19 მარტის ახალმთვარეობა:
ეს ახალმთვარეობა ძალიან თავისებური იქნება, რადგან ის გაზაფხულის ბუნიობის წინა დღეს ემთხვევა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ თევზების მმართველი, პლანეტა ნეპტუნი, უშუალოდ ახალმთვარეობის წერტილთან იქნება შეერთებაში, რაც მის გავლენას წარმოუდგენლად აძლიერებს.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით განახლების ტალღა გადაგვივლის. ეს მისტიკური ახალმთვარეობა თითოეული ჩვენგანისთვის დიდ სასიცოცხლო ციკლს შეაჯამებს და ამავდროულად, გაზაფხულის ბუნიობასთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში სრულიად ახალ ციკლს გადაშლის.
19 მარტის ახალმთვარეობა დადგება თბილისის დროით 05: 26 სთ-ზე. მას წარმოუდგენლად ძლიერსა და სიმბოლურს ხდის მნიშვნელოვანი ფაქტორი: ახალმთვარეობის წერტილის მდებარეობა თევზების 28- 29-ე გრადუსზე.
თევზები, ზოდიაქოს ყველაზე ბოლო ნიშანია. ის ითვლება ყველაზე კარმულ და მაგიურ ნიშნად, რადგან ასახავს მარადიულ შინაგან ბრძოლას სულსა და სხეულს, ოცნებასა და რეალობას, სულიერსა და მატერიალურს შორის.
ასევე, თევზები განასახიერებს გარდამავალ ეტაპს სხვადასხვა ციკლებსა და სამყაროებს შორის. ახალმთვარეობა თევზების ნიშანში ჩვენი გარკვეული კარმული ისტორიების დასასრულს ნიშნავს. მაგრამ, როდესაც ახალმთვარეობა ამ ნიშნის ბოლო გრადუსებზე ხდება, ეს ნიშნავს, რომ მომავალ მთვარის თვეში ჩვენს ცხოვრებაში მართლაც დიდი ეტაპი დაიხურება.
ამ პერიოდში ყველანი გარკვეულ შეჯამებას გავაკეთებთ. ზოგი გააზრებულად, ზოგი კი იმ მოვლენების მეშვეობით, რომლებიც აიძულებენ, საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედონ. შეიძლება გაჩნდეს ნოსტალგია, უკან მოხედვის, წარსული გადაწყვეტილებების, ძველი ურთიერთობების ან ძველი ოცნებების გახსენების სურვილი.
ამ ახალმთვარეობის მთავარი ამოცანაა გავერკვეთ: თუ რატომ აღმოვჩნდით იქ, სადაც ახლა ვართ? რომელმა გადაწყვეტილებებმა მოგვიყვანეს დღევანდელ წერტილამდე? რა კარმული გაკვეთილები გავიარეთ და რომელი პროგრამების დასრულების დროა?
შეიძლება დასრულება უკავშირდებოდეს ურთიერთობებს, ზოგჯერ ეს იყოს, სხვა მიზნის არჩევა და ძველ მიზნებზე უარის თქმა. ბევრს გაუჩნდება განცდა, რომ ის სხვა ადამიანად იქცა და მისი ეს ვერსია საერთოდ აღარ ეხმიანება მის ამჟამინდელ გზას, ამიტომ არჩევანის შეცვლის წინაშე შეიძლება დავდგეთ.
ამ მოვლენის, ალბათ, ყველაზე მისტიკური თავისებურება ახალმთვარეობის წერტილის შეერთებაა ნეპტუნთან, თევზების ნიშნის მმართველთან. სწორედ ნეპტუნი განაგებს ჩვენს ქვეცნობიერს. ის გვაძლევს მინიშნებებს ინტუიციის ხმით, სიზმრებით, წარმოსახვით. როდესაც ნეპტუნი ახალმთვარეობის წერტილით ძლიერდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეცნობიერი ბევრად უფრო ძლიერად მუშაობს.
არა მხოლოდ ახალმთვარეობის დღეს, არამედ მომდევნო მთვარის თვესაც შეუძლია ბევრი რამ დაგვანახოს. ჩვენ შეიძლება დავინახოთ სიცხადე იქ, სადაც ადრე გაურკვევლობა იყო. ზედაპირზე შეიძლება ამოტივტივდეს დაფარული პროცესები ან მოულოდნელი ფაქტები. თუმცა, ყველაფერი, რასაც შინაგანად ვიგრძნობთ და რასაც ინტუიცია გვიკარნახებს, სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი ცხოვრებისეული გზის სწორი ვექტორი დამდეგ ასტრონომიულ წელს.
ეს არის ნეპტუნის ენერგიის გამოვლინება, როცა ცოდნა მოდის არა ანალიზით, არამედ შეგრძნებით.
ჩვენი ანალიტიკური უნარი და ლოგიკა ახლა საგრძნობლად შესუსტებულია, რადგან მერკური რეტროგრადულია. ის ასრულებს თავის რეტროგრადულ სვლას და ისიც თევზების ნიშანში იმყოფება. ანუ, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ნაკლებად გადავწყვიტოთ გონებით - ახლა ყველა მნიშვნელოვანი მინიშნება ინტუიციით მოდის.
