Digest Logo

გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია – ცოტა რამ ფანჯიკიძეების ოჯახზე

1610276683
გურამ ფნჯიკიძის ოჯახი

თურმე მწერალი გურამ ფანჯიკიძე მეგობრებს ხშირად ეუბნებოდა, არ უნდა დავბერდეთ, ბიჭებად უნდა მოვკვდეთო. მართლაც, ასაკში  ჯან-ღონით სავსე გარდაიცვალა.

„წინასწარ გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. თითქოს ორივემ ვიცოდით, რომ ამ ქვეყნიდან მალე უნდა წასულიყო. საშინელი წინათგრძნობა უკანასკნელ თვეებში თავიდან არ გვშორდებოდა“, – იხსენებდა მწერლის მეუღლე, ცნობილი მთარგმნელი და ლიტერატორი დალი ფანჯიკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

საბედისწერო დღეს კი დალი ფანჯიკიძე ასე იხსენებდა:

ერთად ვისვენებდით ქობულეთში. იმ წელიწადს გადაუღებლად წვიმდა. ზღვაში ვერ შევდიოდით, ამიტომ ძალიან განვიცდიდით, რადგან ორივეს ძალიან გვიყვარდა ცურვა.

სწორედ გურამის გარდაცვალების დღეს გამოვიდა კარგი ამინდი. პლაჟზე ვსეირნობდით. ხალხი საბანაოდ გამოეფინა. სასწრაფოდ ავედი სასტუმროს ნომერში, რომ საბანაოდ მოვმზადებულიყავით. დღემდე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უცნაური ძალა ზღვისკენ მიგვერეკებოდა.

აღელვებულ ზღვაში არ შევდიოდი. გურამი ბევრჯერ შესულა, მაგრამ მშვიდობიანად გამოსულა. შესანიშნავი მოცურავე იყო და შიში არასოდეს მქონია. იმ დღეს, როცა ზღვაში შედიოდა, მომხედა და მითხრა, წყალში არ შემოდიხარ, მაგრამ დასველდი მაინცო. გურამს რომ შევხედე, რაღაც უცნაური, გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი სხივი ედგა.

ვუყურებდი, როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა და ვგრძნობდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, სიტყვა ვერ ვთქვი. მერე ინსტინქტურად ისე მოვიქეცი, როგორც გურამმა მითხრა, იქვე, ნაპირზე დავსველდი.

ტალღებს რომ ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემკენ შემაშინებლად მოიწევდა, რამდენიმე წუთში ავდექი და ნაპირს მოვცილდი.

მერე გურამს ზღვაში ძებნა დავუწყე. ეს მანამდე არასოდეს გამიკეთებია. იმ წუთებში მოუსვენრობამ შემიპყრო. ზღვას რომ გავხედე, გურამი ვერ დავინახე. იმ დღეს დინება იყო, მარცხნივ გავიხედე და დავინახე, რომ წყალში თავი ჰქონდა ჩარგული. როგორც შემდეგ მიამბეს, ყველაფერი წუთებში მოხდა.

ერთი ბიჭი მიხვდა, რომ გურამს რაღაც უჭირდა და მიუახლოვდა. გურამს უთქვამს, ინფარქტი მაქვს, „კამერა“ მომიტანე, ხელი არ მომკიდოო. ერთ-ერთმა, ვინც იმ დროს წყალში იყო, გვითხრა, გურამი ზურგზე იყო გადაწოლილი, რაც კარგ მოცურავეს არ ახასიათებს და ამ საქციელმა გამაკვირვაო. როგორც ჩანს, ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა და ზურგზეც იმიტომ დაწვა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა კი უცნაური ამბავი მიამბო. თურმე მის გამოსაყვანად რომ შევიდნენ, ზღვამ უკან დაიხია. ეს კაცი ამბობდა, თითქოს ზღვამ შეგვიშვა, რომ გურამი თავისუფლად გამოგვეყვანა და დინებას არ წაეღო. დაინდო, რომ ცხედარი არ დაკარგულიყოო“, - ჰყვებოდა დალი ფანჯიკიძე.

