ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში 2026 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, გარდამავალი პერიოდი დასრულდა და უკვე 2026 წლის პირველივე დღეებიდან მკაფიოდ ვიგრძნობთ ცეცხლოვანი ენერგიების შემოდინებას, რომელიც იქნება სწრაფი, მკვეთრი და შეუჩერებელი:
„2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
მეგობრებო, 2025 წელმა თავისი ტრანსფორმაციული ენერგიით მოგვამზადა იმ ეპოქალური ცვლილებებისთვის, რომელსაც მოიტანს ეს წელიწადი.
2026 იქნება ენერგიული, აქტიური, საჩქარებული მოვლენებით სავსე წელი, ჩვენ გვინდა თუ არა, მაინც აღმოვჩნდებით პროგრესული ცვლილებების ნაკადში.
რთული იქნება საყრდენის პოვნა, წარსულს ვეღარ მივეჯაჭვებით.
2025 საკმაოდ რთული წელი იყო, ჩვენ ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ბევრჯერ აღმოვჩნდით კრიტიკულ სიტუაციებში, როგორც გლობალური მოვლენების, ისე პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით, თუმცა როგორც ყოველთვის, სამყაროს წონასწორულმა ძალებმა, რაც სამი უმაღლესი პლანეტის - ურანის, ნეპტუნის და პლუტონის ჰარმონიულ კონფიგურაციაში გამოიხატებოდა, ბალანსი შეინარჩუნეს.
5 იანვრიდან ეს კონფიგურაცია დაიშალა - უმაღლესმა პლანეტებმა თავისი საქმე შეასრულეს.
ერთი მხრივ, დაარღვიეს ჩვეული მსოფლიო წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ დაგვეხმარნენ ამ რთული პერიოდში გავლაში.
და უკვე ვხედავთ, როგორ გააქტიურდა გლობალური საინფორმაციო დღის წესრიგი, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მსოფლიო არენაზე.
პირად სამყაროში კი თითქოს ყოველი დღე მიგვანიშნებს, რომ ძილის დრო არ არის, ბევრი რამ შესაცვლელია, ახალი სტრატეგია შესამუშავებელია.
წელი დაიწყო პლანეტების ძლიერი სტელიუმით. მზე, მარსი, მერკური, ვენერა და პლუტონი იანვრის მეორე ნახევარში ერთად შეიკრიბებიან თხის რქისა და მერწყულის საზღვარზე იმ წერტილში, რომელსაც ეზოთერულ ასტროლოგიაში უწოდებენ უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის – სფინქსის ზონას.
სფინქსი მისტიკური არსებაა. ის იცავს კარიბჭეს თხის რქის სამეფოდან - შეზღუდვების, ვალების, გადარჩენის, მკაცრი წესებისა და გამოცდების სამყაროდან - მერწყულის სივრცეში, სადაც იწყება თავისუფლება, განახლება, რეფორმები, ახალი მნიშვნელობები და მომავალი.
სფინქსის ჩართვა გვანიშნებს: ამ კარიბჭის გავლა ჩვეული გზით, ინერციით შეუძლებელია, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ილუზიებში ცხოვრების შეწყვეტა, ძალიან მნიშვნელოვანია რეალობის მიღება. ვარდისფერი სათვალეების მოხსნა კი არც ისე ადვილია.
სწორედ ამიტომ, იანვრის მეორე ნახევარი ზოგისთვის იქნება პოზიტიური გარდამავალი პერიოდი, ზოგისთვის კი ცვლილებებმა შესაძლოა კომფორტის ზონის გარღვევა მოახდინოს და იგრძნონ, რომ ძველებურად გაგრძელება აღარ შეიძლება.
მოკლედ, იანვარი ახალი დასაწყისის, ახალი მიზნების და პროგრამების დროა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს დრო კრიზისების გარეშე ჩაივლის. სწორედ ამ პერიოდში მოხდება ჩვენი ნების, სიბრძნის და გამოცდილების შემოწმება, რომელიც წესით 2025 წელს უნდა მიგვეღო.
2026-ს მშვიდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ეს არის გამოღვიძების, ცნობიერების განახლების, ახალი ღირებულებებისა და მიზნების წელი. და ჩვენ მოწმე ვხდებით ახალი და მნიშვნელოვანი ენერგერტიკული ნახტომისა:
სოციალური და უმაღლესი პლანეტები წელს განლაგდებიან ცეცხლის და ჰაერის ნიშნებში, რაც ნიშნავს, რომ სივრცე გაჯერებული იქნება აქტიური, ცეცხლოვანი, სწრაფი იან ენერგიით.
26 იანვარს ნეპტუნი გადადის თევზებიდან ვერძში 164 წლის შემდეგ და დარჩება 2039 წლის მარტამდე (ბოლოს ის ვერძში იყო 1861 წელს).
13 თებერვალს ვერძში შედის სატურნი, სადაც 2 წელს გაატარებს. 20 თებერვალს კი სატურნი და ნეპტუნი ერთმანეთს შეუერთდებიან ვერძის პირველ გრადუსში, რაც დასაწყისების საწყისი წერტილია. ამ პლანეტების წყვილი ყოველ 35-36 წელიწადში ერთხელ ხვდება ერთმანეთს. ვერძში მათი შეერთება ხდება დაახლოებით ყოველ 300 წელიწადში ერთხელ. ხოლო ვერძის პირველ გრადუსში სატურნი და ნეპტუნი ერთმანეთს შეუერთდნენ ათას წელზე მეტი ხნის წინ, ამიტომ 20 თებერვლის შეერთება ნამდვილად ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება თებერვლის ახალმთვარეობის მესამე დღეს მერწყულში, ეს ახალმთვარეობა ემთხვევა მზის დაბნელებასაც, რადგან დაბნელებების პერიოდში ყოველთვის იწყება განსაკუთრებული კარმული დრო.
ანუ თებერვლის მეორე ნახევარი დატვირულია დიდი მოვლენებით როგორც პერსონალურ, ისე გლობალურ, საკაცობრიო დონეზე.
17 თებერვლის მზის დაბნელება მერწყულში მოიტანს უპრეცედენტო ცეცხლოვანი ენერგიის ტალღას. შემდეგ, 3 დღეში, როგორც უკვე ვთქვით, ხდება სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ვერძში. შეიძლება ველოდოთ აქტივობის უპრეცედენტო გამოვლინებას. ყველას მოუნდება თავის გამოჩენა და თავის სიტყვის თქმა.
სატურნისა და ნეპტუნის ეპოქალური შეერთება აღნიშნავს თევზების ილუზიების თოთხმეტწლიანი ციკლის დასრულებას და აქტიური სულიერების ეპოქის დაწყებას - რწმენას ქმედებებით, საქმეებით.
ყველაფერი, რაც 2011 წლიდან ჩვენს ფსიქიკაში გროვდებოდა, რაღაც ფორმას მიიღებს. 20 თებერვალი გახდება ათვლის წერტილი ახალი იდეებისა და ღირებულებების ფორმირების დასაწყისისთვის.
მოხდება კულტურული დამოკიდებულებების განახლება. ეს მოვლენა წაახალისებს ახალი ლიდერების გამოჩენას.
ამ ტრანზიტზე ჩნდებიან ახალი ახალგაზრდა ლიდერები. ამ შეერთებისა და მნიშვნელოვანი პლანეტების ვერძში გადასვლის გავლენით, ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ნაბიჯის გადადგმის, პასუხისმგებლობის აღების, პირველობის, ექნებათ ძალიან კარგი შანსი გამოავლინონ საკუთარი ლიდერული პოტენციალი. ავტორიტეტი დაიბადება არა ტიტულებიდან, არამედ საკუთარი ძალიდან, გადაწყვეტილებიდან და ქმედების უნარიდან.
ეს შეერთება შესამჩნევად გამოვლინდება კარიერის, ბიზნესს აქტივობის კუთხით, რადგან სატურნი და ნეპტუნი ვერძში დაიწყებენ ახალ მიმართულებებს, ახალ მოდელებს, შესაძლოა დასაქმების ახალ ფორმებს. ბევრი დაიწყებს ნულიდან - ახალ საქმეს ან ახალ პროფესიას, ცხოვრების ახალ ვექტორს.
ეს შეერთება გვაძლევს შესაძლებლობას გავბედოთ და ამავდროულად მივიღოთ წარმატებული რეალიზაცია.
რადგან ნეპტუნი პასუხისმგებელია ჩვენს ოცნებებზე, ხოლო სატურნი აგებს სტრუქტურას - ოცნება რეალობად იქცევა.
მოკლედ, 2026 წლის დასაწყისშივე ხდება გლობალური ტენდენციების ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვანი პლანეტების ინგრესიებთან (ნიშნის შეცვლასთან) და საფუძვლის ჩაყრა მომდევნო რამდენიმე წლისთვის.
26 აპრილს ურანი, ცვლილებებისა და ინოვაციების პლანეტა, გადადის ტყუპების თანავარსკვლავედში და იქ დარჩება 2033 წლის 22 მაისამდე. ეს გადასვლა დაასრულებს ურანის შვიდწლიან მოგზაურობას კუროს ნიშანში, რომელიც დაიწყო 2018 წლის მაისში.
შეგახსენებთ, რომ კურო მართავს ჩვენს მატერიალურ ღირებულებებს, ფულს, რომელსაც გამოვიმუშავებთ არსებობისთვის. ყველამ ვნახეთ, რა რადიკალური ცვლილებები მოიტანა ურანის მოძრაობამ კუროში.
ურანი კუროში ამ პერიოდში ანადგურებდა საბაზისო კონსტრუქციებს: ფული, ბაზრები, უსაფრთხოება, საჭმელი, რესურსები, საზღვრები. ეს იყო დრო, როცა ჯანსაღი აზრი თითქოს გაიბზარა, როცა სტაბილურობა აღარ იყო გარანტირებული, ხოლო მატერიალური სამყარო სანდო საყრდენი. ჩვენ გადავიტანეთ ძალიან სერიოზული დარტყმები, მათ შორის ომები, ღირებულებათა დეფორმაცია.
ურანმა კუროში ყველას გვაგრძნობინა, რომ ისე, როგორც ადრე, აღარ იქნება. და აი, ის აპრილში შედის ტყუპებში- ჰაერის, მოძრაობის, ინფორმაციის და ინტელექტის ნიშანში.
მისი ფოკუსი შეიცვლება და რადიკალური ცვლილებები მოხდება ურთიერთობის და კომუნიკაციის სფეროში.
უფრო მეტიც, საცდელი პერიოდი უკვე გავიარეთ 2025 წელს - 7 ივნისიდან 7 ნოემბრამდე, როცა ურანი შევიდა ტყუპების ნიშანში, მაგრამ შემდეგ რეტროგრადულობის გამო კვლავ დაბრუნდა კუროში.
26 აპრილს ის საბოლოოდ გადადის ტყუპების ნიშანში.
თუ ბოლო 7 წლის მანძილზე გრძნობდით, რომ სამყარო თითქოს ტურბულენტურ ზონაში გაიჭედა და საყრდენი არც ისე საიმედო იყო, ახლა მოდის დრო უფრო მეტი ოპტიმიზმისთვის.
დიდ შვებას იგრძნობენ კუროს ნიშნის წარმომადგენლები, რომლებსაც ბოლო 7 წელი უჩვეულო, არაკომფორტულ მდგომარეობაში იყვნენ.
ჩნდება პერსპექტივა, რომ ზეწოლისა და განადგურების ნაცვლად იქნება მოლაპარაკებები, მოქნილობა და თანამშრომლობის ახალი ფორმატები.
იმედია, რომ ნელ-ნელა, მაგრამ დაბრუნდება ჯანსაღი აზრი, რადგან ურანი ტყუპებში - ეს აზროვნების განახლებაა.
უახლოეს 7 წელიწადში, სავარაუდოდ, ადამიანები უფრო მეტად დაიწყებენ ფიქრს, აზროვნებას, კითხვების დასმას, ეჭვის გამოთქმას, შედარებას და ანალიზს.
ურანი აუცილებლად დააჩქარებს პროცესებს განათლების სფეროში, ბიზნესს კონტაქტების, ინფორმაციასთან დაკავშირებულ სფეროებში ( მაგ. ინტერნეტი, მედია, ჟურნალისტიკა...)
მოსალოდნელია მძლავრი ტექნოლოგიური ნახტომები, რადგან ურანი სწორედ პროგრესის მფარველია, ხოლო ურანი ტყუპებში - ეს ნახტომია კომუნიკაციის საშუალებებში, ავიაციაში. სხვათა შორის, ჩვენთვის, ასტროლოგებისთვის, მკვლევარებისთვის, ცოდნის ადამიანებისთვის - ეს ძალიან ძლიერი ტრანზიტია.
ასტროლოგია, სწავლება, ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის სტრუქტურირება, ახსნა და პრაქტიკაში გამოყენება გახდება უფრო ლოგიკური და გასაგები.
ინფორმაციის სტრუქტურირება, ახსნა და პრაქტიკაში გამოყენება უფრო ადვილი გახდება.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ურანი ტყუპებში - ეს არის პერიოდი, როცა სამყარო სწავლობს ახლიდან: ლაპარაკს, მოსმენას, ფიქრს და შეთანხმებას.
ურანის შემდეგ სტარტს იღებს იუპიტერი. 30 ივნისამდე იუპიტერი მოძრაობს კირჩხიბის ნიშანში, და ეს ერთ-ერთი ყველაზე რბილი, მხარდამჭერი და მზრუნველი ტრანზიტია.
იუპიტერი კირჩხიბში ძალიან ძლიერია და განსაკუთრებით უჭერს მხარს იმას, რაც დაკავშირებულია ოჯახთან, ტრადიციებთან, კულტურასთან, ასევე პროექტებს, სადაც არის ზრუნვა, კვება, სტუმართმოყვარეობა.
იუპიტერი კირჩხიბში გვაბრუნებს ჩვენს ფესვებთან, ვიღებთ ნათესავებისგან მოულოდნელად მხარდაჭერას, აღვადგენთ ურთიერთობებს გვართან, მშობლებთან, ოჯახთან. ამ ენერგიის მეშვეობით იხსნება ახალი შესაძლებლობები.
ძალიან ხშირად ასეთ პერიოდში დახმარება მოდის სწორედ ოჯახური ხაზით და არა გარედან.
30 ივნისამდე განსაკუთრებით ხელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, იფიქროთ, სად გინდათ შემდეგ ცხოვრება, სად გრძნობთ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ.
კარგი დროა მიწის ნაკვეთის, სახლის, აგარაკის ყიდვისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, ასევე რემონტისთვის, რადგან იუპიტერი კირჩხიბში აძლიერებს სახლის, როგორც ძალის წერტილის თემას. ამიტომ, თუნდაც ერთი შეხედვით, წვრილმანი - როგორიცაა ლამაზი, კომფორტული სახლის ტანსაცმლის ყიდვა, კომფორტის შექმნა, სივრცეზე ზრუნვა მხარს უჭერს თქვენს კეთილდღეობას.
სანამ იუპიტერი კირჩხიბში მოძრაობს, ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახურ სივრცეში. წყალი, სახლი, ოჯახი, მიწა - ეს ამ ტრანზიტის საკვანძო სიტყვებია.
იუპიტერი კირჩხიბში 30 ივნისამდე - ეს ჩვენი ცხოვრების საყრდენის გაძლიერების დროა. რაც უფრო ძლიერია ფესვები, მით უფრო მაღალი გაიზრდება ხე.
30 ივნისის შემდეგ იუპიტერი გამოდის კომფორტული კირჩხიბიდან და გადადის ბრწყინვალე ლომში, რაც სულ სხვა ისტორიას წერს.
თუ წლის პირველი ნახევარი ფესვებს, სახლს და დაცულობას ეხებოდა, მეორე ნახევარში აქტუალური გახდება კითხვა: როგორ შემიძლია თავის გამოვლენა და რით შემიძლია ვიამაყო?
იუპიტერი ლომში გააფართოებს ჩვენს ცხოვრებისეულ სურვილებს ლამაზად, მასშტაბურად, შესამჩნევად.
თითოეულ ჩვენგანს მოუნდება მეტი – მოგზაურობის, შენაძენების, ემოციების და თვითგამოხატვის კუთხით.
სწორედ 2026 წლის მეორე ნახევარში გახდება აქტუალური დიდი მოგზაურობები, მოგზაურობები არა უბრალოდ დასასვენებლად, არამედ „ვაუ“ ეფექტით.
გააქტიურდება კულტურული, საზოგადოებრივი ცხოვრება - თეატრები, ოპერები, კონცერტები, პრემიერები, გამოფენები, სცენა - ყველაფერი, სადაც არის პუბლიკა და აღიარება.
გაიზრდება ლტოლვა ძვირადღირებული ნივთებისადმი. რადგან იუპიტერი ლომში გვასწავლის ჩვენი მიღწევებისრმოჩ და ღირებულებების წარმოჩენას – ეს ზრდის ბუნებრივი ნაწილია.
იუპიტერის ლომში ცალკე ხაზია სიამაყე - საკუთარი თავით, შვილით, საყვარელი ადამიანით, საქმით, რომელსაც აკეთებთ.
ეს არის ცრდილიდან გამოსვლის და შემოქმედებითი უნდარების გამოვლენის დრო.
რა თქმა უნდა, ამ ენერგიას აქვს ჩრდილოვანი მხარეც. იუპიტერი ლომში აძლიერებს ბრძოლას ხელისუფლებისთვის, ამბიციებს, კონკურენციას, დომინირების სურვილს. ამიტომ წლის მეორე ნახევარში შეიძლება გამწვავდეს პოლიტიკური და მმართველობითი კონფლიქტები, ხოლო ყოველდღიურ დონეზე - ეგოების კონფლიქტი.
პლუს ლომის ცეცხლოვანი ბუნება ზრდის ხანძრების თემას და ცეცხლთან დაკავშირებულ რისკებს.
იუპიტერი ლომში 30 ივნისიდან - ეს არის დრო გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად.
როცა მივუახლოვდებით ამ გარდამავალ პერიოდს, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა არის ის, სადაც შემიძლია ვიყო ბრწყინვალე? არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ საკუთარი სინათლის.
პირიქით, გააკეთეთ ყველაფერი თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და იუპიტერი აუცილებლად დაგიჭერთ მხარს.
ივლისი მოიტანს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარდატეხას - მთვარის კარმული კვანძები გადაინაცვლებენ მერწყული- ლომის ღეძზე. აღმავალი კარმული კვანძი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენი განვითარების ვექტორს, იქნება მერწყულის ნიშანში. მერწყული კი მოითხოვს პროგრესულ აზროვნებას და გვიბიძგებს ინოვაციებისკენ, ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებისკენ, ასევე ახალი თემების, კავშირების ფორმირებისკენ, გუნდურობისკენ და თანასწორობისკენ.
ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში გვასწავლის უკეთეს ურთიერთქმედებას, გვასწავლის, რომ შეუძლებელია ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავზე ავიღოთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა გონებისა და ძალისხმევის გაერთიანებით. ჩვენი ნიჭი, შესაძლებლობები, ჩვენი სინათლე მნიშვნელოვანია მივმართოთ არა მხოლოდ თვითდამკვიდრებისთვის, არამედ სხვების შთაგონებისთვის, იდეისთვის, საერთო მიზნისთვის.
ჩვენ გავაანალიზეთ 2026 წლის მთავარი ტრანზიტები, ანუ პლანეტების ინგრესიები, რომლებიც სერიოზულ ცვლილებებს მოიტანენ.
გარდა ამისა, წელს გველოდება მერკურის სამი და ვენერას ერთი რეტროგრადულობის პერიოდი. ეს თარიღებიც უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ, რომ ამ დროს არ დავგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, გეგმები და პროექტები.
ვენერას რეტროგრადული ფაზა გაგრძელდება 3 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე. ეს პერიოდი ყოველთვის ურთიერთობების და გრძნობების სიმწიფის გამოცდაა.
ამ ციკლის თავისებურებაა ის, რომ ვენერა უკან მოძრაობს ორი ნიშნის მეშვეობით, რომლებიც მაქსიმალურად უკავშირდება ურთიერთობებს.
ჯერ მორიელის ნიშანში მოძრაობს 15 ოქტომბრამდე, შემდეგ კი სასწორის ნიშანში 13 ნოემბრამდე.
რეტროგრადული ვენერა ყოველთვის გვაბრუნებს წარსულში, განსაკუთრებით წარსულ ურთიერთობებში. მაგრამ ამჯერად ყველაფერი განსაკუთრებით ემოციურად და მწვავედ მოხდება, რადგან ვენერა მორიელში იმოძრავებს- ყველაზე ღრმა და ტრანსფორმაციულ ნიშანში. ამიტომ ოქტომბერში შეიძლება ამოტივტივდეს ძველი ისტორიები, საიდუმლოებები, გრძნობები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაცნობიერებული ჩანდა.
ამ დროს ხდება ძველი ურთიერთობების და ,,ყოფილების'' დაბრუნება, ძველი სიუჟეტების განმეორება. მორიელში ეს ღრმად და სავარაუდოდ, მტკივნეულად მოხდება.
ამ ნიშანში ხდება დამოკიდებულების, ეჭვიანობის, ძალაუფლების, ემოციური მიჯაჭვულობის, ასევე სექსუალური ენერგიის და მანიპულაციის თემების წამოწევა.
შეიძლება მკვეთრად გამწვავდეს დაძაბულობა ურთიერთობებში, განსაკუთრებით თუ ადრე რაღაც მიჩუმდა და თითქოს დავიწყებას მიეცა.
ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან მომენტს. ამ პერიოდში ადვილია ტოქსიკურ კავშირებში ჩართვა, რაც ტკივილს იწვევს და არა სიყვარულს. გახსოვდეთ, რეტროგრადული ვენერას პერიოდი არ არის ახალი რომანებისთვის, არამედ იმის გასაანალიზებლად არის საჭირო, თუ რატომ გვიზიდავს ის, რაც უსაფრთხო არ არის.
როცა ვენერა უკან დაბრუნდება სასწორში, აქცენტი გადაინაცვლებს და მოხდება არსებული კავშირების გადახედვა. რთული იქნება იქ, სადაც ბალანსი დაირღვა.
ამ პერიოდის მთავარი წესია - ურთიერთობების მკვეთრად არ გაწყვეტა. არ იჩქაროთ კარის გაჯახუნება, ხისტი გადაწყვეტილების მიღება დასრულების მიზნით. რეტროგრადული ვენერა მოითხოვს დიალოგს, საუბარს და არა გაქცევას, გაწყვეტას. ამ პერიოდში ჯობია ბევრი რამ გაიაზროთ, ვიდრე გადაწყვიტოთ.
თუ 2026 წელს ქორწინების ცერემონიას გეგმავთ, აუცილებლად აირიდეთ რეტროგრადული ვენერას პერიოდი.
უმჯობესია ქორწინება გააფორმოთ 3 ოქტომბრამდე ან 13 ნოემბრის შემდეგ.
ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი დიდი ფინანსური ოპერაციებისთვის. არ ღირს ფულის სესხება ან კრედიტის აღება. ასევე არ იქნება სწორი ძვირადღირებული შენაძენები და თავადაც არ გასცეთ სესხი.
რაც შეეხება მერკურის რეტროგრადულ ფაზებს, 2026 წელი უნიკალურია იმით, რომ მერკურის სამი რეტროგრადული პერიოდი წყლის ნიშნებში გაივლის: თევზებში, კირჩხიბში და მორიელში.
ეს ნიშნავს, რომ წელს მერკური მუშაობს არა ლოგიკით, სისწრაფით და რაციონალურობით, არამედ გრძნობებით, ქვეცნობიერით და ემოციური გამოცდილებით.
მერკური რეტროგრადულობის პერიოდებში გვაბრუნებს შინაგან სამყაროში, ჩვენს ძველ მივიწყებულ განცდებში, იმ მდგომარეობაში, რომელიც ოდესღაც გადავიტანეთ, დავივიწყეთ, დავმალეთ, მაგრამ ვერ გავაცნობიერეთ.
მერკურის პირველი რეტროგრადული ფაზა იწყება 26 თებერვალს და მთავრდება 20 მარტს. ეს იქნება რეტროგრადული ფაზა თევზებში - ყველაზე ბუნდოვანი პერიოდი. სავარაუდოდ, თავს შეგახსენებთ წარსულის ფიქრები, იდეები, სულიერი ძიებები, მკვეთრად გაიზრდება მგრძნობელობა და ემპათია.
შემდეგი რეტროგრადული პერიოდი იწყება 29 ივნისს და მთავრდება 23 ივლისს. ამჯერად მერკური მოძრაობს კირჩხიბის ნიშანში და გვაბრუნებს სახლის, ოჯახის, ფესვების, გვარის ისტორიების თემასთან.
ამ პერიოდში შეიძლება გააქტიურდეს საუბრები ნათესავებთან, ამოტივტივდეს ძველი ოჯახური თემები, უთქმელი წყენები ან პირიქით - თბილი მოგონებები.
ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობების გადაფასების დრო. შესაძლოა წამოიჭრას, გაახლდეს საცხოვრებელ ადგილთან, სახლთან დაკავშირებული თემები
მერკურის ბოლო რეტროგრადულობა იქნება 24 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე. აქ ის ემთხვევა ვენერას რეტროგრადულობას. ამიტომ ეს საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. ყველაზე ღრმა და რთული სამი რეტროგრადულობიდან. მოგიწევთ ჩაღრმავება, დაფარული მოტივების ძებნა, ამოტივტივდება ძველი კონფლიქტები, დაკავშირებული ძალაუფლებასთან, ფულთან და პირად ურთიერთობასთან.
ზედაპირზე ამოვა რაღაც საიდუმლოებები, გამჟღავნდება სიმართლე, რომელიც თქვენგან იმალებოდა. ეს პერიოდი გახდება ჩვენთვის ყველასთვის ნამდვილი ემოციური განახლების დრო.
აი, ასეთი აქტიური, ცვლილებებით სავსე და გარდამტეხი წელი გველოდება წინ.
ძვირფასო მეგობრებო, იმედი მაქვს, ეს პროგნოზი დაგეხმარებათ ეფექტურად ჩაერთოთ აქტიური, პროგრესული ენერგიების ნაკადში, მისი ძლიერი მხარეების გამოყენებაში და წყალქვეშა დინებების თავიდან აცილებაში“,- აღნიშნულია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება