მისი დიდი და მკაცრი ვიზუალის მიღმა, სათნო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იმალება. მართალია, ცხოვრებამ წლების წინ, საკმაოდ რთული მომენტის წინაშე დააყენა, გამოცდა მოუწყო, სიკვდილს თვალებში ჩახედა, მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა – სიკვდილიც დაამარცხა და თავიდან ცხოვრებაც დაიწყო.
მოკლედ, დღეს მუსიკოსსა და მომღერალ რომა რცხილაძეზე მოგიყვებით. შესაძლოა, ბევრმა არცკი იცის, რომ მუსიკოსმა 40 წლის ასაკში მძიმე პერიოდი გადაიტანა და სიკვდილს თვალებში ჩახედა.
„ცხოვრების დიდი გზა გავიარე – ნახევარ საუკუნეზე მეტი. იყო ბევრი ტკივილი, სიხარული, გამოცდები, წარმატება, წარუმატებლობა. ყველაფერი მარტომ, ღმერთისა და იმ ადამიანების დახმარებით გავიარე, ვისაც ჩემი ესმით. ისეთი ქვემოსვლები და ჩავარდნები იყო ჩემს ცხოვრებაში, იმის ქვემოთ რომ აღარ არსებობს. იქიდან ამოსვლა კი საკმაოდ რთული იყო. ბევრი მახე და გამოცდა დამიგო ცხოვრებამ და ჩემი განვლილი გზა, გულის კარდიოგრამასავითაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამი ადამიანის ცხოვრების გავლა მოვასწარი.
ყველაზე რთული პერიოდი მაშინ იდგა, როცა 40 წლის ასაკში სიკვდილს თვალებში ჩავხედე. აბასთუმანში მომიწია მკურნალობა, ფილტვებზე პრობლემის გამო. საკმაოდ მძიმედ ვიყავი და 40 წლის ასაკში თავიდან სიარული დავიწყე. ნულის ქვემოდან ამოვძვერი და ამ სირთულემ და სიკვილთან ბრძოლამ, ბევრი რამ დამანახვა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რამდენი რამ მქონდა გასაკეთებელი და ჯერ სიკვდილი ადრე იყო. ასე რომ, ბრძოლა ღირს, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. ფაქტია, 15 წელი ვებრძოლე დაავადებას და ვაჯობე. ამის მერე, 55 წლის ასაკში, ახალი ცხოვრება დავიწყე და დღეს ენერგიით სავსე ვარ. სულ ვამბობ, ბუმერანგივით დამიბრუნდა ის სიკეთე, რაც მე უანგაროდ ვთესე-მეთქი. არ მიყვარს ამის აფიშირება, მაგრამ ფაქტია, სიკეთე არ იკარგება“, - ამბობდა რომა რცხილაძე ერთ-ერთ ინტევიუში.
რომა რცხილაძის მესამე თვალი
„ადამიანს შევხედავ და ეგრევე „ვშიფრავ“, მაგრამ ეს მღლის. წარმოიდგინეთ, ასტროლოგიურად, წლით „გველი“ ვარ, თვით –„მშვილდოსანი“ და სჭარბობს „მორიელი“ და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რა ვიქნები „გველის“ წელში დაბადებამ ინტუიცია და სიბრძნე შემმატა, „მშვილდოსანმა“ – მიზანში ზუსტი სროლა და „მორიელმა“ კი გამოწერა რეცეპტი და კარგად კბენა მასწავლა. რაც შეეხება ადამიანის შინაგან სამყაროს, მას ვხედავ. ვგრძნობ, როგორი პიროვნებაა და რა ელის. ეგრეთ წოდებული, „მესამე თვალი“ მეხსნება – ესეც „გველის“ წელში დაბადებას უკავშირდება და ადამიანის პერსონას მის თვალებზე, სხეულზე, სიარულის მანერაზე დაკვირვებით ვშიფრავ.
მესამე თვალი“ სულ გახსნილი მაქვს და ეს ერთგვარი ტანჯვაა. ძალიან რთულია, წინასწარ იგრძნო ადამიანის გარდაცვალება. ყოფილა მომენტი, შემიხედავს ადამიანისთვის თვალებში და მივმხდარვარ, ის მალე დატოვებდა ამქვეყანას. ფაქტობრივად, შეხედვაც არ მინდა, ამას ადამიანის ქცევითაც ვხვდები. ახლახან ბავშვობის მეგობარი დამეღუპა, საოცარი ადამიანი. წინასწარ ზუსტად ვიცოდი, რომ მალე გარდაიცვლებოდა და მასთან განშორება მომიწევდა. წარმოიდგინეთ, რა რთულია, ეს ერთგვარი სასჯელია ჩემთვის“, - ამბობდა რომ რცხილაძე.
რომა რცხილაძე და ზედმეტსახელი სპილო
„ჩემი მატყუარა გარეგნობის გამო დამარქვეს სპილო. სხვათა შორის, ჩემი ყველა მეგობარი ამბობს, სანამ კარგად გაგიცნობდით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მკაცრი და მიუკარებელი ადამიანი იყავიო. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ამ გარეგნობის მიღმა, მართლა ნამდვილი სპილო ვარ, მასავით დიდი და ბუნჩულა (იცინის). იმდენი უცხო ადამიანისთვის გამიმართავს ხელი, იმდენი გამიცია და დავხმარებივარ, ეს უანგაროდ გაცემული სიკეთე არ დაიკარგება.
ჩემი გადარევა ნამდვილად ჩემი გურული გენეტიკის ბრალია. დიდხანს შემიძლია მომთმენა, მაგრამ თუ ყელში ამომივიდა და გავბრაზდი, ისე გამოვდივარ ტყავიდან, მტრისას. უდისციპლინობას ვერ ვიტან, ჩემს ცხოვრებაში არსად დამიგვიანია და როცა ადამიანი აგვიანებს, ამ დროს შეურაცხადი ვხდები“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
2 განქორწინება, შვილი ქორწინების გარეშე, ნამდვილი დედის ძებნა - ცოტა რამ თამუნა მუსერიძეზე
უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი
ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები