სერიალი „იდეალური დედა“ იცით? მანდ, რომ სიდედრი მანანაა ეგეც ხომ იცით? აი, ის ბებია „სამეფო კარის თამაშებს“ რომ უყურებს. გაგახსენდა? ჰოდა, დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.
მანანამ პირადის შესახებ ჟურნალისტებთან თავად ისაუბრა.
ნათლიმირონობა
ქვიშხეთის მწერალთა კავშირის სახლია, სადაც ხშირად დავდიოდით დასასვენებლად. იქ იყო ჩემი ნათლია – ნოდარ დუმბაძე. ყველაზე კარგად მახსოვს თეატრის ჩამოყალიბების პროცესი რუსთავში – დედას და მამას ყოველ დილით ავტობუსით დავყავდით. ძალიან ცელქი და მატყუარა ბავშვი ვიყავი. ეზო მქონდა აკლებული.
ბებია ამბობდა ხოლმე, ეს თუ ამ ენერგიას არ დახარჯავს, შეიძლება, გაგიჟდესო. მილიციის განყოფილებაშიც კი მოვხვდი. ახალი გადმოსულები ვიყავით პეკინზე, რომ ჩემს მეზობელ, ქეთინოსთან ერთად დავიკარგე.
ეტლიანმა მილიციონრებმა განყოფილებაში წაგვიყვანეს. მე მაშინვე ვთქვი ამაყად, რომ გიგა ლორთქიფანიძის შვილი ვიყავი და ძალიან მალე გვიპოვეს. მშობლებს შემდეგი სურათი დახვდათ:
ქეთინო კუთხეში იყო მიკუჭული და ტიროდა, დედა მინდაო. მე კი მაგიდაზე ვიჯექი და მამასგან მოსმენილ ანეკდოტებს ვყვებოდი. მთელი მილიციის მუშაკები ჩემ ირგვლივ იყვნენ შემოხვეულები და შოკოლადებს მაჭმევდნენ. იყო ერთი სიცილ-ხორხოცი.
მშობლები
ყოველთვის ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ ჩემი მშობლებით. მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე, თუმცა არასოდეს მათი სახლით არ მისარგებლია.
როცა თეატრალურში ვაბარებდი, ჩემი ყურით მოვისმინე, მამა როგორ ელაპარაკებოდა პრორექტორს, ვასო კიკნაძეს. ეუბნებოდა:
ვასო არ დამღუპოთ, თუ ნანა არ არის ამ ინსტიტუტში მისაღები, არ მიიღოთ. ცუდ მსახიობს მირჩევნია, მეეზოვე გამოვიდესო. ეს საუბარი გამოცდის დღეს მოვისმინე და გავგიჟდი. შევვარდი მის კაბინეტში ტირილით შენ მამა ხარ-მეთქი. მიუხედავად თავისი სიფიცხისა, ძალიან სამართლიანი და დემოკრატი იყო. უცებ აყვირდებოდა ხოლმე. ამ დროს დედა გადიოდა აივანზე და ყვავილების მორწყვას იწყებდა, მეზობლებს უღიმოდა, ვითომ ჩვენთან არაფერი ხდებოდა. ეს იყო ზუსტად ერთწუთიანი სიფიცხე. ისე კი ძალიან გულჩვილი ადამიანი გახლდათ.
3-ჯერ შექმნილი ოჯახი
სამჯერ შევქმენი ოჯახი და სამივეჯერ თავადვე გავშორდი. პირველ ქმართან, ჩემი ქალიშვილის მამასთან, რაღაც სისულელის გამო დავანგრიე ოჯახი.
პატარები ვიყავით და დიდხანს ვნანობდი ამას. შემდეგ ღალატის გამო დასრულდა ურთიერთობა. ბოლო ქორწინებას რაც შეეხება, თავადვე მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო.
ყველაზე მეტი აზიატები ჩემი მეუღლეები აღმოჩნდნენ. ერთხელ ერთ-ერთმა მითხრა: სცენაზე ვინმემ „მიყვარხარ“ რომ გითხრას, შეიძლება, დარბაზში გული გამისკდესო. ვინმესთვის მეკოცნა ან რაიმე მსგავსი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. არადა თვითონ სცენაზეც კოცნიდნენ და ეკრანზეც აკეთებდნენ ყველაფერს. მე ამის უფლება არ მქონდა.
სხვათა შორის, ბუნებით ვარ ასეთი, ოღონდ კონფლიქტი არ იყოს და ბევრ რამეს დავთმობ. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ჩემთვის.
მაშინ, ამის გამო უთანხმოება არ მიღირდა. პირადი ცხოვრების გამო, მიღირდა რაღაცეები დამეთმო. მე არასდროს მესმოდა იმ მსახიობების, ვინც წლების განმავლობაში იკავებდნენ თავს შვილების გაჩენისგან და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემი და მშობლების ურთიერთობას, ეს თემა ყოველთვის სალაპარაკოდ მაქვს.
საერთოდ, მამას კი არა და ნებისმიერს შეიძლება, შეეწინააღმდეგო, მაგრამ მე და მამა ყოველთვის თანამოაზრეები ვიყავით. მისი აზრი დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე.
მამა ბუნებით დემოკრატი იყო, თანამედროვე აზროვნების ადამიანი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საოცრად თანამედროვე გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტრაგედია
ყველაზე ძლიერი სტრესი 24 წლის ასაკში მივიღე, როცა მეგობარი გარდამეცვალა. ეს საკმაოდ გახმაურებული ისტორია იყო – მსახიობმა გია ფერაძემ თავისი ცოლი, ირინე მოკლა.
ირინეს გარდაცვალებიდან ჩემთვის ახალი ათვლის წერტილი დაიწყო. მაშინ არ იყო სიკვდიალიანობა ასეთი ხშირი. მერე, როცა 90-იანი წლები და აფხაზეთის ომი წამომეწია, უამრავი მეგობარი დავკარგე – ომში, თუ ნარკოტიკის გამო.
ასევე მძიმედ გადავიტანე მამას გარდაცვალებაც. მჯეროდა, რომ ის უკვდავი იყო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახლი
გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვალება და მეუღლის დაკარგვა - გივი სიხარულიძის უცნობი ამბები
17 წლის ასაკში ქორწინება, ელჩი ქმარი და 3 შვილი - თაკო ჩხეიძის პირადი