Digest Logo

„უშვილობაზე არ წუხდა, ძაღლები უყვარდა, პარტერის ნგრევაზე გული გაუსკდა“ - მოგონებები თენგიზ ჩანტლაძეზე

1610873751
თენგიზ ჩანტლაძე

მინიატურა მილიციაში 4 სტუდენტის თავგადასავლის შესახებ, ხომ გახსოვთ?

მთავარი პოლიციელი თენგიზ ჩანტლაძეა, რომლის პერსონაჟიც ბევრმა ადამიანმა შეიყვარა.

დღეს სწორედ ყველაზე მხიარული კაცის, თენგიზ ჩანტლაძის, შესახებ გიამბობთ, რომელსაც სირთულეებით სავსე ცხოვრება ჰქონდა.

მშობლები

თენგიზის მშობლები ძალიან საინტერესო პიროვნებები იყვნენ. ორივეს გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. დედა დიასახლისი გახლდათ, გარეგნობით სიმპათიური ქალბატონი. თეატრში ახალი მსახიობი რომ მოვიდოდა, აათვალ-ჩაათვალიერებდა და იტყოდა, ეს სად იშოვეთო?!

თენგოს მამა ფინანსისტი იყო, აკადემიკოსი, პროფესორი, უნივერსიტეტის კათედრის გამგე, მრავალმხრივი განათლების ადამიანი. ის მუსიკის მოტრფიალე იყო და მხატვრობაშიც მოსინჯა ძალები. საოცრად უყვარდა ტრადიციული ქართული სუფრები, მაგრამ თავად ერთ ჭიქა ღვინოზე მეტს არასოდეს სვამდა. სტუმართმოყვარე ოჯახი იყო და მეც ასეთი ვიყავი. თენგიზის დედ-მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.

მშობლებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გამოსულიყო. იმდროს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად სამედიცინო ინსტიტუტი ითვლებოდა. თვითონ არ აურდა. იმ პერიოდში ასევე, ძალიან პოპულარული სასწავლებელი იყო „გეპეი“ და გეოლოგიურ ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები.

„გეპეის“ თავისი ცნობილი, პროფესიული დონის ორკესტრი ჰყავდა, საიდანაც მომღერლების დიდი ნაკადი წამოვიდა. სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორმა, დორიან კიტიამ, თენგიზი თვითშემოქმედებით ჯგუფში კონფერანსიედ აიყვანა, მაგრამ, გარდა კონფერანსიობისა, მღეროდა და პაროდიებსაც აკეთებდა.

ასე დაამთავრა ინსტიტუტი, მაგრამ არც ერთი წუთი არ უფიქრია, რომ გეოლოგად იმუშავებდა. რაღაც პერიოდი პევზნერთანაც მუშაობდა, მარჯანიშვილის თეატრშიც იყო. მთავარი როლები არ უთამაშია, თუმცა, საინტერესო ეპიზოდური როლები შექმნა.

ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. მოგვიანებით მისი ინიციატივით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. 1975 წლიდან ბოლომდე მას თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრი ერქვა...

დიდი სიყვარული

თენგიზ ჩანტლაძეს სიყვარული როგორც იტყვიან, სახლის კართან მიადგა. მისი მეორე ნახევარი, ზაირა ჩანტლაძე, გახლდათ.

მე­უღ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი უსიტყ­ვოდ ეს­მო­და. ამი­ტო­მაც უყ­ვარ­და უსაზღ­ვროდ. თუმ­ცა ეხუმ­რე­ბო­და კი­დეც: შენ ჩე­მი მო­ნა­პო­ვა­რი ხარ - ანუ მო­ნა­ცა და „პო­ვა­რი­ცო“...

„თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს დავამთავრე და, სოხუმის თეატრში გამანაწილეს. დედამ ჩამიყვანა. ორი კვირა ვიყავით და, ფული რომ გაგვითავდა, უკან დავბრუნდით. თან, არ მოეწონა სიტუაცია – პატარა გოგოსთვის შეუფერებელი იყო. ჩემი თანაკურსელი მეგობრები თენგიზს პირადად იცნობდნენ, მე – მხოლოდ ტელევიზიით ვუყურებდი ხოლმე, მაგრამ არაფერი.

განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ნიჭიერი ადამიანი იყო. ერთი ჯგუფელი მყავდა, ოსი გოგონა ფატიმა კაჩმაზოვა. ის შეხვედრია შემთხვევით და თენგიზს მისთვის უთქვამს: ვინმე თუ არის ჩვენი კურსდამთავრებული ისეთი, რომელიც არ მუშაობს – მინდა, პროფესიონალი მსახიობები შევკრიბო და ჩემი ჯგუფი გავაკეთოო.

უკვე დაწერილი მაქვს პროგრამა, ნოდარიც (ნოდარ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის მამა) დაგვეხმარება და, მინდა, რომ შევიკრიბოთო. ტელეჟურნალისტი ნანა ჯაფარიძე ჩვენი ჯგუფელი იყო, ჭავჭავაძეზე ცხოვრობდა და მასთან უნდა შევკრებილიყავით. თენგიზმა პროგრამა ისე წაიკითხა, ფაქტობრივად, ყველა როლი თვითონ ითამაშა, დადგმა აღარ სჭირდებოდა. მერე ვისადილეთ. მაშინ მოდაში „ბლუზი“ იყო და ვიცეკვეთ. სიგარეტს ვეწეოდი და ცოტა მოვწიე.

მეორე დღის გეგმები დავსახეთ, რომ ისევ უნდა შევხვედრილიყავით და რეპეტიცია გაგვევლო, საღამო ხანს დავიშალეთ. იმ დროს ვერაფერს ვიფიქრებდი, მაინცდამაინც არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის. მხოლოდ მისი ცხვირსახოცი შევამჩნიე, რომელსაც პატარა კვატები ეხატა. გარეთ რომ გამოვედით, მივიხედ-მოვიხედე და მე და თენგიზი დავრჩით მარტო, ყველა გაიფანტა.

პლეხანოვზე, ყოფილ შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ლაპარაკ-ლაპარაკში ვაკიდან ფეხით წამოვედით. ჩემს სახლთან რომ მოვედით და უკვე უნდა დავმშვიდობებოდით ერთმანეთს, გაჩერდა და მეუბნება: დღეიდან პომადას არ წაისვამ და სიგარეტს არ მოწევო.

ძალიან მიხდებოდა პომადა და ვერ მივხვდი, რატომ არ უნდა წამესვა. მერე, წლები რომ გავიდა, ისევ თვითონ მეხვეწებოდა, წაისვიო. სიგარეტი კი, თვითონ არასდროს მიუწევია და არ უნდოდა, რომ მომეწია. 7 წლის ყოფილა, რომ გაუსინჯავს, მამას გაუროზგავს და მას მერე ვერ იტანდა.

ხვალ ცირკში წავიდეთო, დამპატიჟა. მეორე დღეს ცირკში წავედით, მესამე დღეს – მუსიკალური კომედიის თეატრში და ასე მოვიარეთ კინო და თეატრები. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული მამა ჰყავდა, ოჯახში არავინ ანებივრებდა.

ცდილობდა, დამოუკიდებლად გაეკვლია გზა. ამიტომ ბევრის საშუალებაც არ ჰქონდა. შემდეგ დაიწყო რეპეტიციები, ავაწყვეთ პროგრამა და მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო. თენგიზი ჩვენთან მოდიოდა სახლში, მე მასთან მივდიოდი. არ უყვარდა ზედმეტად აქეთ-იქით სიარული. მომკიდებდა ხელს და თავისთან სახლში წამიყვანდა. ასე რომ, მის ოჯახს შეუღლებამდეც ვიცნობდი. ყველაფერი თავისით აეწყო. ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით. ხელი მოვაწერეთ და მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით“,- იხსენებდა ზაირა ჩანტლაძე.

ძაღლებზე შეყვარებული

ძაღ­ლი სულ ჰყავ­და და ყვე­ლა ძაღლს ჯულ­ბარსს არ­ქმევ­და... ერ­თი მე­ზო­ბელ­მა მო­უ­წამ­ლა - ბევრს ყეფ­სო, მე­ო­რე - მი­ლი­ცი­ის სკო­ლა­ში დაჰ­ყავ­და...

იმი­სი დიპ­ლო­მის აღე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა... ჰყავ­და მსა­ხი­ო­ბი ჯულ­ბარ­სიც... სპექ­ტაკ­ლში შეჰ­ყავ­და. სწო­რედ ბო­ლო ჯულ­ბარ­სის ფო­ტო ეკი­და კა­ბი­ნეტ­ში...

ერ­თხელ მო­ხუ­ცე­ბულ­მა დე­დამ შო­რი­დან ვერ გა­არ­ჩი­ა, რა ფო­ტო იყო კე­დელ­ზე და მი­ა­მი­ტად იკითხ­ა: ეს რა ნიღაბიაო, თენ­გი­ზი ხომ ნიღ­ბე­ბით თა­მა­შობ­და. დიდ­ხანს ეცი­ნე­ბო­დათ ამ ამ­ბავ­ზე... ნი­ღა­ბი კი არა, ჯულ­ბარ­სი იყო, რო­მელ­მაც პატ­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კარ­გა ხანს წყა­ლიც კი არ და­ლი­ა...

უშვილობა

უშვილობაზე არ წუხდა, თავის დროზე არ მოვინდომეთ და როცა მოვინდომეთ, უკვე გვიანი იყო. ვცხოვრობდი მისთვის და მისი სამეგობროსთვის. ჩვენს ოჯახში ხშირად იშლებოდა სუფრა. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. ბოლო ხანებში სულ ვფიქრობდი, ამდენი შრომა რომ ვეღარ შევძლო, რაღა მეშველება-მეთქი.

ყველაფერს ზედმეტად განიცდიდა და გამოხატავდა. ჩვენი ცხოვრება თეატრი იყო. სხვა არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყანაზე. ჩვენ შვილი არ ვიყოლიეთ, რადგან, სულ გასტროლებზე დავდიოდით და არც ერთი წამით არ ვნანობ. სულ ამბობდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო. ძალიან ეჭვიანი იყო. ბავშვივით მოვლა უნდოდა. საერთოდ ვერ ვხედავდი თენგიზს უძლურ მდგომარეობაში, თუნდაც მოხუცებულობაში, მით უმეტეს, რომ ჩემზე ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ის არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას. არავისთვის არაფერი ენანებოდა და არავისი არაფერი აინტერესებდა, მარტო თავისი თეატრი უნდოდა.

ჩემზე კარგად არავინ იცის, თენგიზი ვინ იყო. არასდროს არ ვლაპარაკობ ცოლის პოზიციებიდან. მე ჯერ მისი პარტნიორი ვიყავი, მეგობარი და მერე გავხდი ცოლი. ცოლობა არაფერი ყოფილა. ყველაზე რთული მისი ქვრივობაა – ეს დიდი სასჯელია.

თეატრს შეწირული

ჩამოყალიბდა აზრი, რომ ჩვენთვის ცალკე თეატრი აშენებულიყო. ჯანო კახიძემ დაიბარა თენგიზი; ის რეჟისორიც, ვისზეც ვსაუბრობთ, იქ იყო. სადაც დღეს კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრია, ადრე კინო „ამირანი“ იყო.

ჯანომ თენგიზს შესთავაზა – შენ მაინც ახალს აგიშენებენ და ეს უნდა დავანგრიოთო. ცენტრის რეკონსტრუქცია მიდიოდა და, ვითომ, ჩვენი შენობა, სადაც ვიყავით, ამ სივრცეს უნდა მიმატებოდა. მერე არც ერთი სანტიმეტრი არ გამოუყენებია კახიძეს, აღარ დასჭირდათ, მხოლოდ ერთხელ გააღეს კარი. მოკლედ, დიდი მოლაპარაკებები მიდიოდა. მერე ბატონმა რეჟისორმა უთხრა, რად გინდა, რომ აგიშენონ. მე უფრო მჭირდება, ამიტომ მოდი, შენ მუსკომედიაში გადმოდი, მე მანამდე პროფკავშირების სახლში ვიქნები, სანამ ააშენებენო.

არ ვიცი, რა ინტერესები ჰქონდა, მის სინდისზე იყოს ყველაფერი. პროფკავშირებში ჩვენ უნდა გადავსულიყავით, სანამ თეატრი აშენდებოდა. მთელი ვიდეომასალა მაქვს, ნაბიჯებით რომ ზომავს თენგიზი. პროექტიც გაკეთებული იყო კულტურის სამინისტროში. რა თქმა უნდა, იმას გააქრობდნენ. თენგოს ვუთხარი, არ გინდა, არ დათანხმდე-მეთქი. იმ დღეს არ მივედი თეატრში, ყველა იქ იყო.

