ბიძინა კულუმბეგოვი ია ფარულავამ თბილისში ყველაზე სასურველ მამაკაცად „ოფიციალურად გამოაცხადა“. ბიძინა კულუმბეგოვს კი მხოლოდ ალერგიებითა და რჩევებით ვიცნობთ. მისი პირადის შესახებ არაფერი ვიცით.
რამდენიმე თვის წინ ის პირად საკითხებზე ჟურნალისტებს ესაუბრა და სასურველი ქალის კრიტერიუმები თავადაც გაუმხილა:
„ოჯახს ოჯახის გამო არ შევქმნი, ჩემთვის მნიშვნელოვანია სიყვარული. როცა შემიყვარდება, ამ გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ,მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ, არ ვთვლი, რომ ოჯახის შექმნას ვაგვიანებ. ჩემი დიდი ოჯახიც ლიბერალურია. შემომაპარებენ ხოლმე, რომ შვილიშვილი უნდათ, მაგრამ ამის იქით დაძალება არ მიდის.
კარიერაზე ორიენტირება ხომ არ გიშლით ხელს ოჯახის შექმნაში?
ბევრი მინახავს ისეთი, რომლებიც კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები არიან, ამიტომ საქმეს ამ კუთხით არ განვიხილავ. როცა სწორად იპოვი ბალანსს, პირიქით, ოჯახი უფრო დაგეხმარება კარიერულ წინსვლაში.
თქვენი რჩეული შეიძლება იყოს თეთრხალათიანი თუ გაურბიხართ ამ პროფესიის ადამიანებს პირად ურთიერთობებში?
ჩემთვის ტაბუირებული პროფესიები არ არსებობს. შეიძლება არ გინდოდეს სახლშიც სამედიცინო თემებზე საუბარი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვერდით ექიმ ქალს ვისურვებდი ან არ ვისურვებდი.
ჩემთვის მთავარია, გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელიც მიზანმიმართული და წარმატებული იქნება თავის პროფესიაში. მყარი და ძლიერი უნდა იყოს. სუსტი ქალი არ მხიბლავს. ჩემი ოჯახი უნდა იდგეს განათლებასა და ერთგულებაზე. ზუსტად ვიცი, რომ სიმდიდრეზე ვერ იდგება.
მიუხედავად იმისა, რომ ლამის 24 საათიან საინფორმაციო რეჟიმში ვცხოვრობთ, მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ დაავადების შესახებ და ბევრი მითიც არსებობს მასზე. თქვენი დაკვირვებით, რასთან გვაქვს საქმე?
დღეს მთელი მსოფლიო ამ დაავადების გარშემო მითების და ცრუ ინფორმაციების მსხვერპლია. ბევრი მითი ტრიალებს, რომლებიც უკავშირდება წნევის წამლებს, ცხელი წყლის დალევას, ნივრის დიდი დოზით მიღებას… „პანდემიის“ მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს და უსაფუძვლო ხმებს არ აჰყვეს.
ვფიქრობ, საქართველოში საზოგადოება უფრო სწორად არის ინფორმირებული, რაც ქართული მედიის დიდი დამსახურებაა. მე შეთქმულებების თეორიების არასდროს მჯერა და ისტორიასაც თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ადრეც მომხდარა ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსების გადასვლა და გავრცელება.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის დირექტორის, რობერტ რედფილდის, ისტორიული ფრაზაა, რომ კაცობრიობას ორი საფრთხე აქვს: ახალი ვირუსები, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზებით ვრცელდება და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა.
მიუხედავად ამ არცთუ სახარბიელო რეალობისა, მაინც ვთვლი, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, მეცნიერება, ტექნოლოგია უფრო წინ არის წასული და ყველა სახის ეპიდემიაზე სწრაფი რეაგირება მოხდება. მსოფლიოში ყოველწლიურად 9,6 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოთი, 15 მილიონი – გულის ინფარქტით და ინსულტით, 250 ათასი – ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით – 3 მილიონი.
კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ სტატისტიკის მეათედიც არ იქნება. უბრალოდ საფრთხე ის არის, რომ ჯერჯერობით არ არის წამალი, რომელიც ადამიანს მიზანმიმართულად უმკურნალებს და პრევენციის მიზნით აცრა არ არსებობს.
თუმცა კიბოს და მსგავსი დაავადებების გამო მთელი მსოფლიოს გამოკეტვა სახლებში არ მომხდარა.
სანამ წამალი არ არსებობს, მანამდე მისი გავრცელების არეალი სახიფათოა. ვირუსს აქვს პოტენციური შანსი, რომ მსოფლიოს 80 პროცენტი დააავადოს, ანუ დაახლობით 6,5 მილიარდი ადამიანი.
ამ რიცხვიდან სიკვდილიანობის 2-3 პროცენტი რომ აიღო, შეიძლება 180 მილიონი იყოს მსხვერპლი. დღეს მედიცინას და კაცობრიობას ამის ეშინია.
რა იქნება, როგორია თქვენი მოლოდინი?
მგონია, რომ წამალი იმაზე ადრე გამოჩნდება, ვიდრე მოლოდინი გვაქვს. პრეპარატის შექმნაზე ისეთი სერიოზული კომპანიები მუშაობენ, რომ დარწმუნებული ვარ, შედეგიც მალე დადგება. თვენახევარი, ორი თვე მაქსიმალურად მოგვიწევს თვითიზოლაციის რეჟიმით ცხოვრება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
ექიმობა თქვენი ოჯახური ტრადიციაა?
არა. ჩემს მშობლებს ამ პროფესიასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ. ეს ბავშვობიდან ჩემი არჩევანი იყო და სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია.
სკოლა ხონში დავამთავრე და, როცა თბილისში სამედიცინოზე ჩასაბარებლად ჩამოვედი, ქიმიის გამოცდაზე ჩავიჭერი.
ხონში რომ დავბრუნდი, მშობლებმა მაშინ მითხრეს, იქნებ სხვა სპეციალობა ამერჩია. თან იმ დროს იმერეთის რწმუნებულმა, თემურ შაშიაშვილმა, შემოიღო ახალი წესი, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში უგამოცდოდ მოვხვდებოდი და პირველ კურსს თუ ხუთიანებზე დავხურავდი, სწავლის გაგრძელებას უფასოდ შევძლებდი.
ოჯახი მთხოვდა, რომ ეს შანსი გამომეყენებინა და იურიდიულზე ჩამებარებინა, მე კი სამედიცინო იმდენად მინდოდა, რომ ეს შანსი არ გამოვიყენე და მეორე წელს მოვხვდი იქ, სადაც მინდოდა.
გაცილებით ადვილია გაკვალულ გზებზე სიარული. რადგან თქვენს ოჯახში ექიმი არავინ იყო, ალბათ სხვებზე მეტი სწავლა, შრომა დაგჭირდათ იმისთვის, რომ ამ სფეროში თავი დაგემკვიდრებინათ.
ყველა ადამიანს მონდომებასთან ერთად ბედ-იღბალიც სჭირდება. წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭიერება და შრომისუნარიანობა საკმარისი არ არის. მე გამიმართლა, რომ ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი, რომლებმაც მომცეს საშუალება, უფრო მეტად წარმომეჩინა თავი. ადამიანური მხარდაჭერით რაც შეიძლება, ყველაზე კარგი გზა გამოვიარე.
ჩემს კურსზე 112 ადამიანი სწავლობდა და დღეს მხოლოდ 10 ვართ ექიმი. ჩემზე კარგადაც სწავლობდნენ, მაგრამ წარმატებულები ვერ გახდნენ თავიანთ სფეროში. აქ პიროვნული ხიბლი, კომუნიკაბელურობა და ქარიზმატულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ალერგოლოგის სპეციალობა რატომ აირჩიეთ?
ისეთი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია, რომ ამ პროფილს გავყოლოდი. ყველაფერი ბედნიერი დამთხვევის შედეგია. 2008 წელს დავამთავრე რეზიდენტურა პედიატრიის განხრით. არ მინდოდა, ზოგადი პრაქტიკის ექიმი ვყოფილიყავი. მსურდა, ვიწრო სპეციალობა შემესწავლა.
ამ დროს გაჩნდა შესაძლებლობა _ იქ, სადაც ახლა ვმუშაობ, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ახალგაზრდა კადრებს ეძებდა. ჩემმა ლექტორმა შემომთავაზა, რომ ძალები ამ დარგში მომესინჯა.
მიმამაგრეს მაია გენგიურთან, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის და სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ეს საქმე ისე შემყვარებოდა, როგორც მას უყვარდა.
რა ხიბლი, თუნდაც აზარტი აქვს თქვენს პროფესიას?
მედიცინაში მადლიერი პაციენტი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ალერგიის მკურნალობასა და მართვაში ბევრი გამარჯვებაა, რაც ადამიანს კიდევ უფრო გაბედნიერებს. ონკოლოგიისა და რეანიმაციის დარგისგან განსხვავებით, ჩვენი უფრო ოპტიმისტურია.
თქვენი პაციენტების დიდი ნაწილი ბავშვია. როგორი მიდგომა გაქვთ მათთან?
ჩემი პაციენტების დიაპაზონი ასე გამოიყურება: 40 პროცენტი დიდები და 60 პროცენტი – პატარები. რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, სანამ ავადმყოფობის ისტორიას გავეცნობი, ბუნებრივია, ბავშვთან კონტაქტში შევდივარ.
ამ კორონავირუსმა ძალიან შემზღუდა, რადგან პატარების მოფერება მიყვარდა. ჩემებური ტაქტიკა მაქვს, ყველაფერს თამაშ-თამაშით ვიწყებთ.
საერთოდ პაციენტთან ცივად მიდგომა არ შეიძლება, მის ემოციებში უნდა შეხვიდე. მშობლები ხშირად მეუბნებიან, ჩვენი შვილები ყველა ექიმთან ტირიან, თქვენთან კი სიხარულით მოდიანო.
რთული გზა გამოიარეთ დღევანდელობამდე? ალბათ ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწიათ იმის გამო, რომ ამ პროფესიის შესწავლა დიდ დროს მოითხოვს.
უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ექიმობამდე 10 წელი გავიდა. როცა ამ პროფესიას ირჩევ, მზად უნდა იყო, რომ სწავლა დიდხანს მოგიწევს. უკან რომ ვიხედები, ჩემი ცხოვრებიდან არც ერთ წუთს არ ვთვლი დაკარგულად. ეს იყო ჩემი არჩევანი და, სწავლის პროცესი კიდევ უფრო რომ გახანგძლივებულიყო, ამისთვისაც მზად ვიყავი.
ყოველთვის მქონდა სტიპენდია და სწავლის პარალელურად საღამოს 4 საათიდან 10 საათამდე ვმუშაობდი ,,ავერსში”. ექიმის წარმატების ერთ-ერთი ნაწილია, გქონდეს ფინანსური სტაბილურობა, რომ საკუთარ საქმეზე იყო ორიენტირებული და სხვა პრობლემებზე არ გადაერთო.