მეგობრებო, ამ მინიშნებების მოსმენა მხოლოდ შინაგანი სიჩუმის მდგომარეობაშია შესაძლებელი. როცა თუნდაც მცირე ხნით საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით. სწორედ მაშინ იწყებს თევზების ენერგია თავისი ჭეშმარიტი ძალის გამჟღავნებას. სწორედ სიჩუმეში შეგვიძლია უკეთ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ცხოვრების რომელიღაც თავი მართლაც დასრულდა.
დასრულება არ ნიშნავს დაკარგვას, არამედ ეს არის სივრცის მომზადება ახალი ეტაპისთვის, ახალი ენერგიისთვის.
მომდევნო დღეს, 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობა დგება. მზე და მთვარე ვერძის ნიშანში გადაინაცვლებენ და ახალი ასტრონომიული წელი დაიწყება.
უკვე 20 მარტიდან ჩვენ სულ სხვა ენერგიას და მომავლისკენ მიმართულ მძლავრ მიზანდასახულობას ვიგრძნობთ. ყველაფერი გვიბიძგებს წინსვლისკენ, ახალი მიზნების დასახვისკენ, ახალი ამოცანების გადაჭრისა და გეგმების მშენებლობისკენ.
არასდროს უახლოეს წარსულში ახალმთვარეობა თევზებში ასეთი მოტივაციური არ ყოფილა.
თუ ამ ახალმთვარეობის რუკას შევხედავთ, დავინახავთ გასაოცარ სურათს: ახალმთვარეობის წერტილი ჯერ კიდევ თევზების ნიშნის სულ ბოლოშია, რაც ასრულებს ძველ ციკლს, ხოლო ამ ნიშნის მმართველმა ნეპტუნმა, რომელიც ახალმთვარეობის წერტილთან შეერთებაშია, უკვე გადაკვეთა თევზების საზღვარი და ვერძის ახალ სივრცეში მოძრაობს.
ის ფაქტი, რომ ამ პლანეტების შეერთება ხდება ნიშნების საზღვარზე, ერთდროულად რთავს ზოდიაქოს უმაღლეს ნიშანს - „საათების“ პორტალს. ესეც დიდი ძალის მქონე მისტიკური ენერგიაა. „საათების“ ჩართვა მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩვენს ცხოვრებაში, ისე მსოფლიო მასშტაბით, რაღაც დიდი და ფუნდამენტური დასრულდება და ამავდროულად, რაღაც სრულიად ახალი დაიწყება.
რაც შეეხება ახალმთვარეობის მმართველ ნეპტუნს - იმყოფება რა ვერძში, მოქმედების, ინიციატივისა და სიმამაცის ნიშანში, ის სტიმულს მოგვცემს, შევცვალოთ ჩვენი მოტივაციის სტრატეგია. ამ ნიშნიდან, ჩვენი ქვეცნობიერის არხის მეშვეობით, ის ჩაგვჩურჩულებს, რომ „მიენდე შინაგან ხმას და დროა მოქმედება დაიწყო“.
დიახ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა და ჭეშმარიტი სურვილების გაცნობიერება, მაგრამ აღარ შეიძლება ოცნებების სამყაროში დარჩენა. დგება დრო, როდესაც შინაგანი ენერგია უნდა იქცეს მოქმედებად.
ნეპტუნი რბილად, მაგრამ დაჟინებით დაანგრევს ლოდინის ილუზიას. ხშირად ვცხოვრობთ მოლოდინებით, რომ ვინმე ან რამე მოვლენა შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ასეთი განცდა ბევრს ჰქონდა ბოლო წლებში, სანამ ნეპტუნი თევზების ნიშანში მოძრაობდა. მაგრამ ახლა, როცა ნეპტუნი ვერძის ნიშანში გადავიდა, ის სულ სხვა რამისკენ მოგვიწოდებს: ცხოვრება იმ მომენტში იწყებს ცვლილებას, როდესაც ადამიანი თავად გადადგამს პირველ ნაბიჯს.
გამოდის, რომ თავდაპირველად ახალმთვარეობის მეშვეობით ჩვენამდე მოდის სიღრმისეული გაცნობიერება, შემდეგ კი მაშინვე - ახალი იმპულსის დაბადება. ჯერ სულის წყნარი საუბარი საკუთარ თავთან, შემდეგ კი პირველი ნაბიჯი ახალ რეალობაში.
ასე მოქმედებს ,,საათები''-ს პორტალიც: ერთი მხრივ, დასრულების განცდა, თითქოს ცხოვრების ეპოქა მართლაც მივიდა ფინალამდე, მეორე მხრივ კი - შეგრძნება, რომ წინ სრულიად ახალი გზა იხსნება. სწორედ ამიტომ, 19 მარტის ახალმთვარეობას შეიძლება ვუწოდოთ პორტალი ორ დიდ ციკლს შორის. ძველი სამყარო, ძველი პერიოდი სრულდება, მაგრამ ახალი უკვე იწყებს დაბადებას. და თუ ჩვენ მზად ვართ გააზრებულად დავასრულოთ ჩვენი ცხოვრების ძველი ციკლი, მაშინ სამყარო ჩვენს წინაშე უფრო პერსპექტიულ, ახალ გზას გახსნის.
როგორ გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი დღე - 19 მარტის ახალმთვარეობა - რათა ახალი ციკლის დაწყება თქვენთვის მაქსიმალურად პოზიტიური იყოს?
პირველი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: შეანელეთ ტემპი და შეეცადეთ მოუსმინოთ ქვეცნობიერის ხმას. ნეპტუნთან შეერთება ინტუიციას წარმოუდგენლად აძლიერებს. ამ ახალმთვარეობაზე და მომავალ მთვარის თვეში პასუხები შეიძლება მოვიდეს არა ლოგიკური ანალიზით, არამედ შეგრძნებებით, სიმბოლოებით, შემთხვევითი აზრებითა თუ სიზმრებით. ამიტომ, ახალმთვარეობის დღეს ეცადეთ თუნდაც ცოტა ხნით სიჩუმეში დარჩეთ. მოწყდით ინფორმაციის ნაკადს და თავს მოხვეულ აზრებს. სწორედ სიჩუმეში და სიმშვიდეში იწყებს სული მკაფიოდ საუბარს.
მეორე: გულწრფელად შეაჯამეთ განვლილი წელი. რადგან ეს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ბოლო გრადუსებზე ხდება, ეს იდეალური მომენტია შინაგანი ანალიზისთვის. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა გამოიარეთ ამ წელს? რომელი გადაწყვეტილებები იყო სწორი? რა გაკვეთილები მიიღეთ? და რაც მთავარია - ამ გამოცდილებიდან რისი წაღება გსურთ მომავალში და რისი დატოვების დროა წარსულში.
მესამე: გააზრებულად დაასრულეთ ძველი ემოციური ისტორიები. თევზების ენერგია ხშირად გვაბრუნებს წარსულ განცდებთან. მაგრამ ამის მიზანი ძველი ტკივილის ხელახლა გადატანა კი არა, მისი აზრის გაგება და გაშვებაა. ამიტომ, შეეცადეთ აპატიოთ მათ, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და აპატიოთ საკუთარ თავსაც დაშვებული შეცდომები. თევზების ნიშანი ხომ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებას გვასწავლის.
მეოთხე: შეეცადეთ მაქსიმალურად გაასუფთაოთ სივრცე თქვენს ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი ქმედება: ნივთების დახარისხება, იმის გადაყრა, რასაც დიდი ხანია არ იყენებთ, სახლში წესრიგის დამყარება. ასტროლოგიაში ასეთი ქმედებები სიმბოლურად გვეხმარება ადგილი გავათავისუფლოთ ახალი ენერგიებისთვის. თუმცა წმენდა პირველ რიგში საკუთარი შინაგანი სამყაროდან უნდა დავიწყოთ. მადლიერება და პატიება- ეს არის მდგომარეობა, რომელიც მომენტალურად გვათავისუფლებს ნეგატივისგან და აძლიერებს ემპათიას და სიყვარულს- ამაღლებს ვიბრაციებს.
ახალმთვარეობის დადგომისთანავე მთვარე ვერძის ნიშანში გადასასვლელად დაიწყებს მზადებას და დაიწყება მთვარის უკურსო მოძრაობა. პირველი მთვარის დღეც სწორედ ამ პერიოდში გაივლის, ამიტომ, 19 მარტს, გამთენიისას, არ იჩქაროთ მომავალი მთვარის თვის გეგმების ჩაწერა. თბილისის დროით 07:30 საათზე უკურსო მთვარის ფაზა დასრულდება, ამის შემდეგ აჯობებს განახორციელოთ ეს „რიტუალი“.
ამასთანავე, გახსოვდეთ: ამ მთვარის თვეში, როდესაც მომავალი თვის ან ახალი ასტროლოგიური წლის გეგმებს დაწერთ, ეს გააკეთეთ არა გონებით, არამედ გულით. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: „როგორი ცხოვრება იწვევს ჩემში შინაგან, ემოციურ გამოძახილს? რომელი მიზნები მავსებს შთაგონებით?“.
თუ თქვენი ფიქრები შინაგანად მიღების და მზაობის შეგრძნებას წარმოშობს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ახალ მიზნებს სწორად ირჩევთ და თქვენი ქვეცნობიერი ამას იწონებს.
გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ახალმთვარეობის მხარდამჭერი ენერგიები და ყოველთვის, ყველა სიტუაციაში შეინარჩუნოთ ჰარმონია თქვენს შინაგან სამყაროში. ყოველთვის იარეთ სინათლისკენ, სიმართლისკენ და იყავით თავისუფალი სული!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს
🎥 „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი