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით კი იძულებული გახდა, სექს სამუშაოს დაბრუნებოდა.

წერილი დედას...

„ჩვენი უკანასკნელი შეხვედრიდან დიდი დრო გავიდა.

ადრე სახლიდან რომ მაგდებდი ხოლმე, ფოტო მიმქონდა ჯიბით და შენს ფოტოსთან ერთად მეძინა, შენი ფოტო მუდმივად ბალიშის გვერდით მედო, სადაც მივდიოდი, გულის ჯიბეში მედო.

ცუდი ისაა, რომ ახლა ფოტოს წამოღება ვერ მოვასწარი… ან ვერ მოვიფიქრე. ამაზე უფრო ცუდი ისაა, რომ ერთმანეთს არ ველაპრაკებით, არადა ჩვენ შორის იმდენად დიდია დედაშვილური კავშირი, რომ, რაც უფრო ვიზრდები, შენ გემსგავსები.

იმდენად დიდად ხარ ჩემს გულსა და სულში, რომ, რაც დრო გადის, შენი ასლი ვხდები, რადგან მე შენი გოგო ვარ, შენი სისხლი და ხორცი და შენი სულის ნაწილი. სწორედ ამიტომაა ჩვენ შორის ამხელა მსგავსება ხასიათით, ვიზუალით, გამძლეობითა და მრავალი სხვით.

მიხარია, რომ შენ გემგვანები, ალბათ იმიტომ, რომ მე შენი სისხლი და ხორცი კი არა, შენი სულიერი განცდების ნაწილი ვარ.

შენ არ ხარ ცუდი დედა, შენ უსამართლობის მსხვერპლი დედა ხარ! არასდროს დაადანაშაულო საკუთარი თავი.

ბოდიში, რომ თავის დროზე არ მესმოდა, რომ შენც ისეთივე მსხვერპლი იყავი, როგორიც მე.

p.s.: მენატრება შენთან ერთად დილის 6 საათზე ყავის დალევა ჩვენ ეზოში, იმ ხის ქვეშ, რომელიც მე და შენ დავრგეთ, როცა 6 წლის ვიყავი“,- წერდა კიპაროიძე დედას.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

„გეგას სასიკვდილო განაჩენი ბაბუამისმა გამოუტანა“ - ვინ იყო გეგა კობახიძის მამა და რას ამბობდა ის შვილზე

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

თბილისში 59 წლის კაცმა შვილი და რძალი დანით აჩეხა