Digest Logo

23 აგვისტოს ენერგია იცვლება - რას გვიმზადებს ქალწულის სეზონი?

1787474274
ენერგია ასტროლოგი

23 აგვისტოს მზე ლომის ცეცხლოვან და შემოქმედებით სამყაროს ტოვებს და ქალწულის მიწიერ, პრაქტიკულ და დეტალებზე ორიენტირწბულ ნიშანში გადადის. ამ მომენტიდან იწყება ქალწულის სეზონი, რომელიც 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ლომის სეზონი არის პერიოდი, როდესაც იდეები პრაქტიკულ ნაბიჯებად უნდა ვაქციოთ, გეგმები დავალაგოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები შევიტანოთ, რაც საბოლოოდ უფრო დიდი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.

ქალწულის ენერგია გვაბრუნებს რეალობასთან. ნაკლებია უბრალოდ სურვილი, ოცნება. მეტად მნიშვნელოვანია, პრაქტიკული ნაბიჯები და რეალური შედეგი. ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სამუშაო, ყოველდღიური მოვალეობები, ჯანმრთელობა, რეჟიმი, ფინანსური ორგანიზება, დოკუმენტები, ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, მოაწესრიგოთ ზაფხულის განმავლობაში დაგროვილი საქმეები, დაალაგოთ სახლი, კომპიუტერი ან სამუშაო სივრცე, გადაამოწმოთ დოკუმენტები, შეცვალოთ კვებისა და ძილის რეჟიმი, შექმნათ ახალი გრაფიკი ან გაარკვიოთ, რას ხმარდება თქვენი დრო და ენერგია.

ქალწულის მთავარი ძალა სწორედ ეს არის - ქაოსიდან სისტემის შექმნა.

თუმცა ამ ენერგიას თავისი ჩრდილოვანი მხარეც აქვს. როდესაც ყველაფრის გაუმჯობესებას ვიწყებთ, ადვილია აღმოვჩნდეთ მუდმივი კრიტიკის ხაფანგში. შეიძლება ზედმეტად მომთხოვნი გავხდეთ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

ამიტომ ქალწულის სეზონის მთავარი პრინციპია: გაუმჯობესება - თვითკრიტიკის გარეშე.

არ არის საჭირი ყველაფერი ერთ დღეში შეცვალოთ. საკმარისია გაარკვიოთ, რა აღარ გაძლევთ ენერგიას, მოიშოროთ ზედმეტი და ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნათ უფრო ეფექტური სისტემა.

განსაკუთრებით საინტერესოა ამ ახალი სეზონის პირველი დღე - 23 აგვისტო. დღის განმავლობაში ენერგია რამდენჯერმე იცვლება და დილა, შუადღე და საღამო ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის.

დილით მზე ქალწულში და მთვარე თხის რქაში მიწის სტიქიის ძლიერ და პროდუქტიულ კომბინაციას ქმნიან. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთია ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც ყურადღებას, ლოგიკას, ორგანიზებასა და მოთმინებას მოითხოვს.

თუ გაქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო, დოკუმენტები დასამუშავებელი, ფინანსური საკითხები მოსაწესრიგებელი, შეხვედრისთვის მოსამზადებელი მასალა, სწავლის გეგმა შესადგენი ან უბრალოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი რუტინულისაქმე, დილის ენერგია მის დასალაგებლად ძალიან ხელსაყრელია.

დღის მეორე ნახევარში ენერგეტიკული ფონი იცვლება. მთვარის ოპოზიცია მარსთან ემოციურ დაძაბულობას ზრდის და განსაკუთრებით მკაფიოდ აჩენს წინააღმდეგობას მოვალეობებსა და პირად მოთხოვნილებებს შორის.

შეიძლება ერთდროულად გქონდეთ სურვილი, ყველაფერი მოასწროთ და ყველამ თავი დაგანებოთ. შესაძლოა პასუხისმგებლობებმა, ოჯახის წევრების მოთხოვნებმა ან მოლოდინებმა გაღიზიანება გამოიწვიოს. პატარა შენიშვნა შეიძლება თავდასხმად აღიქვათ, უბრალო თხოვნა კი - ზეწოლად.

ამიტომ შუადღის შემდეგ უმჯობესია ცოტა შეანელოთ ტემპი. თუ იგრძნობთ, რომ გაღიზიანება იზრდება, ნუ შეეცდებით ყველა საკითხის დაუყოვნებლივ გარკვევას. გაისეირნეთ, დაკავდით სპორტით, იმოძრავეთ, დაალაგეთ სივრცე ან უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ დაგროვილი ენერგია განიტვირთოს.

საღამოს დაძაბულობა კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ცაზე რთული კონფიგურაცია - დიდი ჯვარი - ყალიბდება. მისი მონაწილეებია სატურნი ვერძში და ვენერა სასწორში, ასევე მთვარე თხის რქაში და მარსი კირჩხიბში.

ასეთი კომბინაცია განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ურთიერთობების თემას. შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს ძველი წყენა და ის საკითხები, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში არ გვისაუბრია.

ვინ უფრო მეტს აკეთებს? ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? ვისი სურვილები და ინტერესები რჩება უყურადღებოდ?

ეს კითხვები შეიძლება განსაკუთრებით მწვავედ დადგეს პარტნიორულ და ოჯახურ ურთიერთობებში.

თუმცა ამ საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის - ნუ დაიწყებთ საუბარს ბრალდებებით.

ფრაზები „შენ ყოველთვის…“, „შენ არასდროს…“ ან „ყველაფერი შენი ბრალია“ კონფლიქტის მოგვარებას თითქმის ყოველთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლად აქცევს.

ამის ნაცვლად ისაუბრეთ საკუთარ მდგომარეობაზე. მაგალითად: „ეს ჩემთვის რთულია და მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია სირთულის გადანაწილება.“

სწორედ ასეთი განსხვავება ქმნის ზღვარს კონფლიქტსა და დიალოგს შორის.

სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებშიც. ვენერასა და სატურნის დაძაბული ურთიერთქმედება შეიძლება გამოიხატოს ფულის თემაზე შეზღუდვის განცდით, უკმაყოფილებით ან ემოციური გადაწყვეტილებებით. ამიტომ საღამოს უმჯობესია თავი შეიკავოთ იმპულსური შოპინგისგან, დიდი ხარჯებისგან და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მხოლოდ სტრესის შესამსუბუქებლად მიიღება.

ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ემატება - მთვარის მე-11 დღე.

ტრადიციულად, მთვარის მე-11 დღე ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ და ძლიერ დღედ მიიჩნევა. მისი სიმბოლოები - ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი და ლაბირინთი - დაკავშირებულია ძლიერ შინაგან იმპულსთან, ნებისყოფასთან და ენერგიის მართვის აუცილებლობასთან.

შეიძლება იგრძნოთ ძალების მოზღვავება, მოქმედების ძლიერი სურვილი, მიზნის მიღწევის წყურვილი და შინაგანი მზადყოფნა გადალახოთ დაბრკოლებები.

სწორედ აქ არის მთავარი გამოწვევა: შეძლებთ თუ არა ამ ძალის მართვას?

ძლიერი ენერგია თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ საით მივმართავთ მას. თუ მას ცნობიერად გამოვიყენებთ, ეს შეიძლება გახდეს ძალიან ნაყოფიერი დღე მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, რთული ამოცანის გადასაჭრელად, სპორტისთვის, შემოქმედებისთვის ან იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელსაც დიდი ხანია ვაყოვნებთ.

თუ ენერგია უკონტროლო ხდება, ის შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანების, კონფლიქტის, მოუთმენლობისა და იმპულსური მოქმედებების სახით.

ამიტომ 23 აგვისტოს მთავარი ამოცანა არა საკუთარი ძალის ჩახშობა, არამედ მისი სწორად მიმართვაა.

თუ ენერგეტიკულ პრაქტიკებს იყენებთ, კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, იოგისთვის, მედიტაციისთვის, სხეულზე მუშაობისთვის, ცეკვისთვის და იმ პრაქტიკებისთვის, რომლებიც გეხმარებათ შინაგანი ენერგიის დაბალანსებაში.

ქალწულის სეზონი გვასწავლის ერთ მნიშვნელოვან რამეს: დიდი ცვლილებები ყოველთვის გრანდიოზული ნაბიჯებით არ იწყება.

ზოგჯერ ცვლილება იწყება ერთი დალაგებული მაგიდით, ერთი სწორად შედგენილი გეგმით, ერთი შეცვლილი ჩვევით, ერთი დასრულებული საქმით ან ერთი გადაწყვეტილებით, რომ აღარ დავხარჯავთ ენერგიას იმაზე, რაც უსარგებლოა.

ამიტომ 23 აგვისტოს დილა გამოიყენეთ ორგანიზებისთვის, დაგეგმვისთვის და მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ემოციებს და ნუ მისცემთ გაღიზიანებას უფლებას, თქვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები. საღამოს კი განსაკუთრებით გაუფრთხილდით ურთიერთობებს, ფინანსებსა და შინაგან წონასწორობას.

არ არის აუცილებელი ყველა კვანძი ერთბაშად გაჭრათ.

ზოგჯერ საკმარისია მშვიდად შეხედოთ, სად არის ძაფები ერთმანეთში ჩახლართული და მოთმინებით, სათითაოდ გახსნათ ისინი.

ქალწულის სეზონი გვეხმარება გავიგოთ, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია და როგორ შევქმნათ უფრო მოწესრიგებული, ეფექტური და გაცნობიერებული ყოველდღიურობა.

ახლა დროა იდეებს ფორმა მივცეთ, სურვილებს გეგმა დავუმატოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ რეალურ შედეგამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი უძლეველი რაზმით შეკვეთილიდან მოგესალმებით“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად ისვენებს

⭕მარიამობის მარხვაში წასაკითხი სამი ლოცვა

⭕„მნიშვნელოვანია, ჩვეული სცენარიდან გამოხვიდეთ და ცხოვრებას თქვენი გაოცების საშუალება მისცეთ“- თაკო მელიქიშვილი 23 აგვისტოს ენერგიებზე