ჩაწერილია კიდეც ჩვენი თანამშრომლების ინტერვიუ, აინტერესებდა თენგიზს, სხვები რა აზრის იყვნენ მუსკომედიაში გადასვლაზე. თეატრში დღის მეორე ნახევარში მივედი. გაბრაზდა, რატომ არ მოხვედიო. მაინც გადავედით. თეატრის მოთხოვნები თანდათან იზრდებოდა, სპექტაკლებიც სულ ანშლაგით მიდიოდა.

მუსკომედიაში რომ გადავედით, ათას ორასი ადგილი იყო, მაგრამ იქაც იგივე სიტუაცია შეიქმნა. სამჯერ მეტად დიდი დარბაზი იყო და მაინც ვერ ეტეოდა მაყურებელი. ერთი სეზონი ვიმუშავეთ და მერე გასტროლებზე წავედით. იქიდან რომ ჩამოვედით, თენგიზს პარტერი ახდილი დახვდა.

ჩვენ ის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადმოგვეცა მინისტრის, ვალერი ასათიანის რეზოლუციით. ესენი უფროსი თაობა იყო და, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, თავის ჭკუაზე ატარებდნენ.

ცხადია, ის საბუთები გაანადგურეს. შეხვდნენ ვალერი ასათიანის კაბინეტში, თენგიზი და ის რეჟისორი შელაპარაკდნენ. თენგიზმა ჰკითხა ბატონ რეჟისორს, რატომ გააკეთეთ ასე, რა ვქნა ახლა, ისღა დამრჩენია, თავი მოვიკლაო. ფანჯარა ღიაა და, თუ გინდა, გადავარდიო, – უპასუხა.

7 სექტემბერს თენგიზი სამსახურში იჯდა და გული გაუსკდა – ესმოდა, როგორ ანგრევდნენ პარტერს.

გარდაცვალება

შვიდში, დილით ქალაქიდან უნდა გავსულიყავით – ქობულეთში მივდიოდით. გამთენიისას ცუდად გახდა. სასწრაფო გვყავდა. ლოგინშიც არ ჩაწვა, პიჟამათი გამოვიდა ლოჯიაში. კარგად ვარო, – ამბობდა. მერე ცოტა გამოკეთდა.

12 საათისთვის მაინც წავიდა თეატრში. მე დედასთან წავედი. ჩვენს მეზობლად ოჯახის ახლობელი ქალი გარდაიცვალა და იქ ვიყავი.

ამ დროს თენგიზი თურმე უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ტელეფონით ვერაფრით ვერ დამიკავშირდნენ, დედაჩემს იმ დღეს ტელეფონი გაუფუჭდა. თეატრის თანამშრომელი ქალი ეზოში შემოვიდა და კითხულობს, ქალბატონი ზაირა სად ცხოვრობსო.

მის ხმაზე გამოვედი, – მანანა, აქ რა გინდა-მეთქი. გაფითრებული მიყურებდა. ბატონი თენგიზი შეუძლოდ არის და იქნებ წამოხვიდეთო.

თურმე მთელი ამბებია, ქუჩა გადაკეტილია, ყველამ ყველაფერი იცის ჩემ გარდა. შეურაცხყოფილი იყო, ასე რომ გაწირეს სააღდგომო ბატკანივით. მოატყუეს და ეს ვერ გადაიტანა. მახსოვს, ვერ მაკავებდნენ, ტანზე შემოვიხიე ტანსაცმელი.

გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი მოვიდნენ. იმ რეჟისორმა ოთარის პირით შემომითვალა – მოსვლა მინდაო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი – იმას როგორ მოვუშვებდი. მას უნდოდა, ხალხს დაენახა, რა კარგი კაცია, რომ მოვიდა. მას შემდეგ ძალიან ცუდი მცდელობები მქონდა. ნეტავ ის ჩამედინა, რისი ღირსიც იყო, მაგრამ, გააპარეს. განაჩენი მინდოდა, გამომეტანა მისთვის, უფრო მშვიდად ვიქნებოდი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

რატომ უყვიროდა ტელეფონში შევარდნაძეს ზვიად გამსახურდია

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

აზარტული თამაშები, უიღბლო სიყვარული და 3 ტყვია - დუდუ დადიანის პორტრეტი