11 სექტემბერს, თბილისის დროით 07:26 საათზე, ქალწულის ნიშანში მორიგი ახალმთვარეობა გველოდება. ლომის, ცეცხლოვანი ენერგიისა და შემოქმედებითი ციკლის შემდეგ, სრულიად განსხვავებული, მიწიერი და პრაქტიკული პერიოდი გველის. ქალწულის ახალმთვარეობა ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ, საინტერესო მიმართულებას გააქტიურებს.
ინდივიდუალური დონე: ახალი შესაძლებლობები
ინდივიდუალურ დონეზე ეს ახალმთვარეობა მოწესრიგებულ, ორგანიზებულ ერთთვიან ციკლზე მიანიშნებს. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი მოქმედების სტრატეგიას შეცვლის, რადგან შესაძლებელი გახდება დაშვებული შეცდომების გაანალიზება და გამოსწორება. ინდივიდუალურ დონეზე ბევრი რამე დალაგდება, თუმცა ეს უპირველესად მენტალურ დონეზე მოხდება. შფოთვა, რომელსაც არსებული ქაოსი იწვევდა, ნელ-ნელა უკან დაიხევს.
ამ ახალმთვარეობის სიგნიფიკატორი (მერკური) სასწორის პირველ გრადუსშია, რაც მიანიშნებს, რომ ის მოლაპარაკებები, რომლებიც აქამდე გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისა და ეგოიზმის გამო ვერ ხერხდებოდა, 11 სექტემბრიდან შესაძლებელი გახდება.
მზე-მთვარის შეერთება კირჩხიბის ნიშანში მყოფ მარსთან ჰარმონიულ (სექსტილის) ასპექტს ქმნის. ეს კონფიგურაცია დადებითად იმოქმედებს ცხოვრებისეული ბობოქარი დინებების კალაპოტში მოქცევაზე. ის ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში მოვლენებს მეტად დრამატულად აღიქვამდნენ, ემოციურ ან მატერიალურ დონეზე გარკვეული ქაოსი ჰქონდათ და მოტივაციის ნაკლებობაც აწუხებდათ, ეს ახალმთვარეობა ამ ყველაფერს შეცვლის. მათ გაუჩნდებათ არეული სიტუაციებისა თუ დაძაბული ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობები.
ძალიან კარგი დროა ცხოვრებაში გარკვეული სისტემების შეტანისთვის და არსებული გეგმების ერთიან სტრუქტურაში მოქცევისთვის. ასეთი მიდგომით შესაძლებელი გახდება მოვლენების პრაგმატულად აღქნა და ილუზიური მდგომარეობიდან თავის დაღწევა. მკვეთრად მოიმატებს შრომისმოყვარეობა და დეტალებზე ფოკუსირების უნარი, რაც წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ნეგატიური კუთხით მოიმატებს გადაჭარბებული პერფექციონიზმი და წვრილმანებზე გამოკიდების ქვეცნობიერი სურვილი. დეტალებზე მეტისმეტი კონცენტრაცია მთლიანი სურათის დანახვას გაართულებს.
ბუნებრივია, ეს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად მიწის სტიქიის წარმომადგენლებზე (ქალწული, კურო, თხის რქა) იმოქმედებს. ისინი ერთთვიან ახალ, საქმეზე ორიენტირებულ ფაზას დაიწყებენ. შესაძლოა, მათ წარმატებით გააგრძელონ გადადებული პროექტები ან მოძებნონ შემოსავლის ახალი წყარო.
მიწის ნიშნებიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული ეს პერიოდი მაინც ქალწულებისთვის იქნება. ისინი შეძლებენ ძველი სისტემების ახლით ჩანაცვლებას, ხოლო მათ წინაშე მდგარ პრობლემებს რეალური გადაწყვეტის გზებს მოუძებნიან.
ასევე საყურადღებო იქნება თევზებისთვის, რადგან ეს ახალმთვარეობა მათ ოპოზიციურ ნიშანში ხდება. ეს მიუთითებს, რომ ბევრი თევზი განვითარებული მოვლენების გამო ურთიერთობებში (პირად თუ საქმიან) მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ყველა სხვა ნიშნისთვის ეს პერიოდი შედარებით ნეიტრალური იქნება.
სოციალური დონე: იდეოლოგიიდან - პრაგმატიზმამდე
ლომის ზაფხულის ხმაურიანი, სანახაობრივი ენერგია დასრულდება და წინ წამოიწევს ქალწულისთვის დამახასიათებელი ორგანიზებულობა, წესრიგი, საფუძვლიანად მომზადებული იდეები და კონკრეტული ქმედებები. სიზარმაცესა და გართობის სურვილს - შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შეცვლის.
ეს ახალმთვარეობა ქალწულის მე-19 (18°26') გრადუსში ხდება. ამ ნიშნის ენერგია მიწიერი, ფრთხილი და ანალიტიკურია, მაგრამ მე-19 გრადუსი (18°00'-დან 18°59'-მდე) ამ ნიშანში გამოირჩევა გაზრდილი დინამიკით. ამ გრადუსს იან კეფერის მიხედვით, მარსი მართავს. მით უმეტეს, რომ კლასიკური ასტროლოგიის (დოდეკატემორიის) მიხედვით, ზოდიაქოს ამ მონაკვეთზე გავლენას ვერძის ნიშანიც ახდენს.
როდესაც მიწიერ, მერკურიანულ ქალწულს ფარულ შრედ ცეცხლოვანი, მარსიანული ვერძი ერევა, ძალიან საინტერესო სურათს ვიღებთ: ინტელექტუალურ მეომარს. ვერძი ქალწულს აძლევს იმას, რაც მას ყველაზე მეტად აკლია - გამბედაობასა და ინიციატივის გამოვლენის უნარს. პერფექციონიზმი და ყოყმანი შედარებით უკანა პლანზე გადავა და სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დონეზე ადამიანებს გაუჩნდებათ მძლავრი იმპულსი, რომ არა მხოლოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, არამედ გაბედულადაც იმოქმედონ.
ამ ენერგიას კიდევ უფრო აძლიერებს ზემოთ ნახსენები ახალმთვარეობის ჰარმონიული კავშირი კირჩხიბში მყოფ მარსთან. საზოგადოების ყურადღება კონკრეტულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირდება. ერთი მხრივ, დღის წესრიგში მწვავედ დადგება დასაქმებისა და ჯანდაცვის საკითხები, მეორე მხრივ კი - შიდა უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გაძლიერება.
ამ ახალმთვარეობის გავლენით, უახლოეს ერთთვიან პერიოდში:
საზოგადოება ბევრად მომთხოვნი და პრაგმატული გახდება ისეთი ძირეული საკითხების მიმართ, როგორებიცაა დასაქმება, შრომითი უფლებები და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
შესაძლოა ვიხილოთ მნიშვნელოვანი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მედიცინის, ეკოლოგიისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით.
სახელმწიფო და მსხვილ კორპორატიულ სტრუქტურებში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები - ძველი, არაეფექტიანი სისტემებისა და კადრების ჩანაცვლება ახალი, ქმედითი რეგულაციებითა და ენერგიული ადამიანებით.
ბევრი ქვეყანა აქცენტს თავდაცვითი პოზიციების გამყარებაზე, საზღვრების კონტროლსა და მოსახლეობის დაცვაზე გააკეთებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დაწერე ფურცელზე ყველაფერი და დაწვი...“ - 09.09-ის რიტუალი სურვილების ასასრულებლად
⭕შორენა ბეგაშვილი ყვითელ კაბაში პოზირებს – ნახეთ, ამჯერად სად მოგზაურობს მოდელი