ანი მიროტაძე საზოგადოებამ ჯერ ჟურნალისტის შემდეგ პოლიტიკუსის ამპლუაში გაიცნო, თუმცა მის ოჯახს დღემდე არ ვიცნობთ.
ანის მეუღლე ფეხბურთელი დავით შეყილაძეა. წყვილი უკვე 5 წელია ერთად ცხოვრობს. მათ 2 შვილი ჰყავთ.
„ეს იყო ყველაზე კარგი სიახლეები, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და რეალურად თავდაყირა დააყენა. როცა ჩემს ცხოვრებაში დათო გამოჩნდა, ერთ დღეს ჩემს თავს თოქ-შოუ მოვუწყვე – დავჯექი და საკუთარ თავს ველაპარაკე, მოვუყევი, როგორი კარგი გოგო ვარ, რა გავაკეთე. შევახსენე, ხომ იცი, რამდენი წლის ხარ-მეთქი და ვკითხე, რა გაკლია ბედნიერებისთვის? – პირადი ცხოვრება.“, - თქვა მან დაოჯახების შემდეგ.
მან 2018 წელს ქმართან თანაცხოვრების შესახებაც ღად ისაუბრა:
ასე მარტივად მივიღე გადაწყვეტილება, შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება, თუმცა დათომ თავადაც დამაჩქარა. ჩვენ ერთმანეთს ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს შევხვდით. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა და ჩემს „უსაფრთხოებაზე“ ზრუნავდა, აღმოჩნდა, რომ დათომ ყველაფერზე კარგად იზრუნა (იცინის). მაშინ ისეთ ბრძოლაში ვიყავით ჩართული, არავის ეცალა სიყვარულისთვის. მერე კი, ისე განვითარდა მოვლენები, დათომ გადაწყვეტილება სამ თვეში მიმაღებინა. არჩევნების ეიფორიაში სიყვარული ისე შემოგვეპარა, ვერ მივხვდით (იცინის). ასეთი სიახლეები ადამიანს ახალი ძალით ავსებს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი და იმ 25-წლიანი აქტიური ცხოვრების პიკი, რაც გავიარე.
– ფეხბურთელმა ქმარმა ფეხბურთში ჩაგითრია?
– რა თქმა უნდა, ჩვენს სახლში ფეხბურთი პირველ პლანზეა. ადრე რომ გეკითხათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გვარებსაც კი ვერ გეტყოდით, ახლა უკვე ისე ვარ დაოსტატებული, კუთხურების, ბარათების, ოფსაიტების ამბავიც შეგიძლიათ, მკითხოთ. ადამიანი ვერასდროს წარმოიდგენ, ვის დაუკავშირებ ცხოვრებას და, რა თქმა უნდა, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთელის ცოლი ვიქნებოდი. ის, რაც ზუსტად ვიცოდი, ცხოვრებას პოლიტიკოსს ვერ დავუკავშირებდი, რადგან ორი პოლიტიკოსი ერთ ოჯახში წარმოუდგენლად მიმაჩნია, კატასტროფა იქნებოდა. თუმცა, რომ შემყვარებოდა, არ ვიცი, როგორ შევცვლიდი ჩემს დამოკიდებულებას. როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩებოდი, ხშირად ვეკითხებოდი, როგორი ადამიანი არ მინდოდა, რომ მყოლოდა გვერდით და უფრო ადამიანურ თვისებებზე ვიწყებდი ფიქრს. როდესაც გახმაურებული საფეხბურთო თამაშის მეორე დღეს მამაკაცების საზოგადოებაში ვხვდები, სადაც ყველა ფეხბურთზე საუბრობს და მეც მათთან ერთად ვარჩევ იმ თამაშის დეტალებს, ვატყობ ხოლმე ირგვლივ მყოფების გაოცებას რომ ვიწვევ. შენც, ანი? – ასეთი შეკითხვის შემცველი გამომეტყველება აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს, რაც ძალიან სახალისოა. სულ ვფიქრობ, დღეს დათო ფეხბურთს რომ თამაშობდეს და მე ისევ დეპუტატი ვიყო, ჩვეულებრივ, მეც ვივლიდი სტადიონზე, ვიყვირებდი ისე, როგორც იქცევიან ფეხბურთის გულშემატკივრები. რა პრობლემა იქნებოდა? გარდა იმისა, რომ დათომ ჩამითრია ფეხბურთში, მისი წყალობით თავიდან გავიცანი და დავუახლოვდი ჩემს ნათესავებს. მათთან შეხვედრებს სულ მოკლებული ვიყავი, დათო დედისერთაა და ისე უყვარს ნათესავებთან შეხვედრა, ეს მეც გადმომდო და ახლა უკვე ჩემთვისაც სიამოვნებად იქცა ნათესავების წრეში ყოფნა. დათო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათისაა. მე, ჩემი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, უფრო ემოციური ხასიათი მქონდა. მას რკინის ნერვები აქვს, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია. მეც დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ ის სიმშვიდე, რაც დათოს აქვს და მე არ მქონდა, უკვე მეც გადმომედო. დათომ მასწავლა, როგორ უნდა გავჩერდე. ეს მეც ჩვევად მექცა. ახლაც, თუ მის გარეშე ვარ და რამეზე წონასწორობა დავკარგე, თვალწინ მიდგება დათოს სახე, მისი უსიტყვო, მაგრამ მრავლისმთქმელი გამოხედვა და მაშინვე ვხვდები, რომ წონასწორობის წერტილს უნდა დავუბრუნდე (იცინის).
– ყოფილი „პირადი მცველი“ დღემდე მცველის როლშია? ოჯახურ თანაცხოვრებას როგორ შეეჩვიე?
– 6 თვის განმავლობაში ჩემი შვილს მე და ჩემი მეუღლე ვზრდიდით. დედაჩემის სახლიდან ჩემს სახლში გადავედი, ძიძა არ ავიყვანე, გიორგის მე თვითონ ვუვლიდი. მინდოდა, ყველაფერი შემეგრძნო – ორთვიანი გადაბმული ღამის თენებით დაწყებული ფაფის კეთებით დამთავრებული. ჩემს შვილს დღე და ღამე არეული ჰქონდა და მეც იმავე რეჟიმში გადამიყვანა. ჩვენ ვთამაშობდით, ვცეკვავდით, ათას რამეს ვაკეთებდით, რომ ბავშვი გაგვერთო. ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს და როცა გიორგი გაიზრდება, ნახავს, რა დღეში იყვნენ მისი დედა და მამა თვეების განმავლობაში. სხვათა შორის, ამ არქივში არის ჩემი და ჩემი მეუღლის სიმღერა და ცეკვა ღამის ხუთ საათზე (იცინის).
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად ანი მიროტაძე დაასახელა.
ანი მიროტაძემ, როგორც მერვე მოწვევის პარლმენტის (2012-2016 წწ) წევრმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის იანვარში შეავსო.
ამ დეკლარაციის მიხედვით, ანი მიროტაძე ფლობს 1997 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანას – MITSUBISHI PAJERO. ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან, როგორც პარლამენტის წევრმა, 2015 წელს 61 665 ლარი მიიღო.
ამჟამად ანი მიროტაძე საჯარო სამსახურში აღარ საქმიანობს. 2017 წელს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო 2020NEWS.GE დააფუძნა.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მარიამ ქვრივიშვილი?
როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს მამუკა ონაშვილი
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები