საქართველოში იმუნიზაციის დაბალ აქტივობას დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველოში ადამიანები ღმერთის გამოცდას განაგრძობენ. სასულიერო პირი „საქართველოში ღმერთის გამოცდის ქრონოლოგიას“ გვთავაზობს:
„როცა პირველად გავრცელდა Covid 19, პირველ ეტაპზე აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა უმრავლესობა – კარანტინსაც დაემორჩილნენ, სახლშიც ჩაიკეტნენ და პირბადეც გაიკეთეს. შედეგიც სახეზე იყო: საქართველოში თითქმის არ გვყავდა ვირუსით გარდაცვლილი. მაგრამ უმალ გამოჩნდნენ მაცდური რელიგიური თუ არარელიგიური ფანტაზიორები და მოჰყვნენ ზღაპრებს, რომ თურმე რაღაც ზეციური თუ გენეტიკური რჩეულობის გამო ქათველებს ვირუსი არ ეკარებათ. დაიჯერა ხალხმა და დაიწყეს ღმერთის გამოცდა. თქვეს: საქართველოში ვირუსი ვერ შემოვაო და თავისუფლად შემოვიდა და გავრცელდა. შემდეგ თქვეს: ვირუსი საერთოდ არ არსებობსო და თავად შეხვდათ და ზოგიერთი გარდაიცვალა ამ ვირუსით. შემდეგ თქვეს: ვირუსი არსებობს, მაგრამ მორწმუნეს, მლოცველს და მაზიარებელს არ ეკარებაო და ვინც ამას ქადაგებდა, სწორედ ის დაავადდა ვირუსით მძიმედ, თავად სასულიერო პირები, მღვდელმთავრები და მღვდლები დაავადდნენ, ბევრი გარდაიცვალა კიდეც. შემდეგ მოიღო წყალობა ღმერთმა და მეცნიერებამ შექმნა აცრა.
ამათ კი ისევ თქვეს: არ ავიცრებით, რადგან აცრა ანტიქრისტეს ბეჭედია და ღმერთის ღალატიო. შემდეგ სიკვდილის ცელმა მაინც რომ შეაშინა, თქვეს: ავიცრებით, ოღონდ ჩინური ვაქცინით არა, გერმანული ან ამერიკული გვინდაო. ახლა თავზესაყრელად აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინები, პფაიზერი გამოუყენებელი რჩება, წამალი ფუჭდება და ესენი კვლავ არ იცრებიან. ამასობაში 8 664 ადამიანი იმსხვერპლა კორონა ვირუსმა, სულ ახალგაზრდები, თოთო ბავშვები, ორსულები, შუახნის ხალხი, მოხუცები. 8 664 ადამიანი ამ პატარა ქვეყნისთვის. აცრილ, შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხალხი და ესენი კი კვლავ ჯიუტად აგრძელებენ ღმერთის გამოცდას. დღეს კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ ხალხს ნეტავ რისი იმედი გაქვთ? არ მიპასუხოთ ღმერთისო. ღმერთის იმედი ჰქონდათ იმ აუცრელ გარდაცვლილებსაც. იცოდეთ, რომ ღმერთი იმას იცავს და იფარავს ვინც გონივრულად და თავმდაბლურად იქცევა და მის წყალობას ხელს არ ჰკრავს. თქვენი ნებაა – გააგრძელეთ ღმერთის გამოცდა და ნახავთ ეს ამპარტავნება სად მიგიყვანთ“, – ნათქვამია მოძღვრის ფეისბუკ-პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე“ – გეგეჭკორი ინფორმაციას ავრცელებს
🔵არ მესმის, როგორ დაუშვა კასპაროვმა ასეთი შეცდომა - კარპოვი გაფრინდაშვილის სარჩელზე
🔵7 საბედისწერო თარიღი, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრამდე, თქვენს ცხოვრებას შეცვლის