14 ივლისს, თბილისის დროით 13:44 საათზე, კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარე დადგება. ეს მხოლოდ ახალი მთვარის ციკლის დასაწყისი არ არის. ის ერთგვარი კარიბჭეა იმ მნიშვნელოვანი მოვლენებისკენ, რომლებიც 12 აგვისტოს დაბნელებების დერეფნის გახსნასთან ერთად დაიწყებს აქტიურ გამოვლენას. ამიტომ ეს ახალი მთვარე წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს პერიოდი კარმული პროცესების გააქტიურებით, გარდაუვალობის განცდისა და გაძლიერებული ემოციური ფონის მატარებელია. თუმცა, მისი მთავარი გზავნილი სწრაფი წინსვლა ან ახალი მწვერვალების დაპყრობა არ არის. პირიქით, ახლა კოსმოსი გვთავაზობს შევჩერდეთ და გადავხედოთ იმას, რაც უკვე გავლილია. სანამ ახალ რეალობას ავაშენებთ, აუცილებელია წარსულის მოწესრიგება. სანამ ახალ კარს გავაღებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ძველი ნამდვილად დახურულია.
ახალი მთვარე კირჩხიბში ყოველთვის ღრმა, ემოციური და საბედისწერო ხასიათისაა, მაგრამ ამჯერად მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან მზე, მთვარე და რეტროგრადული მერკური ერთ წერტილში ერთიანდებიან. ეს მიუთითებს, რომ მომდევნო მთვარის თვე მხოლოდ ახალი დასაწყისების პერიოდი არ იქნება. ის წარსულის გამოცდილების გააზრების, ცხოვრებისეული გაკვეთილების გადაფასებისა და ძველი სცენარების დასრულების დროა.
ამ კონფიგურაციას ჰარმონიული ასპექტით უჭერს მხარს პროზერპინა მორიელის ნიშნიდან. მისი ენერგია დაკავშირებულია ღრმა ტრანსფორმაციასთან, შინაგან ალქიმიასთან და ცნობიერების გარდაქმნასთან. სწორედ ამიტომ, ამ ახალი მთვარის მთავარი იდეა სრულიად ახლის შექმნა კი არ არის, არამედ უკვე არსებულის გარდაქმნა, მისი უფრო მომწიფებულ, სტაბილურ და ჩვენი განვითარების დღევანდელ ეტაპთან შესაბამის ფორმაში გადაყვანა.
კირჩხიბი ჩვენი ფესვების, ოჯახის, სახლის, გვარის, თაობათა მეხსიერებისა და ემოციური უსაფრთხოების ნიშანია. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გადაინაცვლებს შინაგან, ემოციურ სტაბილურობაზე, ემოციურ საფუძვლებზე. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რამდენად მყარია ის, რაზეც ჩვენი დღევანდელი ცხოვრება დგას.
როგორც წყლის ნიშანი, კირჩხიბი აძლიერებს ინტუიციას, ემოციურ მგრძნობელობასა და ზრუნვის მოთხოვნილებას. შესაძლოა, ამ დღეებში მოვლენებს უფრო ღრმად აღვიქვამდეთ, მოგვეძალოს მოგონებები და მეტად გვქონდეს სურვილი, თავი უსაფრთხო გარემოში ვიგრძნოთ. ბუნებრივად გაჩნდება ოჯახთან სიახლოვის, შინაგანი სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოთხოვნილება.
ეს შესანიშნავი დროა ოჯახთან ერთად ყოფნისთვის, გულწრფელი საუბრებისთვის, საერთო გეგმების დასახვისთვის, სახლის ენერგიის გასაუმჯობესებლად, ინტუიციასთან მუშაობისთვის, მედიტაციისთვის, ვიზუალიზაციისთვის ან ინტუიციური ხატვისთვის. კირჩხიბი წყლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება დროის გატარება მდინარესთან, ზღვასთან ან ტბასთან, ან უბრალოდ დამამშვიდებელი აბაზანის მიღება, რათა ემოციური ფონი დაბალანსდეს.
რეტროგრადული მერკური ამ ახალ მთვარეს განსაკუთრებულ სიღრმეს მატებს. მომდევნო კვირების განმავლობაში ბევრ ჩვენგანს დაუბრუნდება ბავშვობის მოგონებები, გაგვახსენებს მშობლებთან ურთიერთობის ისტორიებს, ძველ გამოცდილებასა და იმ შაბლონებს, რომლებიც დღემდე მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.
შესაძლოა, დაბრუნდნენ ადამიანები წარსულიდან, კვლავ აქტუალური გახდეს ძველი პროექტები, დაუმთავრებელი საქმეები. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შინაგან სამყაროში მოხდება. რეტროგრადული მერკური დაგვეხმარება დავინახოთ მიმდინარე მოვლენების ნამდვილი მიზეზები, გავიგოთ, რატომ მეორდება ერთი და იგივე სცენარები ურთიერთობებში, ფინანსებში თუ თვითრეალიზაციის გზაზე.
პროზერპინას ჰარმონიული გავლენა ამ პროცესს სამკურნალო ძალას ანიჭებს. ცვლილებები ძალდატანებით არ მოხდება. ისინი ცნობიერების გაფართოების გზით განვითარდება. ბევრი შეძლებს გათავისუფლდეს დანაშაულის გრძნობისგან, შეწყვიტოს ოჯახური პროგრამების გამეორება და თავს მისცეს უფლება, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით.
განსაკუთრებით აქტუალური გახდება ოჯახის, წინაპრების, სახლისა და ახლობლებთან ურთიერთობის თემები. ზოგისთვის ეს იქნება შერიგების, ოჯახური კავშირების აღდგენის ან მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობის განახლების პერიოდი. ზოგისთვის კი წინა პლანზე წამოიწევს საცხოვრებლის შეცვლის, რემონტის, უძრავი ქონების ან ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საკითხები. შესაძლოა, შეიცვალოს თავად „სახლის“ მნიშვნელობაც და უფრო მეტად გავიაზროთ, რომ ის მხოლოდ კედლები კი არა, არამედ ის სივრცეა, სადაც თავს დაცულად და ნამდვილ საკუთარ მე-დ ვგრძნობთ.
კოლექტიურ დონეზე კირჩხიბის ახალი მთვარე გააძლიერებს სამშობლოს, ეროვნული იდენტობის, კულტურული ფესვებისა და ისტორიული მეხსიერების თემებს. შესაძლოა, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობა და იმ პროცესების დასრულება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა.
ეს მთვარის თვე შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ციკლების დასრულების პერიოდი. ის, რაც წლების განმავლობაში გაჭიანურდა, ნელ-ნელა ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება. სადღაც აღდგება დაკარგული კავშირები, სადღაც დაბრუნდება ის, რაც თავის დროზე დავკარგეთ, ხოლო ზოგ შემთხვევაში საბოლოოდ დასრულდება ის ურთიერთობები თუ სიტუაციები, რომლებსაც მომავალი აღარ აქვთ.
ამ ახალი მთვარის მთავარი გზავნილი არის შესაძლებლობა, წარსული სიბრძნის წყაროდ ვაქციოთ.
მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება დავინახოთ, რომელი გაკვეთილი უნდა გავითვალისწინოთ, რომელი შეცდომა აღარ გავიმეოროთ და როგორ ავაშენოთ მომავალი უფრო მყარ საფუძველზე. თუ ამ დღეებში ძველი თემები კვლავ გააქტიურდება, ნუ ჩათვლით ამას უკან გადადგმულ ნაბიჯად. ეს არის შესაძლებლობა, საბოლოოდ დაასრულოთ ყველაფერი, რაც თქვენს ენერგიას ჯერ კიდევ აკავებს, რათა ახალი ცხოვრების მოდელი თავისუფლად და ზედმეტი ტვირთის გარეშე შექმნათ.
14 ივლისის ახალი მთვარე კირჩხიბში გვასწავლის- მომავლის მშენებლობას გაცნობიერებულ რეალობაში წარსულის გამოცდილების გამოყენების გზით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🎥 14 ივლისის ახალმთვარეობა: ჰეკატეს სიმბოლიზმი და ახალი ციკლის დასაწყისი ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი