Digest Logo

ვედრებას ძალიან ხშირად ცრემლიც ახლდა - თამრიკო ჭოხონელიძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

1608711770
თამრიკო ჭოხონელიძე

ყველასათვის საყვარელი მუსიკოსის – თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრებაში, განქორწინების შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი დაიწყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხანგრძლივი და რთული მცდელობის შედეგად, მოახერხა და საკუთარი თავი დაიბრუნა. მასთან ინტერვიუ „თბილისელებმა“ ჩაწერა.

ოჯახის დანგრევის შემდეგ დამოუკიდებლად შეძელით ემოციური თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რამ მოგცათ საჭირო ძალა?

– მივხვდი, რომ ჩემს შვილებს გვერდით ჯანსაღი დედა უნდა ჰყოლოდათ. აღარაფერს აქვს ფასი, თუ შენში ქალი არ ცოცხლობს. მივხვდი, რომ შველა მჭირდებოდა და მგონია, რომ მე ეს მოვახერხე.

– როდის გააცნობიერეთ, რომ პრობლემა გქონდათ?

– როცა სიმშვიდე დავკარგე. საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩებოდი, ვგრძნობდი, რომ ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საყვარელი ადამიანების მიმართ ძალიან ყურადღებიანი ვარ და ამის გამო ფორიაქიც მახასიათებს, მაგრამ ეს მაინც სასიამოვნო ფორიაქია. მაშინ უკვე ასე აღარ იყო, ჩემი ფორიაქი შემაწუხებელ შფოთვაში გადაიზარდა. იმ პერიოდში, ხშირად ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ხშირად თავის მართლებამდე მივდიოდი.

– საკუთარ თავს იდანაშაულებდით?

– პირიქით. როდესაც არასასიამოვნო შფოთვა გაქვს და ამ დროს მუდმივად თავის გამართლებას ცდილობ, გამორიცხულია ამით სწორ გზას ადგე. ასე უფრო მეტად გაგიმძაფრდება მის მიმართ აგრესია, ვინც შენ წინაშე დამნაშავე გგონია. ამიტომ, ჯობს, საკუთარ თავში იპოვო დამნაშავე, თუნდაც, დანაშაულის პატარა მარცვალი და ეს ძალიან გეხმარება, მოეშვა და ცხოვრებაზე აღარ გაბრაზდე. გულწრფელად გეუბნებით, საკუთარ თავში დამნაშავის პოვნა მე ძალიან დამეხმარა.

– ქალები, ძირითადად, მალავენ ხოლმე მსგავს ისტორიებს. რატომ გადაწყვიტეთ ამაზე ხმამაღლა საუბარი?

– ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ნაბიჯის გადადგმაზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იმ ქალების გამო მივიღე, რომლებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ. გადავწყვიტე, მათთვის მეთქვა, რამ გამომიყვანა მე ამ მდგომარეობიდან. რომ ნახოთ, ამის შემდეგ რამდენი ქალი მწერს, დარწმუნდებით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირდა. პირადად ჩემთვისაც ასე ჯობდა. როდესაც ხმამაღლა ამბობ იმას, რაც ძალიან გაწუხებს, თითქოს მხრებიდან ლოდი გეხსნება. მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, არ დაივიწყონ, რომ ქალები არიან, არ დაივიწყონ, რომ ლამაზები არიან. დილით, თვალის გახელამდე, ის ლამაზი წარსული გაიხსენონ, როცა ყველაზე კარგად გრძნობდნენ თავს და თვალის გახელის შემდეგაც იმავე შეგრძნებებით გააგრძელონ დღე. ეს ლამაზი ისტორია, ხომ, მხოლოდ მათია, რომელსაც ვერავინ წაართმევთ. მე ხშირად სიმღერებში მიპოვია შვება და მჯერა, ყველა იპოვის გზას, რომელიც აუცილებლად გადაატანინებს ამ სირთულეს. მძიმე მომენტებში სადმე მიგდებულ ნივთს რომ დავინახავდი, ვცდილობდი, მისთვის სიცოცხლე შთამებერა და ესეც ძალიან მეხმარებოდა. დღეს ჩემს სახლში ძალიან ამაყად დგას ეს ნივთები.

– ნათქვამი გაქვთ, იმ მძიმე პერიოდში, მეშინოდა, არ გავბოროტებულიყავი და მგონია, რომ ეს შევძელიო. რამდენად დიდი იყო ამაში რწმენის როლი?

– ძალიან დიდი. ყოველდღე ვევედრებოდი უფალს, დახმარებას ვთხოვდი. გულწრფელად გეტყვით, ჩემი სიტყვებით ვევედრებოდი, ვგრძნობ, რომ არასწორ გზას ვადგავარ, მეშინია ხელი არ ჩავიქნიო ცხოვრებაზე და მიშველე-მეთქი. ამ ვედრებას ძალიან ხშირად ცრემლიც ახლდა და მე მგონია, რომ უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა შერიგდნენ – ცოტა რამ პარლამენტარის პირადი ცხოვრებიდან

დიანამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა… ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა… – დალი ჩიტალაძის ორი უმძიმესი ტრაგედია