Digest Logo

„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

1673870085
კატა-კურდღელი

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, 2023 წელი კატა-კურდღლის წელია, რომელიც იწყება 22 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 9 თებერვალს. კურდღელი  ჩინურ კულტურაში დღეგრძელობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. კურდღლის წელს დაბადებული ადამიანები სწრაფები და გონიერები არიან.

გამომდინარე იქიდან, რომ წლის დასაწყისში, დიდია ინტერესია იმისა, თუ როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, „ჯორჯიან თაიმსი“ ასტროლოგ გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა:

„არ არის გამორიცხული, რომ 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს, ან რასაც შეთქმულების თეორიას ვუწოდებდით, ის გაირკვეს. ანუ რასაც ჩვენ ჭორებად და ინტრიგებად მივიჩნევდით, შეიძლება იქიდან სიმართლე გამოაშკარავდეს. ეს სიმართლე კი, შეიძლება სკანდალიც აღმოჩნდეს“ - ამბობს ასტროლოგი.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი - განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, გამარჯვების პლანეტა ჯერ კიდევ ამ ნიშანში მოძრაობს, ამიტომ ეს პერიოდი, სადღაც მაისის თვემდე, ვერძისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამ დროის განმავლობაში მათ აქტიურობა მართებთ და თუ ვერძებს რაიმე დაგეგმილი აქვთ, ან რამის შეცვლა სურთ ცხოვრებაში, შეუძლიათ, რომ ამ  ცვლილებებს საფუძველი ჩაუყარონ. ასევე, ვერძებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პირად ცხოვრებას, შვილებთან ურთიერთობას და აზარტულ საკითხებს, რადგან შესაძლოა, ვერძები აზარტულ საკითხებში ისე გაერთონ, რომ ზომა/წონასწორობა საერთოდ დაკარგონ. ამიტომაც, ზოდიაქოს ეს ნიშანი, რაც უფრო ფრთხილი და ზომიერი იქნება, მით უკეთესი იქნება მისთვის. წარმატების შანსი კი, ვერძს 2023 წელში ასე თუ ისე მაინც გააჩნია.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საუკეთესო პერიოდი დაიწყება მაშინ, როდესაც პლანეტა იუპიტერი კუროს ზოდიაქოს ნიშანში შებრძანდება. ეს იქნება ერთწლიანი ციკლი ამ ნიშნისთვის, რომელიც დაიწყება 2023 წლის მაისიდან და გაგრძელდება 2024 წლის მაისამდე. ამ პერიოდში ფიზიკური აქტივობები, ბიზნესს საქმიანობები, პარტნიორული საკითხები მოგვარების საკითხები კუროსთვის წინა ხაზზე წამოვა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა გარკვეული სიახლეები, მოგება და დიდი შენაძენი მიიღოს.

ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის 2023 წელი არაჩვეულებრივი იქნება დისტანციური ურთიერთობებისთვის. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ონლაინ სწავლებები, ინტერნეტით საქმიანობა, ინფორმაციის გაცვლის თემები და ა.შ. ამ წელს, ტყუპებს პოპულარობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი აქვთ. ამ ნიშნით დაბადებულებს საიდუმლოს შენახვის პრობლემა აქვთ, ამიტომ ამ კუთხით ფრთხილად უნდა იყვნენ.

კირჩხიბი - 2023 წელს კირჩხიბები ურიგოდ ნამდვილად არ იგრძნობენ თავს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, რომლებსაც სამსახურებრივი ცვლილებები, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, უფროსებთან გასაუბრებები და სხვადასხვა აქტივობები სურთ, მათ ეს ამ წელს აუცილებლად გამოუვათ. კირჩხიბებს ამ საკითხების მოგვარება განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში შეუძლიათ.  წელს კირჩხიბებს ემოციური მდგომარეობაც შედარებით უფრო გამოუკეთდება, ვიდრე წინა წლებში.

ლომი - ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წლის პირველი ნახევარ, სადღაც მაისის თვემდე ძალიან კარგია. ლომებმა ოქტომბრის თვემდე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირად შუღლს, შვილებთან არსებულ სიტუაციას, პირად ცხოვრებას, ავტორიტეტულ საკითხებს - აი, ეს ის თემებია, რაც ლომებმა ამ პერიოდში უნდა დაახარისხოს და რაც სჭირდება, ის უნდა დაიტოვოს; რაც არა კი, - ის აუცილებლად უნდა გაუშვას. აქ შეიძლება ადამიანებიც იგულისხმებოდეს და  ნივთებიც. მოკლედ, ლომებისთვის 2023 წელი უფრო ტრანსფორმაციული იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მათ წინა წლებში ჰქონდათ.

ქალწული - რაც შეეხება ზოდიაქოს ამ ნიშანს, პირადად მე, მათ ვურჩევ, რომ კარგად დაფიქრდნენ, თუ რა გარემოში მოძრაობენ, იმიტომ, რომ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები - მათ ეს ყველაფერი წელს თან სდევთ და შესაძლოა, ამის უკან მეგობრები, თანამოაზრეები, ან თანამშრომლებიც იდგნენ. ამიტომ ქალწულები ყველას არ უნდა ენდონ. უფრო მეტიც, ყველასთან ყველაფერი არ უნდა თქვან. თუმცა, იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხარს დაუჭერენ და შესაძლოა, მათგან მფარველობა, ან თანადგომაც იგრძნონ. არ არის გამორიცხული, რომ 2023 წელს ქალწულებმა უცხოეთთან დაკავშირებული ამბები, თუნდაც ვიზის აღების საკითხი მოაგვარონ.

სასწორი - 2023 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მართლაც საინტერესო წელია, მაგალითად, თუკი ვინმეს სურს ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლა, დაოჯახება, საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, პარტნიორული საკითხები, ან ბიზნესსაქმიანობა, ეს სასწორებს ამ წელს აუცილებლად გამოუვათ. თუმცა, სასწორებისთვის განსაკუთრებით საუკეთესო პერიოდია წლის მეორე ნახევარი.

მორიელი - მინდა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გავახარო და ვუთხრა, რომ თუკი მორიელებს რაიმე აწუხებდათ, რაც ასე ვთქვათ, გადაუჭრელი პრობლემა ჩანდა ჯანმრთელობის კუთხით, დიდი შანსია, რომ ეს პრობლემა მათ საერთოდ მოუგვარდეთ. მაგალითად, შესაძლოა სრულიად განიკურნონ. სხვათა შორის, ფინანსურ - მატერიალური კუთხითაც ეს წელი მორიელებისთვის ურიგო არ არის.

მშვილდოსანი - წლის პირველ ნახევარში მშვილდოსნები უფრო დინამიურები არიან. ამავდროულად, ისინი ძალიან მყარ და შეტევით პოზიციაზე არიან, ამიტომ, როგორც იტყვიან, საკუთარი მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რათა ის საბოლოო წერტილამდე მიიყვანონ. ასე რომ, 2023 წელი მშვილდოსნებისთვისაც ურიგო ნამდვილად არ არის. შეძლება ერთ-ერთი საუკეთესო არა, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს წელი მათთვის ნაყოფიერი იქნება.

თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნებს 2023 წელს ოჯახთან დაკავშირებულ ამბებთან, კერძოდ, - სახლში სარემონტო სამუშაოებთან, დედასთან და მეუღლესთან დაკავშირებულ ამბებთან ერთად ვიხილავთ  დიდი დოზით. ამ მხრივ, თხის რქა ოჯახის წევრებს უფრო მეტად დასჭირდებათ. ამიტომ თუკი მათ საყვარელი ადამიანები დახმარების თხოვნით მიმართავენ, რა თქმა უნდა, უარი არ უნდა უთხრან. ასე რომ, თხის რქას წელს წარმატება საკუთარ სამშობლოში, უფრო კი საოჯახო საქმიანობებში შეიძლება ჰქონდეს.

მერწყული - ისევე როგორც თხის რქისთვის, 2023 წელი მერწყულისთვისაც ოჯახური საკითხებით იქნება დატვირთული. თუმცა, ამის პარალელურად, მერწყულს შეიძლება საზღვარგარეთ სწავლა და ქვეყნიდან დროებით გასვლა მოუწიოს. მერწყულმა  წელს სამუშაო არეალი კარგად უნდა აკონტროლოს. მოგეხსენებათ, სატურნმა მერწყულში ორ წელიწადნახევრიანი ყოფნის ციკლი დაასრულა. თანაც სატურნმა მერწყული ძალიან დაღალა ახლა ისინი ნელ-ნელა თავისუფლდებიან. ამიტომ, მათ შეუძლიათ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ.

თევზები - ფინანსური ვალდებულებები, ეკონომიკური საკითხები, სრულიად ახალი საქმიანობები, ახალი იდეები, წამოწყებები, ახალი კაპიტალდაბანდებები და ფინანსურ-მატერიალური საკითხები - თევზებისთვის 2023 წელს სწორედ ეს საკითხები იქნება წინა ხაზზე წამოწეული. ასევე, მათ მოუწევთ ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას იმიტომ, რომ მაღალია მოწამვლის, ან ინფექციური დაავადების  შანსი. ამიტომ, თევზები წელს მსგავს საკითხებთან განსაკუთრებით ფრთხილები უნდა იყვნენ. დანარჩენი კი, განსაკუთრებით, ფინანსურ-მატერიალური თვალსაზრისით, თევზებისთვის 2023 წელი ერთ-ერთი საუკეთესო შეიძლება იყოს.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გჭირდებათ სიფრთხილე, რადგან ერთ-ერთი ურთულესი კვირა გაქვთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵„დღეს ქალბატონები ცოტა აგრესიულები ხდებიან... შაბათ-კვირა ითხოვ მეტ ყურადღებას“ - ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს

წყარო: m.geotimes.com.ge