თავად დალი ფანჯიკიძე 2018 25 აპრილს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო გოეთეს საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი.

მწერლის განვლილ ცხოვრებას მისი უფროსი ქალიშვილი მაია ფანჯიკიძეც იხსენებდა.

„მე უფროსი შვილი ვარ. მამა რომ გარდაიცვალა 36 წლის ვიყავი, უკვე ორი შვილი მყავდა. შესაბამისად, უფრო მეტი ურთიერთობა მქონდა მამასთან, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ქუთაისის ჟურნალის გამოცემაზე მუშაობდა. ძალიან მიყვარდა მასთან ერთად სიარული, არ მეზარებოდა, ყველგან დავყვებოდი. მართალია, ხშირად არ ეცალა ჩემთვის და მისი მეგობრების შვილებთან ვერთობოდი, მაგრამ მის გვერდით ყოფნა, ის სუფრები, რომლებიც ყოველდღე იშლებოდა ქუთაისში და ხალხი, ვისთანაც მამას ჰქონდა ურთიერთობა, ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. რედაქცია არ ჰქონდა და ჟურნალს სახლში აკეთებდა. დაწყებული ავტორებიდან, დამთავრებული გრაფიკოსებით, ყველა ჩვენთან მოდიოდა. ძალიან საინტერესო რუბრიკები შემოიღო არალიტერატურულ საკითხებზე, რაც მაშინ, ფაქტობრივად, არსად იბეჭდებოდა: განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს აწყობდა. როცა სტუმრები იყრიდნენ თავს, მის გვერდით ჩამოჯდომა მიყვარდა გაფაციცებით ვუსმენდი...

დასასვენებლად მთელი ოჯახი ერთად დავდიოდით. მხოლოდ ერთხელ წაგვიყვანა ბათუმში მამამ მე და ჩემი ძმა, იმიტომ რომ, დედა ნათიაზე იყო ფეხმძიმედ. მაშინ მე 11 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – 8-ის. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა და მერე შაყირობდა – ძუძუს ვაჭმევდი ბავშვებს, მე ვიყავი კაციც და ქალიცო. როგორც წესი, ივლისში მივდიოდით რაჭაში, აგვისტოში კი ზღვაზე, ბიჭვინთაში ვისვენებდით. საინტერესო ადამიანი იყო, რომელიც ძალიან უყვარდა ხალხს. სადაც არ უნდა შესულიყო, ცენტრალური ფიგურა იყო, იმ წუთას იქცევდა ყურადღებას. ამიტომ მეამაყებოდა მის გვერდით ყოფნა. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი და ყოველთვის იყო თამადა. მის ირგვლივ დღესასწაული ეწყობოდა და, როგორც ჩანს, მინდოდა, რომ ამ დღესასწაულის მონაწილე ვყოფილიყავი“, - იხსენებს მაია ფანჯიკიძე.

რაც შეეხება ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს, ის მამას სოციალურ ქსელში მუდმივად იხსენებს.

„მამას დაბადების დღეა დღეს. მრავალრიცხოვანი ოჯახი ვიყავით და მხოლოდ ჩემთვის იშვიათად იცლიდა. ალბათ ამიტომ, ძალიან ხშირად ამოდის ჩემს მეხსიერებაში ის იშვიათი მომენტები, როცა მხოლოდ მე და ის ვიყავით ერთად. არამხოლოდ ვიზუალურად, სრულყოფილად გრძნობითად მახსოვს, 7 წლის რომ ვიყავი და მარტო მე წამიყვანა ზოოპარკში, მდოგვისფერი ველვეტის კურტკა ეცვა, დუბლიონკასავით დათბილული. ხელჩაკიდებული დავდიოდით. თბილი, მშრალი ხელი ჰქონდა. როცა განსაკუთრებით მჭირდება და მასთან ყოფნა მინდა, ამ კადრით, ამ ცოცხალი შეგრძნებით ვუკავშირდები“, - იხსენებდა ნათია ფანჯიკიძე მამის დაბადების დღეზე.

გურამ ფანჯიკიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები

უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა - დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიები

ქორწილს ვიღებდი და პატარძალს შევუყვარდი - გიგო გელაშვილი