Digest Logo

შვილმკვდარი მამა, ჩაპლინის სანთელი - აკაკი ხორავას ტრაგედია

1610529341
აკაკი ხორავა

გიორგი სააკაძე, არსენა, კარლ მოორი, ივანე მრისხანე, კაპიტანი ბერსენევი, მეფე ლირი, ოიდიპოსი, ოტელო – ეს აკაკი ხორავას მიერ შექმნილი სცენური და კინოსახეების არასრული სიაა.... დიახ, მის სახელს მხოლოდ ოტელო და მეფე ლირიც შეასხამდა ფრთებს, თუმცა ხორავა ბევრად უფრო დიადი, არაამქვეყნიური ფენომენი გახლდათ.

დღეს მის მიღწევებსა და დამსახეურებებზე გესაუბრებით. იცოდით, რომ მის წინაშე თავს იხრიდა თვით ჩარლი ჩაპლინი, ხოლო სამეგობრო წრეში შედიოდნენ პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე.

აკაკი ხორავა უდიდესი არტისტი იყო, იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, საოცარი ხავერდოვანი ხმით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასხვის განსაკუთრებული ოსტატობითა და მასშტაბურობით. როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავენ, „ის იყო ადამიანი, რომელმაც სიყვარულიც იცოდა და მტრობაც, დამარცხებაც უგემია და გამარჯვებაც უზეიმია, სიკეთეც უთესია და უმადურობაც მოუმკია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ერის სულიერ ფასეულობათა საგანძურში“.

ბიოგრაფია

აკაკი ხორავა დაიბადა 1895 წლის 17 აპრილს სოფელ ოჩხომურში, ახლანდელ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მამა – ალექსი ხორავა იძულებული იყო ქალაქში წასულიყო, რათა ოჯახი ერჩინა. იგი სახარაზო სახელოსნოში მუშაობდა, აკაკის აღზრდაზე კი, ძირითადად, დედა – კესარია შურღაია ზრუნავდა. ხელმოკლეობის მიუხედავად მამამ თავის ვაჟს განათლების მისაღებად ყველანაირი პირობა შეუქმნა. თავიდან ბიჭი სოფლის სკოლაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს.

იგი ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი და პედაგოგი იყო, რომელმაც მოღვაწეობის პერიოდში უამრავი ადამიანის გული დაიპყრო.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლობდა თბილისისა და კიევის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე.

მონაწილეობდა სცენისმოყვრეთა წარმოდგენებში, მათ შორის, თბილისის მუშათა კლუბში, სახალხო თეატრში, რომელსაც იმ პერიოდში ცნობილი ქართველი დრამატურგი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა. სწორედ შალვა დადიანი იყო მომავალი მსახიობის პირველი უშუალო მასწავლებელი სასცენო ხელოვნებაში.

მთელი თავის ცხოვრება დაუთმო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.

ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია.

მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში.

მან მიიღო მონაწილეობა უამრავ თეატრალურ დადგმასა და ფილმებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფილმები მისი მონაწილეობით: გიორგი სააკაძე (გიორგი სააკაძე), სკანდერბეგი (ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი), გიჟუა (რაც გინახავს, ვეღარ ნახავ).

აკაკი ხორავას მრავალი მეგობარი ჰყავდა: საფრანგეთში — პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე, გერმანიაში — ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი.

ხორავა, როგორც ოტელო

პირველი როლი რუსთაველის თეატრის სცენაზე აკაკი ხორავამ შალვა დადიანის პიესაში („გეგეჭკორი“ – მოსამართლე ხეცია) ითამაშა. შემდეგ უკვე არაერთი საინტერესო სახე შექმნა თეატრსა და კინოში, მათ შორის, ვენეციელი მავრი – ოტელო, რომლის შესრულებამაც მსოფლიო სახელი მოუტანა.

აკაკი ხორავამ ოტელო (რეჟისორი შ. აღსაბაძე) პირველად 1937 წელს ითამაშა. მას შემდეგ მსახიობის ყოველი გამოსვლა შექსპირისეული ვენეციელი მავრის როლში ხელოვნების ჟეშმარიტ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა, მაყურებელი საყვარელ მსახიობს თეატრის შესასვლელთან ელოდებოდა და ხშირად ახალგაზრდებს იგი ხელში აყვანილი მიჰყავდათ სასტუმრომდე.

აკაკი ხორავას სცენაზე შექსპირის სხვა გმირებიც აქვს განსახიერებული, მაგრამ მავრის როლი მისთვის საყვარელი სცენური სახე და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

ხორავა-ოტელოს განუმეორებლობა 1949 წელს ლონდონში შექსპირის იუბილესთან დაკავშირებულ ფესტივალზეც გაცხადდა. მსახიობმა სცენაზე მონოლოგი წაიკითხა „ოტელოდან“. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხორავას წაკითხული მონოლოგი ცუდად იყო შესრულებული.

„ვიდექი გაოგნებული, ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა… ჩავთვალე, რომ არ გამომივიდა. ამ დროს დგება ჩარლი ჩაპლინი, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, გაჰკრავს ასანთის ღერს და აანთებს. კომისიის დანარჩენი წევრებიც იმავეს აკეთებენ. დარბაზიც მათ მიბაძავს. თურმე, ეს მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება ყოფილა, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“, – იხსენებდა შემდგომში თავად აკაკი ხორავა.

ხორავა, როგორც გიორგი სააკაძე

მაყურებელს დღემდე აღაფრთოვანებს მისი გიორგი სააკაძე – ერთ-ერთი საუკეთესო კინოროლი აკაკი ხორავას კინოშემოქმედებაში, რომელიც ომის წლებში შეიქმნა.

სხვათა შორის, მან ეს როლი თეატრშიც ითამაშა ს. შანშიაშვილის პიესაში „გიორგი სააკაძე“. სწორედ ამ პიესის წარმატებამ დააჩქარა ფილმის გადაღების საკითხი აღნიშნულ თემაზე. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ გიორგი სააკაძის როლს აკაკი ხორავა ითამაშებდა, თუმცა ვის სცენარს (ორი პარალელური სცენარი იქმნებოდა – ერთს გიორგი ლეონიძე წერდა, მეორეს-ანა ანტონოვსკაია და მისი ვაჟი ბორის ჩორნი) მიენიჭებოდა უპირატესობა, ეს სტალინს უნდა გადაეწყვიტა. სტალინის გადაწყვეტილება ანა ანტონოვსკაიას და ბორის ჩორნის სცენარზე შეჩერდა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სტალინმა თავისი სახელობის პრემია სწორედ აკაკი ხორავას გამო დააწესა და 1946 წლის 26 იანვარს პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატები გახდნენ: ფილმის რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი და მთავარი როლების შემსრულებლები – აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე.

უცნობი ისტორია

მოსკოვში XX საუკუნის აღიარებული მსახიობი ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. ხორავას და მის თანმხლებთ — გიგა ლორთქიფანიძესა და ნათელა ურუშაძეს ბილეთები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ, გზას ფეხით გაუდგნენ. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი: Хорава! Хорава! Хорава идет! უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო. საღამოს შემდეგ კაჩალოვმა თქვა:

„შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა… ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს“.

მეუღლე

აკაკი ხორავას მეუღლე ნინო ალექსი-მესხიშვილიც მსახიობი იყო. მათ ერთმანეთი რუსთაველის თეატრში გაიცნეს და 1925 წელს იქორწინეს. შეეძინათ ვაჟი – თემური, რომელსაც ექიმებმა, სამწუხაროდ, სამი წლის ასაკში მძიმე დაავადება აღმოუჩინეს და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. წყვილს შვილი აღარ ჰყოლია. ისინი ერთად 48 წელი ცხოვრობდნენ.

ჯილდო

აკაკი ხორავა უამრავი ჯილდოს ავტორია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით. წარმატებული მსახიობი გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნისს, თბილისში.

საღამო გამოსალმებისა

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში აკაკი ხორავა მძიმედ დაავადდა – მსახიობს ლიმფური ჯირკვლების კიბო აღმოაჩნდა. რვა წელი ებრძოდა იგი ავადმყოფობას, მაგრამ მაინც თეატრსა და თეატრალურ ინსტიტუტზე ფიქრობდა, ინსტიტუტში მომხდარი ყველა ამბის საქმის კურსში იყო და მის ყოველდღიურობაზე ზრუნვა სურდა, უნდოდა მეცადინეობაზე მისულიყო… შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ძლიერ, მამაც ადამიანად დარჩა. როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებმა ალერსიანად ჰკითხეს, რა საჩუქარი მიეძღვნათ მისთვის, მან დაუფიქრებლად უპასუხა – „სიცოცხლე!“

როცა აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა ასე დასრულდა:

„მშვიდობით ანზორ, მშვიდობით ოძელაშვილო, მშვიდობით კარლ მოორ, მშვიდობით დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით ოიდიპოს, მშვიდობით გმირო ოტელო, მშვიდობით პირველო არტისტო!“


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია

მშობლები მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ, რობერტს ჩუმად გავყევი – ბარძიმაშვილის მეუღლე

სასიკვდილო ჭრილობა და მეორედ სიცოცხლე - თენგიზ არჩვაძის უცნობი ისტორია