Digest Logo

„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

1628855343
ჯანსუღ კახიძე

ჯანსუღ კახიძე – სახელგანთქმული დირიჟორი, დიდი მაესტრო, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, კომპოზიტორი, ადამიანი, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა და ქართული ოპერა პირველმა გაიტანა უცხოეთში.

საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ, როცა ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმი მკვიდრდებოდა, ქართულ ფოლკლორს გადაგვარების საფრთხე დაემუქრა. 

დღეს სწორედ მისი დიდი სიყვარულის შესახებ გიამბობთ.

დიდი სიყვარული

კონსერვატორიაში სწავლისას, მან ვანდა კაკაბაძეზე იქორწინა. მათ 2 შვილი შეეძინათ, ვატო და თეკა.

„ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს, ერთ კურსზე სწავლობდნენ. დაახლოებით სამი წელი იბრძოდა, რომ ვანდა კაკაბაძე ცოლად მოეყვანა. დედა ქუთაისიდანაა. მამა არ ჰყავდა და მხოლოდ დედა ზრდიდა. მამაჩემი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ყოფილა, მაგრამ, თავქარიანი. დედაჩემის დედა, ლორთქიფანიძის ეს ულამაზესი ქალი, შეშინებული იყო: სათუთად აღზრდილი ვანდა ჯანოს ხელში რომ მოხვდებოდა, რა ელოდა, თუ არა ტანჯვა?! ამიტომ, მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი წასულა. თან, გარეგნულადაც არ მოსწონდა. მამა არასდროს ყოფილა სიმპათიური კაცი.

დედაც თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, რადგან სხვა თაყვანისმცემლები ჰყავდა, მაგრამ, საბოლოოდ, მისმა ნიჭმა და ექსტრავაგანტურობამ დააინტერესა და, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გაიპარნენ. დედა პირდაპირ სახლში, მშობლებთან მიიყვანა. ბებია დედას დაახლოებით ერთი წელი არ ელაპარაკებოდა. მერე მამაჩემი გიჟდებოდა თავის სიდედრზე, ვერც კი იტყოდით, თუ თავიდან ყველაფერი ასე ცუდად დაიწყო“,- იხსენებს ჯანოს ქალიშვილი.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, რეჟისორი გურამ მელივა იხსენებდა:

„ჩვენ კურსელები ვიყავით. ვანდასა და ჯანოს ერთმანეთი უყვარდათ. ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ, მაგრამ ჩვენ ავანტიურულად დავასრულეთ ყველაფერი.

მე „მანტიორის“ ტანსაცმელი გადავიცვი, მოვითუთხნე ხელები და ვანდას სახლში ელექტრომრიცხველის სანახავად მივედი. ჩემდა საუბედუროდ, მრიცხველი კართან აღმოჩნდა. მაშინ ვიეშმაკე და ქვითრები მომიტანეთ-მეთქი, ვთხოვე.

ვიცოდი სად იყო ვანდას ნივთები და ჩუმად ავიღე. გარეთ მანქანა მელოდებოდა”.

თენგიზ კახიძე:

„მაშინ „მოსკვიჩი“ მყავდა, რომელიც კონსერვატორიის სათადარიგო შესასვლელთან დავაყენეთ. ვანდას კონცერტი ჰქონდა და რომ დაასრულა, ჯანომ მოჰკიდა ხელი, ჩავსვით მანქანაში და მოვიყვანეთ სახლში. გურამ მელივაც იქ იყო. ამ ამბავს ვანდას ოჯახიდან დიდი შეხლა-შემოხლები მოჰყვა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“.

ჯანოს ქალიშვილი, თეკა

– თეკა, გვიამბეთ რამე თქვენსა და ვატოს ბავშვობაზე.

– ყველა ქართველი მამაკაცი ოცნებობს პირველი შვილი ბიჭი ეყოლოს და არც მამა იყო გამონაკლისი. როდესაც ექიმი გამოსულა და უთქვამს: გილოცავთ, ბიჭი შეგეძინათო, ყირაზე დამდგარა. მერე ერთი წელი ქეიფობდა. რაც შეეხება ჩემს დაბადებას, მეორესაც ბიჭს ელოდებოდა (ჩემსა და ვატოს შორის ათი წელია სხვაობა). მე რომ გავჩნდი, იმ დღეებში გასტროლებზე იყო გერმანიაში. დარეკა სახლში და ტელეფონზე ვატომ უპასუხა. მამიკო, იცი, მე დაიკო შემეძინაო, – ახარა. მამამ უთხრა, რაღაც გეშლება, აბა, ბებიაშენს დაუძახეო. ბებიამ რომ დაუდასტურა, ისე გაბრაზდა, ყურმილი დაკიდა. მერე კი ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა – მე და მამას განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა. ჯერ ერთი, მას არა მხოლოდ გარეგნობით, ხასიათითა და თვისებებითაც ძალიან ვგავდი.

– ამბობენ, ჯანსუღ კახიძის პროფესიულ კარიერაში დიდი როლი მისმა ცოლმა ითამაშაო. ეს რას ნიშნავს?

– ნამდვილად! დედაჩემი რომ არ ყოფილიყო მის გვერდით, ალბათ, ბევრი რამ ისე არ იქნებოდა. ოჯახში ყოველთვის ხვდებოდა ის, რაც მას სურდა და ეს არ იყო მხოლოდ ცხელი სადილი და გაფითქინებული პერანგები, დედა ყველანაირად უწყობდა ხელს. დასვენება უნდოდა – ისვენებდა, გართობა უნდოდა – ერთობოდა.

ძალიან ჯიუტი იყო, თუმცა, მისი სიჯიუტე დიდხანს არ გრძელდებოდა. როცა დედა რამეს ურჩევდა, პირველი რეაქცია, შეიძლება, ისეთი ყოფილიყო, რომ არ მიეღო, მაგრამ მერე აუცილებლად დაფიქრდებოდა და, თუ მიხვდებოდა, რომ ეს იყო დროული და საჭირო რჩევა, ითვალისწინებდა. ბევრ რამეში გამოადგა დედაჩემის რჩევები. მამა ძალიან ფეთქებადი ხასიათის იყო და დედა კარგად ახერხებდა მის შენელებას. თუ რაღაც არ მოეწონებოდა, ან ვიღაც შეეწინააღმდეგებოდა იმაში, რაც თვითონ მართებულად მიაჩნდა, კონფლიქტში შედიოდა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

7-წლიანი შეყვარებულობის პერიოდი, მატერიალური კრიზისი, ცოლის შეურაცხმყოფელი ვიდეოს გამოქვეყნება და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ძმა - გოგა ბარბაქაძის პირადი ამბები

როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

პატრიარქის სიძე, ნაცემი სტიქაროსანი, კავშირი ბაჩო ახალაისთან და ილია II-ს მკვლელობის მცდელობის ბრალდება - სოსო ოხანაშვილის სკანდალები