Digest Logo

II მსოფლიო ომი, ნადრევად დაქვრივება და დაობლებული შვილის აღზრდა - ცოტა რამ მიხეილ თაუმანიშვილზე

1611837881
მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი – ეს სახელი და გვარი ქართული კულტურის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. მისი სპექტაკლები, მისი აღზრდილი მსახიობები, მისი დაარსებული თეატრი – ქართულ თეატრალურ სამყაროში სრულიად განყენებული მოვლენაა და მას მიხეილ თუმანიშვილის ხელწერა ჰქვია.

მიხეილ თუმანიშვილი რეჟისურით ბავშვობიდან დაინტერესებულა, სპექტაკლებს თურმე ეზოში დგამდა. მისი ცხოვრება ხელოვნებაში მარცხით იწყებოდა და ტრიუმფებით გვირგვინდებოდა... საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა :

„ეს იყო დრამატული თეატრის აღმოჩენა. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა ყველაფერმა მეორე პლანზე გადაიწია. მხოლოდ თეატრი. ჭკვიანი, მამაცი, შთაგონებული ადამიანები, ციხე-კოშკები, გრიგალისგან ამოგლეჯილი ხეები, მოვლენათა სწრაფი დინება და უმთავრესი – ბრძოლა სამართლიანობისთვის, ბრძოლა ჭეშმარიტი გამარჯვებისთვის. რამდენიმე კვირა გონს ვერ მოვდიოდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. მძულდა ფრანც მოორი, რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობდა აკაკი ვასაძე და უსაზღვროდ მიყვარდა კარლი – აკაკი ხორავა, ჭაბუკურად მეოცნებე, ფიცხელი. ახმეტელი კი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი.“

რეჟისორობაზე უარი არც მაშინ უთქვამს, როცა სამხედროში გაიწვიეს. სპექტაკლებს ჯარშიც დგამდა. მიხეილ თუმანიშვილი მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, სადაც რამდენჯერმე დაჭრეს, გერმანელების ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე უარი არ თქვა და სამშობლოში დაბრუნებულმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფში მოხვდა და აღმავლობის ხანაც დაიწყო.

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე იმ პერიოდში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და სულ ამბობდა: „იღბალი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მიხეილ თუმანიშვილად დაიბადო და რეჟისურის მასწავლებლად ტოვსტონოგოვი მოგევლინოს.“

თავდაპირველად რეჟისორი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სადაც განახორციელა თავისი საეტაპო სპექტაკლები „ჭინჭრაქა“, „ანტიგონე“, „ესპანელი მღვდელი“. თეატრალურ ინსტიტუტში ცნობილი მეთერთმეტე აუდიტორია ჰქონდა, სადაც კინომსახიობთა თეატრი ჩამოაყალიბა. გასული საუკუნის 70-იან წლებში კი მიხეილ თუმანიშვილმა ექსპერიმენტული ჯგუფი ჩამოაყალიბა და რეჟისორები და მსახიობები გააერთიანა, რეჟისორები მსახიობებთან ერთად დგამდნენ სპექტაკლებს და ეს ერთიანობა მათთვისაც საინტერესო იყო და მაყურებლისთვისაც. თავისი სტუდენტების გარდა, მიხეილ თუმანიშვილს ლილი იოსელიანის სტუდენტებიც მოსწონდა.

მიხეილ თუმანიშვილს ცხოვრებაში ორი მთავარი საქმე ჰქონდა – პედაგოგობა და რეჟისორობა. სწორედ ეს ორი საქმე მიაჩნდა თავის მთავარ მოწოდებად. მსახიობობის მსურველი თავიდანვე უნდა ეზიაროს ყველაფერს, რომ თეატრში უკვე პროფესიონალი მივიდესო, ამბობდა რეჟისორი. ხშირად მასზე მსახიობები ამბობდნენ, თეატრში ძალიან მომთხოვნია და ჭირვეული ხასიათი აქვსო, რასაც თავადაც ეთანხმებოდა: დიახ, ნამდვილად ასეა, მძიმე ხასიათი მაქვსო. არ უყვარდა, როცა მსახიობი ოჯახდებოდა, რადგან იცოდა, რომ ან თეატრიდან წავიდოდა, ან თუ დარჩებოდა, სხვა რამეზე გადაერთვებოდა. მას სურდა, რომ სხვებიც ისე ბოლომდე დახარჯულიყვნენ, როგორც თვითონ. ასეთი ქმედების გამო, მას ნათელა ურუშაძე ფანატოკოსს ეძახდა:

„თვითონ ფანატიკოსია და იგივეს სხვებისგანაც ითხოვს. ერთი ფანატიკოსი რომ იყოს არაუშავს, მაგრამ ყველა ფანატიკოსი ხომ არ გახდებაო.“

მიხეილ თუმანიშვილის პირადი ცხოვრება

მიხეილ თუმანიშვილის პირველი მეუღლე ნინელი ჩიქოვანი იყო. ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. გულის მანკით დაავადებულმა გოგონამ არ დაუჯერა მშობლებს და კატეგორიული უარის მიუხედავად, მაინც ჩააბარა სამსახიობოზე. მისთვის არც გათხოვება შეიძლებოდა და მით უმეტეს, არც ბავშვის გაჩენა, მაგრამ მან ყველაფერზე მაღლა თავისი სიყვარული დააყენა და გოგონა გააჩინა.

რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, მან რუსთაველის თეატრში მხოლოდ ერთი წელი იმუშავა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ თუმანიშვილის თხოვნით, მსახიობობას თავი დაანება. სიცოცხლის ბოლომდე ის მეუღლის გვერდით იყო და რეჟისორულ საქმეებში აქტიურად ეხმარებოდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილი დაქვრივდა, მისი გოგონა 13 წლის იყო. მამა მას ფანტაზიორობას ასწავლიდა, ღრუბლებს აყურებინებდა და თან ეუბნებოდა, ეს ღრუბელი ეტლს ჰგავს, ეს ცხენსო, იგივე ხერხს მიმართავდა შვილიშვილებთან ურთიერთობისასაც. ხშირად ამბობდა, ადამიანს ნებისმიერ ასაკში ეს აღტაცება უნდა ჰქონდეს და შინაგანად აღარ დაბერდებაო.

რამდენიმე წლის შემდეგ რეჟისორი მეორედ დაქორწინდა. ლეილა ღლონტს და მიხეილ თუმანიშვილს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ჯერ მეგობრობდნენ, მერე კი ოჯახი შექმნეს. ის დაობლებულ გოგონაზე ზრუნავდა და სითბოს და სიყვარულს არ აკლებდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ ეს ტრაგედია რთულად გადაიტანა, დეპრესიაში ჩავარდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

საკუთარი სპექტაკლების ყურება არ უნდოდა, „როცა ვუყურებ, მინდა, რომ სცენაზე ავვარდე და გავასწოროო.“ სულ ამბობდა, იმას ვერ მივაღწიე, რაც მინდაო. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა. თავის სპექტაკლების პრემიერამდე ნერვიულობას რამდენიმე დღით ადრე იწყებდა, ამ პრემიერას რა გადამატანინებსო. სულ ამბობდა, სპექტაკლის დადგმა მშობიარობას ჰგავს, სანამ ბავშვი არ გაჩნდება, არ იცი როგორი იქნებაო. რეჟისორს ისიც ანერვიულებდა, რომ პრემიერის დღეებში სცენაზე უნდა გამოსულიყო და მაყურებლისთვის თავი დაეკრა. საჯარო გამოსვლები მას არასოდეს ხიბლავდა, რადგანაც ერიდებოდა.

მას მიაჩნდა, რომ მისგან რეჟისორი ვერ დადგა. ამ აზრს ხშირად თავის შვილსაც უზიარებდა: „ჩემგან რეჟისორი არ დადგა, ვერასდროს მივაღწიე იმას, რაც მინდოდა.“

ასაკის მატებას რეჟისორი განიცდიდა, მაგრამ საკმარისი იყო სტუდენტებთან სამუშაოდ მისვლა, რომ ასაკიც ავიწყდებოდა და ყველანაირი დაავადებაც:

„ძალიან ცუდია სიბერე. ცუდია იმით, რომ ამ დროისთვის გამოცდილებაც გაქვს, გეგმებიც, ფიზიკური ძალა კი აღარ შეგწევს, გააკეთო ის, რაც გინდა და როგორც გინდა. თანაც ჭირვეული ხასიათი მაქვს. დილა რომ თენდება, სულ იმას ვფიქრობ, ცუდად არ გავხდე-მეთქი. კიდევ კარგი, ისეთი მეუღლე მყავს, რომ თუ მე შევჩივლე, რამე მაწუხებს-მეთქი – 70 წლის ასაკში ასეც უნდა იყოსო, – მპასუხობს და ეს ცოტათი მამშვიდებს. 70 წლისა კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან ყოველთვის ვიმუშავებ იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამასწინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. მივედი თეატრში, სარეპეტიციო დარბაზში შევედი და დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს!“, - ამბობდა მიხეილ თუმანიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სირთულეებმა თავისი ქნა – მიხეილ თუმანიშვილს სამჯერ დაემართა ინფარქტი. მესამედ უკვე მძიმე ფორმებში და ვეღარც გადაიტანა. მაესტრო 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანი ცოლიან კაცთან, 18 წლით უფროსი ქმარი და ერთადერთი შვილი - ამბავი მარინა კახიანზე

დედამთილმა ტყუპების ნაყოფი ძალით მომაშორებინა - თამარ სხირტლაძის გარდაცვლილი ქმარი-შვილი და თეტრში გატარებული წლები

ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე