ჟურნალისტი ნინო დარასელი „თბილისელების“ რუბრიკის ბლიცინტერვიუს სტუმარია. მან გამოცემას იმ კითხვებზე გასცა პასუხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. გთავაზობთ მასალიდან ამონარიდს:
– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...
– სიყვარულის. სოციალური ქსელების გამო გადავეჩვიეთ ურთიერთობებს და შეხვედრებს. თითქოს ვეღარ ვასწრებთ ერთმანეთის ნახვას. ეს მარტო ონლაინსამყაროს გამოც არ ხდება, ვფიქრობ ცხოვრების ტემპიც ისე აჩქარდა, დრო აღარ გვრჩება ერთმანეთისთვის. სოციალურ ქსელში თუ შევეხმიანებით ადამიანს, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ვნახეთ, ვესაუბრეთ, სინამდვილეში ისე გადის წლები, ერთმანეთს ფიზიკურად ვერ ვნახულობთ. დღევანდელ რეალობაში ურთიერთობების ნაკლებობა მაქვს.
– ვერიდები...
– კონფლიქტებში ჩართვას, თავადაც არ ვარ კონფლიქტური ადამიანი და თუ სადმე მსგავს სიტუაციაში მოვხვდები, დიდი დისკომფორტი მაქვს ხოლმე.
– რთული პერიოდი...
– ბოლო ხუთი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან ჩემი ოჯახის ყველა წევრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ვახო გარდაიცვალა და შავ სიზმარშიც რომ არ დამსიზმრებია ისეთი ამბავი გადაგვხდა. მგონია, ყველამ ღირსეულად გავიარეთ ეს პერიოდი ჩემს ოჯახის თითოეულმა წევრმა. არ გავბოროტებულვართ, არ დავბოღმილვართ და ჩვენი სიბრაზე არ გამოგვიხატავს – გამწარებულმა ადამიანმა შეიძლება, ბევრი რამ იკადრო. კმაყოფილი ვარ, რომ არ დავკარგეთ საკუთარი თავი ამ ყველაფერში.
– სიყვარული არის...
– ის ძალა, რაც აცოცხლებს ადამიანს. ის, რასაც ამქვეყნად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია. თუ სიყვარული გაქვს, ვერასოდეს ვერაფერი მოგერევა.
– არასოდეს დამავიწყდება...
– შვილების გაჩენა. ეს იმდენად დიდი სიხარულია, რომ დეტალები გავიწყდება ადამიანს და მარტო ემოცია გახსოვს. საერთოდ, ემოციური მახსოვრობა მაქვს და შეიძლება, დაწვრილებით რაღაც ვერც მოვყვე, მაგრამ ემოციურად ბევრი რამ მახსოვს. საბედნიეროდ, ცხოვრებაში კარგი ემოცია მეტი მქონია, ვიდრე ცუდი.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ბოლო 5 წლის ამბებმა, რაც ჩემი ოჯახის ირგვლივ დატრიალდა. ბევრად მშვიდი და ძლიერი გავხდი. იმაზე ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე მე და სხვებს წარმოგვედგინა. რატომღაც ეგონათ, ერთი განებივრებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– დიდი ბებია მყავდა, ჟუჟა ბებო და მისი ყველა სიტყვა ნელ-ნელა მიტივტივდება ცხოვრების გზაზე. საოცარი, ბრძენი ქალი იყო. ერთხელ მითხრა: ვიდრე ჯერ კიდევ აინტერესებ, უნდა ადგე და წამოხვიდე, თავი არავის უნდა მოაბეზროო. მაშინ ვერ გავიგე, რა იგულისხმა, მეგონა, დაბადების დღიდან უნდა წამოვსულიყავი დროზე ადრე. დიდი რომ გავიზარდე მივხვდი და მართლაც ასეა, მანამდე უნდა წახვიდე, სანამ შენზე გული სწყდებათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დაკავებული ბოტ-ტროლ სამსახურებში“ - სტეფანე
🔵„ქალაქის ცენტრში, ნაგვიან, გაყინულ სარდაფში ნაპოვნი ქალი გარდაიცვალა“ - აკა სინჯიკაშვილი
🔵„ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი“ - სააკაშვილი