Digest Logo

12-18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა ცვლილებები გველოდება და რომელ დღეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

1791819251
ასტროლოგიური პროგნოზი

12-18 ოქტომბრის კვირა ძველი სტრატეგიების შეცვლის, ურთიერთობებში არსებული პრობლემების გარკვევისა და ახალი მიზნებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის პერიოდია.

10 ოქტომბრის ახალმა მთვარემ სასწორში ახალი ციკლი გახსნა და ახლა მზარდი მთვარის ფაზაში ვართ. იმატებს მოქმედების სურვილი, ძლიერდება ახალი იდეების განხორციელებისა და დასახული მიზნებისკენ სწრაფვის მოტივაცია. თუმცა, წინსვლასთან ერთად, აუცილებელია იმ პრობლემების მოგვარებაც, რომლებიც ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოიკვეთა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რეტროგრადული ვენერა, რომელიც სიყვარულის, ურთიერთობების, ფინანსებისა და პირადი ღირებულებების საკითხებს ააქტიურებს. 12 ოქტომბრიდან პლუტონი სტაციონარულ ფაზაში გადადის და პირდაპირი მოძრაობისთვის ემზადება. პლანეტის ეს მდგომარეობა ასტროლოგიურად მისი თემების გაძლიერებას უკავშირდება. ძალაუფლების, რესურსების განაწილებისა და ღრმა გარდაქმნების საკითხები წინა პლანზე გადმოვა.

პლუტონისა და რეტროგრადული ვენერას დაძაბული ასპექტი მთელი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. ურთიერთობებში შეიძლება აშკარა გახდეს კონტროლის სურვილი, ეჭვიანობა, ინტერესთა კონფლიქტი ან პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობების უსამართლო განაწილება. ფინანსურ სფეროში კი ყურადღება საერთო ვალდებულებებსა და ხარჯებს უნდა დავუთმოთ. მთავარი კითხვაა: რას ვინარჩუნებთ მხოლოდ ცვლილებების შიშით, მაშინ, როცა ძველი მდგომარეობა უკვე აღარ გვაკმაყოფილებს? ახლა საჭიროა გულწრფელად შევაფასოთ არსებული ვითარება და გავარკვიოთ, რა უნდა შეიცვალოს.

კვირის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია მარსისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი. მარსი მოქმედების ენერგიას აძლიერებს, სატურნი კი ამ ენერგიის სწორად ორგანიზებას, დისციპლინასა და პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. ეს კარგი პერიოდია რთული ამოცანების შესასრულებლად, სამუშაო პროცესების მოსაწესრიგებლად და შეჩერებული პროექტების გასაგრძელებლად. შედეგის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული გეგმა, პრიორიტეტების განსაზღვრა და თანმიმდევრული მოქმედება.

ხელსაყრელია წარსულში დაწყებულ საქმეებთან დაბრუნებაც. თუმცა, რეტროგრადული ვენერა გვირჩევს, ძველი მცდელობა უბრალოდ არ გავიმეოროთ. საჭიროა გავაანალიზოთ წინა გამოცდილება, დავაზუსტოთ პირობები, ხარჯები და მოლოდინები. ამჯერად წარმატება სისწრაფეზე მეტად სწორ ორგანიზებასა და გააზრებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მზისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორობას, მოლაპარაკებებს, განათლებას, შემოქმედებით საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებას. კვირის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ახალ კონტაქტებსა და შეთავაზებებს, განსაკუთრებით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც უკვე დაწყებული პროექტების გაფართოებაში დაგეხმარებათ.

ამასთან, ლილიტისა და ნეპტუნის დაძაბული ასპექტი სიფრთხილეს მოითხოვს. არსებობს რეალობის არასწორად აღქმის, ილუზიებისა და საეჭვო დაპირებების რისკი. პირად ურთიერთობებში შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს ადამიანმა, რომელსაც ზედმეტად ვენდობოდით, ხოლო პროფესიულ და ფინანსურ საკითხებში ყურადღება უნდა მივაქციოთ დამალულ პირობებსა და ლამაზად წარმოდგენილ, მაგრამ რეალურად გაუმართლებელ შეთავაზებებს. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმედისა და დაპირებების საფუძველზე. გადაამოწმეთ ფაქტები და ყურადღებით შეისწავლეთ ყველა პირობა.

პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია 14 და 15 ოქტომბერი. ეს დღეები დაუთმეთ გეგმების განხორციელებას, მოლაპარაკებებსა და იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც ორგანიზებულ და მიზანმიმართულ მოქმედებას მოითხოვს.

16-18 ოქტომბერს კი გააქტიურდება კარმული კვანძების ღერძი. შესაძლოა, კვლავ წამოიჭრას წარსულში გადაუჭრელი საკითხები ან განმეორდეს ნაცნობი სიტუაციები. მათი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ძველი გამოცდილების გათვალისწინებით ამჯერად განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ ადრე ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდით ან კონფლიქტზე იმპულსურად რეაგირებდით, ახლა მნიშვნელოვანია, შეცვალოთ ქცევის ჩვეული მოდელი და მოვლენებს უფრო გააზრებულად უპასუხოთ.

კვირის მთავარი გზავნილი ასეთია: წარმატება ყოველთვის მხოლოდ დიდ ძალისხმევას არ მოაქვს, ზოგჯერ საჭიროა მოქმედების სტრატეგიის შეცვლა, ძველი მიდგომებისგან გათავისუფლება და ახალი გარემოებების გათვალისწინება. გამოიყენეთ წარსულის გამოცდილება, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ გადაწყვეტილებებს და ნუ შეინარჩუნებთ იმას, რაც თქვენს განვითარებას აფერხებს. სწორედ გააზრებული არჩევანი და თანმიმდევრული მოქმედება დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ‼️სიმართლე „მდნარი ყველის“ შესახებ: „ეს პროდუქტი ყველი არ არის!“

⭕„არ არსებობს დიეტა, რომელიც ან არ გაზიანებთ, ან უკან არ გიბრუნებთ დაკლებულ კილოგრამებს“ - როგორ დაიკლო წონაში ნანუკა გულუამ?

🎥 „მზადების დროს სულ მეტირება...“ - რას ამზადებენ ნანუკა გულუას ოჯახში ყველაზე ხშირად და რატომ არის „ხარჩო“ მისთვის განსაკუთრებული

✕