„იცით, ქართველებს პირველი სადღეგრძელო მშვიდობისა გვაქვს. ადრე ეს ბანალურად გვეჩვენებოდა, ახლა კი, სამოქალაქო ომის შემდეგ, როცა მეზობელი მეზობელს მოეკიდა მტრად, ამ სადღეგრძელოს სულ სხვა დატვირთვა მიეცა. თურმე, მშვიდობა ყოფილა ყველაზე მთავარი – მშვიდობა ქვეყანაში“, – წერდა სოფიკო ჭიაურელი თავის დღიურებში, რომელიც სავსე იყო საინტერესო დეტალებით.
ლეგენდარულ მსახიობზე რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დედა, ვერიკო ანჯაფარიძე აღშფოთებით ამბობდა: რა უნიჭო გოგო მყავს! რა არის ეს? რისთვის მომეზღოო?
დედისგან განსხვავებით მამა იყო აღფრთოვანებული შვილით, როგორ ცუდადაც არ უნდა ეთამაშა გენიალურიაო, ამბობდა. მიხეილ ჭიაურელი შვილს აღმერთებდა.
დედა კრიტიკულად ეპყრობოდა, მაგრამ ერთხელ, როცა მათ სახლში მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა, ვერიკო ანჯაფარიძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე – მე!“
თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაღებულ ფილმში „ნატვრის ხე" ფუფალას როლში გადაიღო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, ფილმმა საქვეყნო აღიარება და მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
ტრილოგია სამი ფილმისგან შედგებოდა (ვედრება, ნატვრის ხე, მონანიება) როდესაც რეჟისორი 1984 წელს, მესამე ფილმს „მონანიებას" იღებდა, ბოლო სცენაში, სადაც მოხუცი ქალი ტაძრისკენ მიმავალ გზას ეძებს სოფიკო ჭიაურელის გადაღება უნდოდა, რადგან რეჟისორს წარმოედგინა რომ ეს არის დაბერებული ფუფალა და ამ პერსონაჟით ერთიანდებოდა ტრილოგიის ფილმები, მაგრამ თენგიზ აბულაძემ მსახიობისგან უარი მიიღო, სოფიკომ ამ ეპიზოდში სათამაშოდ რეჟისორს დედა, ვერიკო ანჯაფარიძე შესთავაზა, მოგვიანებით ეს როლი სწორედ ვერიკო ანჯაფარიძემ ითამაშა. თავად სოფიკო ჭიაურელი ასე იხსენებდა ამ ისტორიას:
„როცა თენგიზ აბულაძე მონანიებას იღებდა, უნდოდა, რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს, მე მეთამაშა. ის ფიქრობდა, რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა. მახსოვს, დამირეკა და მითხრა: სოფიკო, ასე ვფიქრობ და მოდი, მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშავოთ, რომ შენ რაღაცნაირად დაგაბეროთო. მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, რად გინდათ, რომ ახლა ჩვენ გრიმზე ვიმუშაოთ, ხომ იქნება რაღაც არაესთეტიკური ამაში. რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოსო. მე ვუთხარი, მე ვაკადრებ, მე ვეტყვი-მეთქი. მართლაც ვუთხარი ვერიკოს: დედა, აქვე გადაგიღებენ, ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ-მეთქი და დავითანხმე. შედგა გადაღება და მგონია, რომ „მონანიებიდან“ ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია.“
- ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს? ეს გზა, ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს?
- ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.
-არა? მაშ რა საჭიროა იგი, რის მაქნისია გზა თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?
დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ვარსკვლავი სოფიკო ჭიაურელი პრესის ჟურნალისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა. ის გარდაიცვალა ფიქრის გორაზე, იმავე სახლში, სადაც 1937 წლის 21 მაისს დაიბადა, სახლში, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა ვერიკო ანჯაფარიძეს პირველი პაემნის ადგილას აუგო.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები⤵️
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ
რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია
ვინ იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა