
7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
დაბნელების დერეფანი ენერგეტიკულად ყოველთვის განსაკუთრებით ძლიერი დროა - უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი საუბრობს:
„2025 წლის 21 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე და 54 წუთზე, მზის დაბნელება ხდება ქალწულის ზოდიაქოს ბოლო, 29-ე გრადუსზე - კრიტიკულ წერტილზე, რომელიც ყოველთვის გარდამტეხი ცვლილებების წინაპირობას ქმნის.
მზის დაბნელება, როგორც წესი, დაკავშირებულია გარე მოვლენებთან და მატერიალურ რეალობასთან. ის გვიბიძგებს ვიმოქმედოთ, გამოვიდეთ გარეთ და რეალურად შევეხოთ სამყაროს, განსხვავებით მთვარის დაბნელებისგან, რომელიც უფრო შინაგან ემოციურ პროცესებს ააქტიურებს. ეს დაბნელება ხდება დაღმავალ კვანძზე - რაც ხშირად მიგვითითებს იმაზე, რომ გარკვეული ცხოვრებისეული თემა, ციკლი ან გამოცდილება ახლოსაა დასრულებასთან. ეს არის კარის დახურვა, რომელიც გვამზადებს ახალი ეტაპისთვის.
დაბნელება ზუსტ ოპოზიციაშია რეტროგრადულ სატურნთან თევზებში და ნეპტუნთან ვერძში. ოპოზიცია ყოველთვის არჩევანის აუცილებლობას გვიჩვენებს — და ამ შემთხვევაში, არჩევანი რეალობასა და ილუზიას შორის უნდა გაკეთდეს. ქალწული გვთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, სტრუქტურირებულ ხედვას, მაშინ როცა თევზები გვიტოვებს სივრცეს ილუზიისთვის და გაურკვევლობისთვის.
დაბნელება არჩევანის წინაშე გვაყენებს: დავრჩეთ ილუზიაში, თუ შევხედოთ რეალობას თვალებში?
გავაგრძელოთ ქაოსში ცხოვრება, თუ დავამყაროთ წესრიგი და სტრუქტურა?
ვიყოთ მსხვერპლი, თუ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დავაწესოთ საზღვრები?
მნიშვნელოვანია ის, რომ სატურნის რეტროგრადული მოძრაობა თევზებში ახლა ბოლო ფაზაშია. თებერვლიდან ის გადადის ვერძში და შემდეგი 27 წლის განმავლობაში აღარ დაბრუნდება თევზებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა გვაქვს ბოლო შანსი — დავინახოთ, სად მოვატყუეთ საკუთარი თავი, სად დავრჩით ილუზიებში და სად ვერ ავიღეთ პასუხისმგებლობა. ეს არის ბოლო გამოცდა, ბოლო გადახედვა იმ გზისა, რაც გავიარეთ.
მზის დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავად დაბნელებაზეა დაბადებული; ვისაც დაბნელება ეხება პირად პლანეტებზე, კვანძებზე ან კუთხის სახლების კუსპიდებზე. განსაკუთრებით იგრძნობა მათთვის, ვისაც ქალწულ-თევზების ღერძი აქვს დატვირთული.
დავაკვირდეთ, რომელ სახლებში ხვდება ეს დაბნელება ჩვენს პირად რუკაში, რათა შევძლოთ გავაანალიზოთ, რა სახის არჩევანის წინაშე გვაყენებს ის ჩვენს ცხოვრებაში. დაბნელების ენერგია შემდეგი 6 თვე იქნება აქტუალური. ვეცადოთ, დაბნელების დღემ მაქსიმალურად მშვიდად ჩაიაროს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ემოციური შტორმი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2025 წლის შემოდგომაზე შინაგან კრიზისს განიცდიან