„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.
რით ხართ ცნობილი - ჩემი გადაცემით, მაგრამ სანამ გადაცემა მექნებოდა, მანამდე ჩემი კეთილი გულით, სიყვარულით და პოზიტიურობით ვიყავი ცნობილი.
თქვენი ბავშვობის ოცნება - ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობდი, კონკრეტული ოცნება არ მქონდა.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ? - რას დაეძებ! - ამას ვამბობ ყველაზე ხშირად.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებთ? - ეგეთი ნივთი არ არსებობს, ყველაფრის გარეშე შემიძლია ცხოვრება.
კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ - 60 წლის ვარ და უკვე აღარანაირი კითხვა აღარ მაღიზიანებს, ამოიწურა ყველა კითხვა, ყველა პასუხი, ამიტომ აღარაფერი მაღიზიანებს.
შემთხვევა, რომელმაც შეგცვალათ? - არ ვიცი რამ შემცვალა, საერთოდ მგონია რომ არ ვარ შეცვლილი, როგორიც ვიყავი ბავშვობაში ისეთი ვარ ახლაც, თან ხომ იცით ბავშვები და მოხუცები ჰგვანან ერთმანეთს.
რომელი თვისება აღგაფრთოვანებთ ადამიანში? - ერთგულება! აღფრთოვანებული ვარ, როდესაც ადამიანს ეს უნარი გააჩნია. ღალატია ისიც რომ ადამიანს თან ემეგობრები და თან მასზე ზურგს უკან ცუდს ამბობ - მე ამას იუდას კოცნას ვუწოდებ, ასე რომ ჩემთვის ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.
ხართ თუ არა სენტიმენტალური - საიდუმლოდ გეტყვით: ერთი-ორმა ადამიანმა თქვა: თუ ადამიანი არ არის სენტიმენტალური ის არ არის ინტელექტუალიო, ჰოდა, ვეთანხმები. ამიტომ ვიტყვი, რომ ვარ სენტიმენტალური, თუმცა აღარ მინდა ეს სენტიმენტები და ამიტომ გულში ტაშ-ფანდური მაქვს გამართული.
რა არის მეგობრობა? - იცით არა რთული საკითხია, არ მჯერა, როდესაც ამბობენ, რომ ბევრი მეგობარი ჰყავთ, შესაძლოა, ცოტა მეგობარი გყავდეს, მაგრამ მისი ერთგულება მთელი ცხოვრება გაგყვეს, ძალიან ფართო ცნებაა მეგობრობა, შესაძლოა, გაჭირვების დროს ისეთი ვინმე დაგიდგეს გვერდით, ვისაც არ ელოდები.
სიყვარული რა არის? - იყო დრო როდესაც სიყვარულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი მეგონა, თუმცა ეს დრო გავიდა და ჩემთვის დღეს სიყვარული ოდნავ მომჭკნარ ვარდს ჰგავს.
თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი - არ მაქვს გამყოლი გული, ვინმე რომ მაწყენინებს მეორე დღეს აღარ მახსოვს რატომ მოხდა ეს.
იუმორის გარეშე თუ წარმოგიდგენიათ ცხოვრება? - ვერა! მთელი ცხოვრება იუმორში მაქვს გატარებული, იუმორი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
წარმატების საიდუმლო - იცით რაა, ადამიანის ბედისწერაზე ძალიან მოქმედებს ყველაფერი. მათ შორის ისიც თუ ის ვინმეს ცუდს უკეთებს. ამას ადამიანები ვერ აცნობიერებენ, ამიტომ ვიტყვი. რომ წარმატების საწინდარი არის სიკეთის კეთების სურვილი. გულწრფელობა და სიყვარულით სავსე ცხოვრება.
წინა რესპონდენტმა, ტიკ-ტოკერმა გიორგი მაქარაშვილმა დაგიტოვათ ასეთი კითხვა: რატომ აღმოჩნდი იქ, სადაც ახლა ხარ და თუ ხარ ბედნიერი იმით, რასაც მიაღწიე - ბედნიერი ვარ იმით რასაც მივაღწიე, როგორ აღმოვჩნდი და ჩემი ყველა ამბავი დაფუძნებულია სიმართლეზე, მართალია, ბევრს ვიტყუები, მაგრამ ფუნდამენტი მაინც სიმართლეა.
თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? - იპოვეთ ნატვრის თვალი და უნდა ჩაიფიქროთ 3 სურვილი, რას ჩაიფიქრებდით?
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს - ბლიცინტერვიუ გუგული მაღრაძესთან