Digest Logo

„ახლა იდეალური დროა, რომ საკუთარი თავი და ძალები ვირწმუნოთ...“ - აგვისტოს ახალმთვარეობა: რამაზ გიგაურის პროგნოზი

1786463520
რამაზ გიგაური

12 აგვისტოს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება - რას გვიმზადებს სამყარო? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:

„12 აგვისტოს, თბილისის დროით 21:36 საათზე, ლომის ნიშანში ახალმთვარეობა და, ამავდროულად, მზის დაბნელება გველოდება. ერთი შეხედვით, ეს რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდია, თუმცა ასტროლოგიურად აქ ორი სრულიად განსხვავებული დონე იკვეთება.

პიროვნული ციკლი და ახალი შესაძლებლობები:

ინდივიდუალურ დონეზე ეს ახალმთვარეობა ძალიან პოზიტიურ, ერთთვიან ციკლს ხსნის. მზე და მთვარე ლომის ნიშანში ერთიანდება და ვერძის ნიშანში მყოფ სატურნთან ძალიან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის.

თუ ბოლო პერიოდში მოტივაცია რაღაცნაირად დაკარგული იყო, ეს ახალმთვარეობა ამას შეცვლის. გაჩნდება წინსვლის ახალი იმპულსები, რომლებიც წარმატების მიღწევის ძლიერ სურვილში გარდაისახება.

ახლა იდეალური დროა, რომ საკუთარი თავი და ძალები ვირწმუნოთ. შინაგანი კომპლექსები და გარეგანი შეზღუდვები შედარებით განეიტრალდება, მოიმატებს ამბიციურობა და მიზანსწრაფულობა, რაც წარმატების შანსებს ერთიორად გაზრდის.

საერთოდ, ცეცხლოვანი ენერგია მალე სუსტდება და ქრება ხოლმე, მაგრამ სატურნის ტრინი მზესთან და მთვარესთან მიანიშნებს, რომ უახლოეს ერთთვიან მონაკვეთში შეგვეძლება, ჩვენს ენთუზიაზმსა და მიზნებს პრაქტიკული და ორგანიზებული ფორმა მივცეთ.

ბუნებრივია, ეს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებზე (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი) იმოქმედებს. ისინი ერთთვიან ახალ, აქტიურ ფაზას დაიწყებენ. თუმცა ყველაზე გამორჩეული ეს პერიოდი მაინც ლომებისთვის იქნება. მათ ძველი თემების ჩახურვის პარალელურად, ახალი პერსპექტივების დანახვა და მათი ეფექტიანად გამოყენება მოუწევთ.

ასევე საყურადღებო იქნება მერწყულებისთვის, რადგან ეს ახალმთვარეობა მათ ოპოზიციურ ნიშანში ხდება. ეს მიუთითებს, რომ ბევრი მერწყული განვითარებული მოვლენების გამო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ყველა სხვა ნიშნისთვის ეს პერიოდი შედარებით ნეიტრალური იქნება.

გლობალური პროცესები და ძველი სისტემების დასასრული:

თუ ახალმთვარეობა ჩვენს პირად, ერთთვიან ციკლზე მოქმედებს, მზის დაბნელება გრძელვადიან და გლობალურ პროცესებს რთავს, რაც გაცილებით მეტ სირთულეზე მიანიშნებს.

ეს დაბნელება ლომის 21-ე გრადუსში, ანუ მესამე დეკადაში ხდება.

კლასიკური ასტროლოგიის ავტორები (კლავდიოს პტოლემეოსი, უილიამ ლილი) ამ გრადუსში მომხდარ დაბნელებებს ყოველთვის რთულ და ფატალურ მოვლენებს უკავშირებდნენ. ისტორიული ტრაქტატების მიხედვით, ეს ასპექტი მოასწავებს:

  • დიდ რყევებს მსოფლიო პოლიტიკაში და ცნობილი მმართველების ცხოვრებაში.
  • ძველი, დრომოჭმული პოლიტიკური სისტემებისა და სტრუქტურების ნგრევას.
  • სამხედრო დაძაბულობას და აგრესიული ენერგიის გააქტიურებას.
  • მეტეოროლოგიურ კატაკლიზმებს (განსაკუთრებით ხანძრებსა და გვალვებს, რადგან ლომი ცეცხლის სტიქიაა).

როგორც ხედავთ, სანამ გარე სამყაროში ძველი სტრუქტურები ინგრევა, თითოეულ ჩვენგანს გვეძლევა შანსი, ამ ენერგიების ფონზე საკუთარი ახალი და მყარი საყრდენი შევქმნათ“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ავსტრალიაში AI-აგენტმა ფიტნესკლუბის სისტემა გატეხა, რათა თავისი პატრონი ვარჯიშზე ჩაეწერა

🎥 მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი და ნახე რა გელოდება თვის ბოლომდე: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

⭕„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან