საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავი წითელი ვარდებითა და სხვისი ჩაის სმით გაგვაცნო. თითქმის არავინ იცის ის გზა, რომელიც სააკაშვილმა პრეზიდენტის სავარძელში მოხვედრამდე გაიარა.
დღეს სააკაშვილის პორტრეტს, მისივე ნაამბობით დაგიხატავთ.
ბავშვობა
„საბჭოთა კავშირში ვიზრდებოდი. ამ პერიოდში სულ საჭმლის ძიება და პრობლემა იყო. ძირითადად შემწვარი კარტოფილით და კონსერვებით ვიკვებებოდით.
ეს იყო ქვეყანა, სადაც სულ შეზღუდვები იყო.
ვიზრდებოდი 4 პატარა ოთახში, სადაც ცხოვრობდა, ბებია, ბაბუა, ბებიაჩემის დედა, ბებიაჩემის მამა, დედა და მამა.
მე და დედას გასაშლელ ლოგინზე გვეძინა.
ბებიაჩემის მამა გადასახლებაში იყო, ბებიაჩემის დედა რამდენჯერმე გამოაგდეს სახლიდან, ძმა დაუხვრიტეს და დიდი გაჭირვება გამოიარეს.
მე რასისტიც ვიყავი, მრცხვენია მაგრამ ასეა. ასე ვიზრდებოდით, საბჭოთა კავშირში. ქართველს რუსი არ უნდა ჰყვარებოდა და სიძულვილს თესავდნენ.
მშობლები
დედა - გიული ალასანია, დაიბადა 1946 წლის 11 ნოემბერს, თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით). 1973 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1987 წელს — სადოქტორო დისერტაციები. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მან დამოუკიდებლად შექმნა კერძო უნივერსიტეტი ის პოლიგლოტია.
მამა - ნიკოლოზ სააკაშვილი დაიბადა 1944 წელს, თბილისში, არის პროფესიით ექიმი. იგი იყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტ „თბილის სპას“ და ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი 1999 წლიდან 2017 წლამდე.
აგრეთვე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 2018 წლიდან დღემდე არის სამედიცინო ცენტრ „გასტროენტეროლოგის“ დირექტორი. მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ასაკით უფროსია. ერთ-ერთი ძმა, დავით სააკაშვილი, პროფესიით იურისტია.
ბულინგი
მიუხედავად იმისა, რომ ხუთოსანი ვიყავი, ვცდილობდი, სხვებს არ დავეჩაგრე.
კალათბურთის სათამაშოდ მივდიოდი და 2-მა ახალგაზრდამ დანა დამადო. ახალი ტყავის ქურთუკი მეცვა, რომელსაც მათ არ ვაძლევდი და შეიძლება, ამის გამო მოვეკალი, მაგრამ იმან გადამარჩინა, რომ ჩემი მწვრთნელის მეგობარი დაინახეს და გაიქცნენ.
არ მიყვარდა ე.წ. ძველი ბიჭები.
სკოლაში ერთი გოგო იყო, რომელთან ერთადაც ვიჯექი. ეს გოგო ძველ ბიჭს უყვარდა, რომელიც ჩემი სკოლელი იყო და მითხრა, გადავმჯდარიყავი სხვა მერხზე. ამაზე, დაახლოებით, 3-4 ჩხუბი მქონდა. სპიციც გამიყარეს...
მერე ეს კაცი კალაძის ძმის მკვლელი აღმოჩნდა. ის შვეიცარიაში დაიჭირეს და მისმა ადვოკატმა თქვა, რომ სააკაშვილს ამის ბოღმა აქვს, საქართველოში გადასაყვანსდ აბრალებენ ამ დანაშაულსო.
ოცნება
მე საბჭოთა კავშირში ვთამაშობდი, ჩემი სამყარო მქონდა შექმნილი. მყავდა მეფეების ფიგურები, პრემიერ-მინისტრები და ასე ვერთობოდი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთში არ იყო პოლიტიკა, მე ძალიან მაინტერესებდა. აგრეთვე, ვკითხულობდი ბევრს მეფეების შესახებ. ამდენი თამაში და ფიგურებით „გართობა“ ბაბუაჩემს არ მოსწონდა და ბრაზობდა ხოლმე.
პარლამენტში რომ ამირჩიეს, ბებიამ და ბაბუამ მიმიყვანეს მანქანით, მითხრეს „კარგად გვაქვს დაცდილიო“ შენი მანქანით მიყვანა, სკოლაშიც ჩვენ მიგიყვანეთო.
პრეზიდენტად რომ ამირჩიეს, ინაუგურაციაზე ბებიამ და ბაბუამ მიმიყვანა.
კარიერა
2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა და დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატიულ პარტიასთან ლოზუნგით „თბილისი შევარდნაძის გარეშე“.
2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად.
პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
დაპატიმრება
პირველ კურსზე „კაგებემ“ აღძრა საქმე ჩემ წინააღმდეგ, ანტისაბჭოური გეგმების გამო. გადაწყვიტეს ჩემი დაპატიმრება. დაკითხეს ჩემი კურსელები, უკრაინელები. მაშინ 17 წლის ვიყავი. თანაც ჩემი ოჯახი რეპრესირებული იყო, შესაბამისად რთულ ვითარებაში ვიყავი. ჩემი გარემოცვა დაკითხეს და ყველამ მითხრა ამის შესახებ. ვიცოდი, რომ რაღაც წრე იკვრებოდა. მიმდინარეობს გამოძიება და უკვე ვხვდები, რაც მელოდება. თანაც ჩემი ოჯახი რეპრესირებული იყო, შესაბამისად რთულ ვითარებაში ვიყავი. 1986 წელია... ასეთი ამბები დახვრეტით სრულდება.
ჯაშუშმა მითხრა, რომ ვითომ დაბადების დღეზე მივდიოდით და მე გამომივლიდა. წავედით და მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო, რადგან მხოლოდ 2 კაცი ვიყავით. მერე ეს ბიჭი ერთ გოგოს ეცეკვა და დაიწყო ჩხუბი. მეც მითხრეს ქართველო, რას დგახარ უქმადო და მეც წავედი მისახმარებლად. უცებ ყველა მე დამესია. ვნახე, რომ ერთს 2 სამართალდამცველი მოჰყავდა. მერე მივხვდი, რომ პროვოკაცია იყო და ჩემ დასაჭერად გამოიყენებდნენ ამ საქმეს. დამიჭერდნენ ხულიგნობის გამო და არა ანტისაბჭოური გეგმების გამო.
სამზარეულოს სახურავით გადმოვძვერი ეზოში, წავედი სადგურზე, ავიღე მოსკოვის ბილეთი. გამოვართვი მეგობარს პირადობა და იმის პირადობით გავფრინდი თბილისში.
მივედი ბაბუსათან, რომ დამხმარებოდა. „კაგებეში“ ახლობელი ჰყავდა. მითხრეს, კიევში დავბრუნებულიყავი და ყველაფერი მოგვარდებოდა.
ჩავედი უკრაინაში და დამიჭირეს.
ერთი დღე ვიყავი საპყრობილეში და წარმოვიდგინე, როგორ გამაციმბირეს... მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა...
მიყვირეს, რომ უნდა დამეწერა, რომ ანტისაბჭოთა ელემენტი ვიყავი. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ გამომიშვეს, მაგრამ თუ საბჭოთა კავშირი დარჩებოდა, უმუშევარი ვიქნებოდი, ჩემი პროფესიით ვერასდროს ვიმუშავებდი და საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. შავ სიაში ვიყავი.
ცოლი
სააკაშვილის მეუღლე და პირველი ლედი წარმოშობით ნიდერლანდელი სანდრა რულოვსია. დაიბადა 1968 წლის 23 დეკემებრს, ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში.
დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. წყვილი ერთმანეთს შეხვდა 1993 წელს, სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს ნიუ-იორკში გადავიდნენ, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა.
1996 წელს ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობდა.
მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ჰყავთ ორი შვილი - ედუარდი და ნიკოლოზი.
შვილები
მიხეილ სააკაშვილს ორი შვილი - ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავს. უფროსი შვილი ედუარდი, სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა.
15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა. სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, სადაც სწავლის ქულების შეფასებით, 380 კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა.
ის პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის „National Public Radio“-სთან. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს. ჰყავს ებრაული წარმოშობის მეუღლე - ადინე მელვუს-პეტრუსია.
ცნობილია, რომ სააკაშვილის რძალი ადინე მელვუს-პეტრუსია, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.
სააკაშვილის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი ჯერ სკოლის მოსწავლეა. მედიისთვის ნიკოლოზი რამდენჯერმე გახდა აქტუალური თემის მიზეზი. ის უკრაინის აეროპორტში 3 საათის განმავლობაში დაკავებული იყო, მისი გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხმაურიანი გამოსვლების და მოთხოვნების შემდეგ მოახერხა.
თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, რომ ბავშვის დაკავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკრაინაში ჩამოფრენის შემდეგ არავინ დახვედრია. ნიკოლოზი საზოგადოების და მედიის განხილვის საკითხი გახდა მას შემდეგაც, რაც თმა ჯერ მწვანედ, ხოლო მეორედ, ნიდერლანდების მეფის პატივსაცემად, ნარინჯისფრად შეიღება.
ვარდების რევოლუცია
2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგებით გამარჯვებული იყო. თუმცა, ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „გაერთიანებულ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.
ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა.
სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხს საქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რის შემდეგაც 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა.
სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთადერთი რეალური კანდიდატი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.
4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს პრეზიდენტი.
პირველი საპრეზიდენტო ვადა
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით სააკაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის, ასევე, მოსახლეობას შეჰპირდა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებების მიღწევას. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
მისი პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებას, გამსახურდიას მომხრე პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაფუძნდა მთავრობის ინსტიტუტი, გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.
2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა, ასევე, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ტერაქტის მცდელობა
2005 წლის 10 მაისს, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში სიტყვით გამოდიოდა თავისუფლების მოედანზე, ვლადიმერ (ვოვა) არუთუნიანმა ისროლა ხელყუმბარა იმ ადგილზე, სადაც ისხდნენ სააკაშვილი და ჯორჯ ბუში.
ნასროლმა ხელყუმბარამ გაირა ოცი მეტრი, შემდეგ მოხვდა გოგონას და ძირს დავარდა, მაგრამ არ აფეთქდა.
არუთუნიანი იმავე წლის ივლისში დააკავეს, მაგრამ მის დაკავებამდე მან მოახერხა კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ქვლივიძის მოკვლა. ტერაქტის მოწყობის მცდელობისა და მკვლელობისათვის არუთუნიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ნოემბრის აქციები და ტელეკომპანია „იმედის დარბევა“
სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე, ნოემრის აქციებზე.
ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასაც მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ.
საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.
„გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა „დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. „დროების“ ვერსიის მიხედვით, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური).“
ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის „ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი“ სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.
ძალაუფლების დაკარგვა
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება. ზემოთ დასახელებული მოვლენებისა და სხვა ფაქტორების გავლენით მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეიტინგი დაეცა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა და ახალი მთავრობის ფორმირება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა.
ქვეყნის მმართველად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოვიდნენ, ხოლო საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა.
სამართლებრივი დევნა
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა.
2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა.
საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა. სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა.
ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოიტანეს, ასევე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.
2014 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ბრალდებულების დაუსწრებლად შეუფარდა.
ოდესის ოლქის გუბერნატორობა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
2015 წლის 29 მაისს საქართველოში დაბადებულ და იმჟამად უკრაინაში მცხოვრობ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, რის გამოც მან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქის სტატუსი.
2015 წლის 30 მაისს იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.
„ჩვენ გვაერთიანებს ოდესის და უკრაინის მიმართ სიყვარული. მთელი გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებას ოდესის ოლქის ახალ გუბერნატორს“, - აღნიშნა უკრაინის იმდროინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტი 24 რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაიწყო და პირობა დადო, რომ ნულოვანი ტოლერანტობა ექნებოდა კორუფციას.
მან გაანახევრა ადმინისტრაციის თანამშრომლები და შეცვალა სახელმწიფო ადმინისტრაციების ყველა უფროსი.
ოლქის ლიდერები პირველად აირჩიეს ღია კონკურსის საფუძველზე. ასევე, ოდესაში ადმინისტრაციული მომსახურების უნივერსალური ცენტრი ამოქმედდა.
უკრაინაში დაბრუნება
2019 წლის მაისში, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.
2019 წლის 29 მაისს სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში და განაცხადა, რომ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური ამბიციები ამ ქვეყანაში.
4 ივნისს, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შესთავაზა სააკაშვილს გამხდარიყო პარტია „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი.
სააკაშვილმა უარი განაცხადა შემოთავაზებაზე.
2019 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებისათვის ის იყო პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ პროპორციული სიის ლიდერი. პარტიამ მიიღო 0,46% და ვერ მოიპოვა მანდატები. არჩევნებამდე ორი დღით ადრე სააკაშვილმა მოუწოდა თავის ამომრჩევლებს პარტია „ხალხის მსახურის“ მხარდაჭერისაკენ.
სააკაშვილი დღემდე უკრაინაში ცხოვრობს. ქართველ მხარდამჭერებს არ კარგავს და მათ ფეისბუქის მეშვეობით ხშირად მიმართავს. ექსპრეზიდენტი ხალხს ჰპირდება, რომ საქართველოში მალე დაბრუნდება.
{მასალა მომზადებულია 2021 წელს}
აგრეთვე წაიკითხეთ:
II მსოფლიო ომი, ნადრევად დაქვრივება და დაობლებული შილის აღზრდა - ცოტა რამ მიხეილ თაუმანიშვილზე
ვინაა ქართველი ყალბი ფულის მჭრელი, რომელმაც ფულის საბეჭდი დაზგა 7 წელში ააწყო