მარგალიტის ყელსაბამი და მოკლედ შეჭრილი თმები - ეს პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძის სავიზიტო ბარათია. მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძეა. განათლებით იურისტი წლების განმავლობაში მაღალი რანგის თანამდებობებს იკავებდა:
-
დიდუბის რაიონის გამომძიებელი;
-
კრწანისის და ნაძალადევის რაიონების პროკურორი;
-
გენერალური პროკურორის მოადგილე;
-
საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი;
-
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
-
სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
ბადრის და ნინოს ორი შვილი ჰყავთ - ანზორი და რეზიკო.
ანზორ ბიწაძე
ბურჯანაძის უფროსი ვაჟი დედის კვალს გაჰყვა და პოლიტიკოსის გზა აირჩია.
ის ოპოზიციური
სასწავლებლად საზღვარგარეთ წასულმა ანზორმა 23 წლის ასაკში კვლავ სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა და ოპოზიციონერად მოგვევლინა. 34 წლის ანზორი პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია.
გთავაზობთ ინტერვიუს გამოცემა „სპუტნიკ საქართველოს“ არქივიდან:
-თქვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი, დასამახსოვრებელი მოგონება...
-ესეც პოლიტიკას უკავშირდება. 1999 წელს ნინომ სტამბოლში ეუთოს სამიტზე წამიყვანა. მერვე კლასში ვსწავლობდი. მაშინ სხვადასხვა სახელმწიფოს თორმეტი პრეზიდენტი გავიცანი. შემომრჩა ბევრი ერთობლივი ფოტო და მერვეკლასელისთვის ერთ დღეში თორმეტი პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევა, დამეთანხმებით, ძალიან დასამახსოვრებელი მოგონებაა. შემდეგ უკან დავბრუნდით დელეგაციასთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით. მოკლედ, დაუვიწყარი იყო...
-თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებს თუ გაიხსენებთ?
-მძიმე მომენტები ჩვენს ცხოვრებაში საკმარისზე მეტი იყო. მაგრამ ეს გზაც თავად ავირჩიეთ და არ ვნანობთ. თუ შედარებით ახლო წარსულს გავიხსენებ, 2011 წლის 26 მაისს იყო მომენტი, როდესაც არ ვიცოდი, საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა (ნინო), ჯანმრთელი იყო თუ არა. არც მამაჩემის, ბადრი ბიწაძის ასავალ-დასავალი ვიცოდი. იგი იძულებული იყო, ქვეყნიდან სააკაშვილის რეჟიმს გაქცეოდა. მაშინ იმ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და ჩვენ გვერდით იდგნენ. ეს, რასაკვირველია, ძალიან მძიმე მომენტი იყო. სხვაც ბევრი რამ მომხდარა, მაგრამ სწორედ ეს დღე დარჩება სამუდამოდ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოგონებად. (ანზორ ბიწაძე მხარს უჭერდა დედას და აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქციებში 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. სპეცრაზმმა ანზორ ბიწაძე 2011 წლის 26 მაისს დააკავა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი დედასთან ერთად იყო მისული აქციის დარბევის დროს დაშავებულთა მოსანახულებლად, - ავტ.). უფრო ადრინდელი მოგონებებიდან გავიხსენებდი 1998 წელს მამაჩემზე თავდასხმას. მაშინ ააფეთქეს ლიფტი, რომლითაც ის ბინაში უნდა ასულიყო. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რამდენიმე მეტრის წყალობით...
-რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?
-ეს არის მთავარი, რაც გამაჩნია. ძალიან მეგობრული და მტკიცე ოჯახი გვაქვს. იმ რთულ პერიოდებში, რომელთა გამოვლაც არაერთხელ მოგვიხდა, ცხოვრების ყველა ქარტეხილს ვერ გავუმკლავდებოდით, რომ არა ჩვენი ოჯახის სიძლიერე და სიმტკიცე.
-დაქორწინებული არასდროს ყოფილხართ?
-არა, დაქორწინებული არ ვყოფილვარ. ამის დრო არ მქონდა, განსაკუთრებით ბოლო 12 წლის განმავლობაში... მეუღლე არასდროს მყოლია, მაგრამ, იმედი მაქვს, ახლო მომავალში მეყოლება.
-უკვე არის თქვენს ცხოვრებაში ვინმე?
-ამ კითხვაზე მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვპასუხობ. ასე რომ, პასუხისგან ჯერ თავს შევიკავებ.
-პირველი სიყვარული თუ გახსოვთ? როდის იყო?
-სკოლის პერიოდში, მაგრამ ასაკთან ერთად სიყვარულზე შეხედულებაც იცვლება. ვიდრე არ გაარკვევ, რა არის „სიყვარული“, ვერ მიხვდები, როდის იყო პირველი, როდის - მეორე...
-რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?
-პირველ რიგში, ერთგულებას, და არა მხოლოდ გარშემომყოფების მიმართ; ადამიანი პრინციპების ერთგულიც უნდა იყოს. კიდევ ძალიან მიყვარს გაბედული ადამიანები.
-ვინ არის თქვენთვის ქალის იდეალი?
-დედაჩემი. საერთოდ აღფრთოვანებული ვარ მიზანსწრაფული ქალებით, რომლებიც ცდილობენ, რამე შექმნან ამ ქვეყანაზე, დატოვონ კვალი და ამავდროულად ასწრებენ, იყონ ძლიერი ოჯახის კარგი დიასახლისები.
-რომელია დედათქვენის მომზადებული თქვენი საყვარელი კერძი?
-ტკბილეულით, რომელსაც ის ამზადებს, თამამად შეიძლება გაუმასპინძლდე მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სტუმრებს. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ჩემთვის მომზადებული შოკოლადის მუსი კონიაკით.
-თქვენი საყვარელი საქმიანობა ან ჰობი? თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
-ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, უბრალოდ ვარჯიშიც. მიყვარს კითხვა და კარგი ფილმების ყურება, შემდეგ კი მათ შესახებ კრიტიკოსთა მოსაზრებების გაცნობა; შეიძლება ითქვას, რომ ამას სერიოზულად ვუდგები. მიყვარს იაპონური ფილმები. ოქროს საუკუნის იაპონური ფილმების ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან აკირა კუროსავა და კენძი მიძოგუტი. იყო დრო, როდესაც რამდენიმე წელი ავტოსპორტით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ეს ჰობი წარსულს ჩაბარდა, რადგან მას დიდი დრო მიაქვს. კლასიკურ ლიტერატურას დედის წყალობით ვეცნობოდი, სწორედ მან მიმაჩვია კითხვას. მაგრამ ბოლო წლებში მიწევს უფრო მეტი ისეთი წიგნის წაკითხვა, რომელიც ეხება ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტტექნოლოგიებს და ა.შ. სხვათა შორის, მე და დედას ასეთი ტრადიცია გვაქვს: მოსკოვში ყოფნისას, პირველ რიგში, არბატზე, ცნობილ წიგნის სახლში მივდივართ. ერთად ვარჩევთ წიგნებს, შემდეგ მეც რაღაცას ვკითხულობ, ისიც კითხულობს და ვცდილობთ, განვიხილოთ.
-ყველაზე მეტად რის გეშინიათ ცხოვრებაში?
-ყველაზე მეტად მეშინია, არ ვუმტყუნო იმ ადამიანებს, რომელთაც ჩემი იმედი აქვთ. ასეთი კი ბევრია.
რამდენიმე წლის წინ პრესაში ლიკა ქორქიას და ანზორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ იწერებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჭორები იყო.
რეზო ბიწაძე
რეზოს ოჯახის სხვა წევრებისგან რადიკალურად განსხვავებული მისწრაფებები აქვს. თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, უყვარს, მოგზაურობა, მოტორბოლელია და სპორტის ამ სახეობაში არაერთი ჯილდოს მფლობელია. მისი რჩეული ჟურნალისტი ანა ხოსატაშვილია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არის ანი მიროტაძის ქმარი და რა ქონებას ფლობს პოლიტიკოსი
„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე