ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია. ალბათ, ბევრმა იცით, რომ თიკო პირველი შვილის მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. რა მოხდა, ამაზე ის თავად მოგვიყვება:
„ძალიან ბევრმა ქალბატონმა მომწერა, რომ იგივე დაემართა პირველ ორსულობაზე და მამხნევებენ. ზუსტად არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში რა გახდა ამის მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადატანილმა სტრესმა იქონია გავლენა. როცა ფეხმძიმედ დავრჩი, თავიდან არც ვიცოდი ამის შესახებ, იმ პერიოდში დიდი სირთულეები გამოვიარე. როგორც იცით, თებერვალში ომი დაიწყო, ჩვენ კი ეპიცენტრში მოვხვდით და ჩვენს თვალწინ ბომბები ცვიოდა. ამერია ძილისა და კვების რეჟიმი, ნანახმა ძალიან იმოქმედა ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ძალიან რთული იყო იმ ყველაფრის გადალახვა. უცხო ქვეყანაში ვიყავი ჩარჩენილი და ათი დღე ამ დაძაბულობაში ვიცხოვრე. ვიბრძოდით, რომ თავი დაგვეღწია იქაურობისთვის. ამან ძალიან დიდი კვალი დატოვა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ სტრესიდან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. იქიდან თავის დაღწევის შემდეგ, ცალკე პრობლემა იყო რვასაათიანი სახმელეთო გზა – არ ვიცოდით რა გველოდებოდა. შემდეგ ლოდინი, ხანგრძლივი ფრენა...
რომ ჩამოვედი და ექიმთან მივედი, თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ორ თვეზე კი უკვე მითხრეს, რომ ჰემატომა მქონდა და მკაცრი წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. ორი თვე საწოლიდან არ ავმდგარვარ, მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი ჩემს თავს და ბავშვს, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. 13 კვირაზე, ექიმთან სქესის გასაგებად რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბავშვი დავკარგეთ...
ამაზე დიდი ტკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია. ბევრი რამ მაქვს გადატანილი, მაგრამ შვილის დაკარგვაზე მძიმე არაფერია, თუნდაც მუცლად ყოფნის დროს... ძალიან მწარე იყო, თუმცა ვცდილობ, იმ სტრესიდან გამოვიდე. ალბათ, ასე იყო საჭირო, ასეთი განსაცდელი უნდა მოევლინა ღმერთს, რომ შემდეგ უკეთესი რამ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.
ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. ვცდილობ, ჩემი თავის ფსიქოლოგი თვითონ ვიყო. ოჯახის მაქსიმალური მხარდაჭერა მაქვს – მეუღლე, მისი ოჯახი გვერდით მიდგას. ჩემი აუდიტორია – სასწაული ადამიანები ყოველდღე მწერენ გასამხნევებელ შეტყობინებებს. ზოგს იგივე გადახდა თავს, ზოგი, უბრალოდ, თბილი სიტყვებით ცდილობს, გამამხნევოს.
ჩემი პირველი შვილი ჩემი პირველი სიხარული და უფლის სასწაული იქნება ჩემთვის, ეს სიხარული და ეს ტკივილიც, ყოველთვის ჩემთან დარჩება. ღვთის მადლით, ფეხზე დავდექი, მეუღლეც უკეთესად არის და სამომავლოდ ყველაფერს კარგს ველოდებით.
ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მუცელი მომეშალა. მომხდარმა თვალის არსებობაში დამარწმუნა. ომის დროს რომ დავაანონსე, მოვდივარ-მეთქი, მას შემდეგ, უამრავი რამ მოხდა და ათი დღე უმძიმეს სიტუაციაში ვიმყოფებოდი. მერე, როგორც იქნა, ჩამოვაღწიე და ცოტა ხანს არ ვახმაურებდი ჩემს ამბავს, სიხარულს ჩვენთვის ვინახავდით. სამ თვეზე ვთქვი და მდგომარეობა გამირთულდა, საბოლოოდ კი სქესის გასაგებად მისულმა ასეთი რამ გავიგე. ამიტომ ამ გამოცდილებების შემდეგ, პირველ რიგში, ჩემს თავს მოვუწოდებ, რომ მნიშვნელოვანი ამბები აღარ გავაჟღერო. შეიძლება, ვინმემ ცუდი თვალით სულ არ შემომხედოს, მაგრამ მსგავსი რამ მოხდეს, ჩემმა ცხოვრებამ აიღოს თვალი. ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია და სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. სხვებსაც მოვუწოდებ, ვისაც ადამიანებისთვის სასიხარულო ამბების გაზიარება უყვარს: არ გინდათ ასეთი ამბების გაჟღერება, მაქსიმალურად შეინახეთ თქვენთვის სადამდეც შეძლებთ! ახლა ვხვდები, რომ ასე ჯობს. მე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გადავდგი ეს ნაბიჯი. თუნდაც ემოციური კუთხითაც მინდოდა ჩემი სიხარულის სხვებისთვის გაზიარება. გარდა ამისა, თითქოს თავი ვალდებულადაც ჩავთვალე, რომ ეს მეთქვა, თუმცა ყველას ვეტყვი, რომ არაფრით ვართ ვალდებულები. პირიქით, რაც შეიძლება, ცოტამ უნდა იცოდეს ჩვენი ბედნიერების შესახებ...
როგორც გითხარით, ახლა უკეთ ვარ და ნელ-ნელა ვუბრუნდები ვარჯიშს, აღდგენით პროცესში ვარ, მუშაობას უკვე დავუბრუნდი, მოსწავლეები ამყავს და მალე თვითონაც დავიწყებ ვარჯიშს“, - ამბობს თიკო ყაველაშვილი.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ადიქციის ჩრდილში: ვინ არიან თანადამოკიდებულები? - ფსიქოლოგის განმარტება
წყარო: tbiliselebi.ge