Digest Logo

ახალი მთვარე სასწორში და ურთიერთობები: „მიუთითებს ზეწოლაზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და დაფარული თემების ზედაპირზე ამოტივტივებაზე“

1791627171
ახალმთვარეობა

10 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარე დგება, რაც იწყებს ახალ ექვსთვიან ციკლს ურთიერთობების სფეროში. ეს ასტროლოგიური მოვლენა მოგვიწოდებს დავფიქრდეთ, როგორ ვიღებთ სხვებს, როგორ ვინარჩუნებთ საკუთარ თავს პარტნიორობაში და სად გადის ზღვარი ჩვენს კეთილდღეობასა და სხვის სურვილებს შორის.

სასწორი ზოდიაქოს ის წერტილია, სადაც ადამიანი პირველად ხვდება სხვას და სამყაროში შემოჰყავს მეორე ადამიანი თავისი უნიკალური ხედვით.

სასწორის სიმბოლო ერთადერთი უსულო საგანია ზოდიაქოში, რომელიც გვასწავლის აწონ-დაწონას, პროპორციისა და სამართლიანობის ძიებას. ამ პერიოდში მთავარი სასწორი თითქოს ჩვენს შიგნით გადადის და გვაიძულებს საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები იმის შესახებ, რამდენის გაცემა ან მიღება შეგვიძლია საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე, სად მივდივართ კომპრომისზე და რამდენად მშვიდია ურთიერთობა, თუ ამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად საკუთარ პრიორიტეტებზე უარის თქმა გვიწევს.

ახალი მთვარე არის შესაძლებლობა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ეტაპს, თუმცა ამჯერად პროცესი განსაკუთრებულად ენერგიული და დაძაბულია. ამ ახალმთვარეობის გავლენა განსაკუთრებით ძლიერად გამოვლინდება მათთვის, ვის ჰოროსკოპშიც სასწორის 17-18 გრადუსთან ახლოს მნიშვნელოვანი წერტილები მდებარეობს. ეს პერიოდი, რომელიც დაახლოებით 15 ოქტომბრამდე გრძელდება, გვაჩვენებს, რომ ჩვენს საპირისპიროდ შეიძლება სრულიად განსხვავებული სურვილების მქონე ადამიანი იდგეს. ორ ადამიანს შეიძლება უყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ მაინც განსხვავებული რამ სურდეთ. ურთიერთობაში დამნაშავე და მსხვერპლი არ არსებობს, არსებობს ორი განსხვავებული რეალობა და სასწორის ამოცანა ამ ორივე რეალობის აღიარება და მათ შორის ისეთი წონასწორობის პოვნაა, სადაც არც ერთის მნიშვნელობა არ ქრება.

ამ ახალი მთვარის მმართველი ვენერა მორიელის ნიშანში რეტროგრადულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი დასაწყისი ზედაპირულ ჰარმონიას არ გულისხმობს. ვენერა მორიელში ურთიერთობების სიღრმეში ჩადის და გვაიძულებს დავინახოთ ის, რაც თავაზიანობის ან გარეგნული სიმშვიდის მიღმა იმალებოდა. ამავდროულად, ვენერა დაძაბულ ასპექტებს ქმნის მარსთან და პლუტონთან, რითაც ყალიბდება ტაუ-კვადრატის კონფიგურაცია. ეს მკაცრი სტრუქტურა მიუთითებს ზეწოლაზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და დაფარული თემების ზედაპირზე ამოტივტივებაზე. წარსულის ემოციური გამოცდილება, ძველი სიყვარული ან დაუმთავრებელი შეთანხმებები კვლავ აქტიურდება. ამიტომ ახლა საქმე უფრო მეტად იმასთან დაბრუნებას ეხება, რაც ოდესღაც მივატოვეთ და აღარ დავასრულეთ.

დამატებით დაძაბულობას ქმნის ისიც, რომ სასწორში შეერთებულ მზესა და მთვარეს ვერძში მყოფი სატურნი უპირისპირდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი თუ დაბრუნებული ძველი წამოწყება სიმტკიცის ტესტს გაივლის და ის, რასაც რეალური საფუძველი არ აქვს, შესაძლოა მთლიანად დაიშალოს. პარალელურად, იუპიტერი ოპოზიციაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან, რაც გვახსენებს, რომ ყოველი ახალი შესაძლებლობა აუცილებლად არ არის ის, რაც სინამდვილეში გვჭირდება, და ახალი ვალდებულებების აღებამდე დაფიქრებაა საჭირო. ამ რთულ ფონზე დამხმარე ენერგიად გვევლინება ურანის, პლუტონისა და ნეპტუნის ჰარმონიული ბისექსტილი, რომელიც გვეხმარება საკუთარ ინტუიციას მივენდოთ და კრიზისულ სიტუაციებში ახალი შესაძლებლობები დავინახოთ.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალოგი და შეთანხმება. ნუ ეცდებით რაიმეს ძალით ან განსაკუთრებული შეტევით გატანას, რადგან ძალა სიმართლეშია და არა ზეწოლაში. თუ საუბრით პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, ჯობს დროებით უკან დაიხიოთ. ასევე მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობისა და სხვისი ტვირთის ტარებას. ვინაიდან სასწორის ნიშანი თირკმელებს, წელსა და კანს უკავშირდება, ხოლო მარსისა და პლუტონის დაძაბულობამ შესაძლოა ანთებითი პროცესები ან წელის ტკივილი გაამწვავოს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ორგანიზმში სითხის ცვლას და მოერიდეთ სტრესის საკვებით ჩახშობას.

სასწორის ახალი მთვარის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო სასწორზე დადებული გულია, სადაც უნდა დავფიქრდეთ, რა ამძიმებს ან ამსუბუქებს ჩვენს განწყობას. ბალანსი არ არის გაყინული მდგომარეობა, ის მუდმივი კორექტირებით ინარჩუნებს თავის ფორმას. როგორც მზის ჩასვლისას იცვლება სინათლე და ფერები, ისე იცვლება ურთიერთობები, სიყვარული და ჩვენი იდენტობაც. სასწორი გვასწავლის, რომ პარტნიორობაში აუცილებელია როგორც სიახლოვე, ისე დისტანცია და სივრცე, რათა ორმა დამოუკიდებელმა ადამიანმა ურთიერთობაში არ დაკარგოს საკუთარი მე. 13-14 ნოემბრამდე, სანამ ვენერა რეტროგრადული მოძრაობიდან არ გამოვა, საუკეთესო გზაა საკუთარ თავს დრო მივცეთ, დავაკვირდეთ შინაგან და გარეგან პროცესებს და მივცეთ ცვლილებებს საშუალება, ბუნებრივად იპოვონ საკუთარი ფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა მშვენიერი ხარ ჩემო შემოდგომის ყვავილო...“ - ირინეოს შენგელია დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕დაბადების დღემდე არსებული 7 დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რატომ არის ეს პერიოდი მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

⭕რა დიზაინი გააძლიერებს სიუხვის ნაკადს და ფრჩხილის რომელი ფორმა უნდა აირჩიოთ ოქტომბერში

✕