Digest Logo

„არის დრო, რათა ხელახლა დავუკავშირდეთ ჩვენს შინაგან მზეს...“ - დაბნელების დერეფანი: მნიშვნელოვანი რეკომენდაციები

1786549448
დაბნელება დაბნელება

გაიხსენე, ვინ ხარ სინამდვილეში!

12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება ლომის ნიშანში არის მძლავრი ასტროლოგიური მოვლენა და გარდამტეხი მომენტი, რომელიც ყველას მოგვიწოდებს გავიხსენოთ, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.

ეს არ არის უბრალო ასტრონომიული მოვლენა, არამედ ახალი 18-წლიანი ციკლის დასაწყისია, რომელიც ლომისა და მერწყულის ნიშნებში განვითარდება და მისი გავლენა ზუსტ თარიღამდე ბევრად ადრე და მის შემდეგაც იგრძნობა.

ბოლოს ამ ნიშნებში დაბნელება 2008 და 2009 წლებში იყო. გავიხსენოთ ის პერიოდი და დავაკვირდეთ, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები, არჩევანი, დასასრულები ან ახალი დასაწყისები იყო მაშინ ჩვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს პროცესი შეიძლება იგრძნონ მათ, ვის ნატალურ რუკაშიც ძლიერად არის გამოხატული ფიქსირებული ნიშნები - ლომი, მერწყული, მორიელი და კურო.

დაბნელებას ნეგატიური მნიშვნელობა არ აქვს. ასტროლოგიურ სიმბოლიკაში ის უფრო გარდამტეხ წერტილს წარმოადგენს - პერიოდს, როდესაც გარკვეული პროცესები ხილული ხდება, ძველი მიმართულებები შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ იძულებული ვხდებით, უფრო ნათლად დავინახოთ, სად ვართ და საით მივდივართ.

სწორედ ამიტომ დაბნელება შეიძლება აღვიქვათ როგორც ერთგვარი კოსმოსური კომპასი, რომელიც გვაბრუნებს იმ აუვთენტურ გზაზე, რომელიც გარემოებების ან საკუთარი თავის შესახებ შექმნილი წარმოდგენების გამო, შესაძლოა დავკარგეთ.

ეს დაბნელება არის ახალმთვარეობა, მაგრამ ამავდროულად, ის არის სამხრეთ კვანძის დაბნელება ლომის ნიშანში. სამხრეთ კვანძი სიმბოლურად განასახიერებს ჩვენს წარსულს, იმას, რაც უკვე შევითვისეთ, რასაც მივეჯაჭვეთ და რაც იქცა ხაფანგად, რომელიც ხელს გვიშლის ჩვენი ჭეშმარიტი მიზნის მიღწევაში. დადგა დრო, გავუშვათ ლომის ის გავლენები, ის თვისებები, რომლებიც ბლოკავს ნამდვილ თვითგამოხატვას, გულთან კავშირსა და შემოქმედებით პოტენციალს. ჩრდილოეთ კვანძი კი მერწყულში იმყოფება და მიგვითითებს იმ მიმართულებაზე, საითკენაც უნდა ვიმოძრაოთ. დაბნელება ძლიერი გარდამტეხი მომენტია, რომელსაც ყველანი კოლექტიურად ვიგრძნობთ. ლომი ცეცხლის ნიშანია და ჩვენ შესაძლოა ვიცილოთ ცეცხლთან დაკავშირებული თემების გააქტიურება.

გარე სამყაროში მოვლენები ხშირად ასახავს იმას, რაც ჩვენს შინაგან სამყაროში, უხილავად ხდება. შესაძლოა, ჩვენ უგულებელვყოფდით შინაგან „ხანძარს“ ან „შფოთვას“ და ახლა დადგა დრო, რომ გავიღვიძოთ და მივხვდეთ, რას მოითხოვს ეს ცეცხლი ჩვენგან. ლომი, რომელსაც მზე მართავს, კირჩხიბის შემდეგ ყველაზე პერსონალური ნიშანია. მზე ზოდიაქოს მეფეა, ხოლო ლომი - ცხოველთა მეფე. ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ საკუთარ დიდებულების კომპლექსს, აღიარების, ქებისა და თაყვანისცემის სურვილს.

(უფრო ამბიციას) დაბნელება იდუმალი მოვლენაა, რომლის სრულად ახსნა ლოგიკურად შეუძლებელია. არსებობს საკითხები, რასაც მეცნიერება მტკიცებულებებითა და თეორიებით ვერ ხსნის - ეს არის ის, რასაც ჩვენ უბრალოდ ვგრძნობთ და ვიცით.

როდესაც შუადღისას დღის სინათლე კლებას იწყებს, ჩვენს ადამიანურ ფსიქიკაში რაღაც ძალიან ძველი იღვიძებს. დაბნელება გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ არსებაზე - ხეებზე, ცხოველებზე, ადამიანებზე. ეს არის გადატვირთვის წერტილი, როდესაც ფრინველები შეიძლება დაიბნენ, ცხოველები იცვლიან ქცევას, ხოლო თავად ჰაერიც კი სხვანაირი ხდება. ჩვენი სხეული იხსენებს იმას, რაც ლოგიკურ გონებას მუდმივად ავიწყდება.

დაბნელებას აქვს ძალა, შეაწყვეტოს დროის რიტმი. მას შეუძლია შეცვალოს სიუჟეტური ხაზი და შეგვახსენოს, რომ დრო არ არის წრფივი, ისევე როგორც ჩვენ არა ვართ წრფივი არსებები დასაწყისითა და დასასრულით; დაბნელება გვაჩვენებს ყოფიერების მისტიკურ მხარეს. ბერძნული სიტყვა „eclipse“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დაკარგვას“ ან „გაუჩინარებას“. ეს არ ნიშნავს, რომ მზე გაქრა, არამედ მხოლოდ იმას, რომ მისი შუქი დროებით დაიმალა ჩვენი მზერისგან. ეს არის დრო, რათა ხელახლა დავუკავშირდეთ ჩვენს შინაგან მზეს, რომელიც არსად ქრება, უბრალოდ გვჭირდება ხოლმე მასთან კავშირი, რათა ისევ დავინახოთ და შევიგრძნოთ საკუთარი შუქი.

ლომი ხშირად ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, ლიდერობასთან, ქარიზმასთან და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისებები ნამდვილად ახასიათებს ლომს, ისინი მხოლოდ შინაგანი სამყაროს გარეგანი გამოვლინებებია. მზეს, რომელიც ლომს მართავს, არ აინტერესებს, ვინ იმსახურებს მის სითბოს და სინათლეს; ის თანაბრად გულუხვად ანათებს ყველაფერს - სამეფოებსა და ნანგრევებს, ოკეანეებსა და უდაბნოებს, წმინდანებსა და ტირანებს. მზე არ ვაჭრობს თავისი ნათებით და არ ითვლის, დაიმსახურა თუ არა ვინმემ მისი სითბო; ის გამოხატავს საკუთარ ბუნებას, რადგან თავად არის სინათლე. ამ მზის დაბნელების დროს ბევრი ჩვენგანი დაფიქრდება იმაზე, თუ რამდენად ვიმყოფებით ჭეშმარიტი ნათების მდგომარეობაში.

ჩვენ ყველანი, მეტ-ნაკლებად, ვასრულებთ როლებს - გვიწევს ძლიერის, სულიერის, ინტელექტუალურის, დამოუკიდებელი ადამიანის, წარმატებულის და კეთილის როლის ათვისებაც კი. ლომის ნიშანში სამხრეთ კვანძის ეს დაბნელება გვაიძულებს პირისპირ შევეჩეხოთ იმ მომენტებს, სადაც როლებს ვთამაშობთ, განსაკუთრებით სიკეთის გამოვლენისას. ჩვენ ადრეული ასაკიდანვე ვიცით, თუ ჩვენი რომელი ქცევა თუ თვისება იღებს მოწონებას და ვიწყებთ საკუთარი თავის ამ კონკრეტული ვერსიის გამოკვებასა და დახვეწას.

მთვარის კვანძები, რომლებიც კარმულ ასტროლოგიაში ცნობილია როგორც დრაკონის თავი და კუდი, არ წარმოადგენს ბოროტებას, ის ორივე ერთი და იმავე ცოცხალი არსების ორი ნაწილია. თავი (ჩრდილოეთ კვანძი) აგროვებს გამოცდილებას, ხოლო კუდი (სამხრეთ კვანძი) უშვებს იმას, რამაც უკვე შეასრულა თავისი მიზანი და ამოწურა საკუთარი თავი. ჩვენ გვეძლევა შანსი, გავუშვათ ძველი როლები, რათა შევაბიჯოთ ახალ 18-წლიან ციკლში, სადაც ვიქნებით უფრო შემოქმედებითები, უფრო მეტად დაკავშირებულნი საკუთარ გულთან და იმ ბავშვურ სიხარულთან და გულწრფელობასთან, რომელიც დავიწყებული გვქონდა.

ლომთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი ჩვენი გულის, ცენტრის შეგრძნებაა. აქ საუბარია არა ფიზიკურ ორგანოზე, არამედ ადამიანის ცნობიერების სიმბოლურ ცენტრზე. გულთან დაკავშირება, ეს არის ჩვენი გონების გულში გადატანა - არა მასზე უარის თქმა, არამედ მათი გაერთიანება. ლომი არის გული, ხოლო მერწყული - გონება. ეს ორი საპირისპირო ნიშანია, თუმცა ერთად მუშაობენ და უსასრულობასა და ერთიანობას პოლარობით ქმნიან.

ეზოთერულად ცეცხლი მოიაზრება არა როგორც უბრალო ალი, არამედ როგორც გაცოცხლების პრინციპს და უხილავი ძალა, რომელიც შესაძლებლობას მოქმედებად აქცევს. მიწა არის ფორმა, წყალი - გრძნობები, ჰაერი - აზრები, ხოლო ცეცხლი - სიცოცხლის ძალა და მოძრაობა. ცეცხლის გარეშე ვერაფერი დაიწყება, სწორედ ამიტომ გამოიყენება ინიციაციის ტრადიციებში ცეცხლი ნებისმიერი ფორმით - სანთელი, ჩირაღდანი თუ საკურთხევლის ალი - როგორც წმინდა ცეცხლი, რომელიც გამოხატავს თავად გაცნობიერებასა და ცნობიერებას, რომლის თვისებაა მუდმივობა და ჩაქრობა არ სურს.

ლომი არ არის მხოლოდ ნიშანი, რომელიც ანათებს; ის გვახსენებს, რომ სიცოცხლე ჩვენგან მონაწილეობას, თანაშემოქმედებას, ჩვენში არსებული ცეცხლის გაღვიძებასა და საკუთარი თავის ინიციირებას ითხოვს. არ არსებობს სხვა ინიციაცია, გარდა თვითინიციაციისა. ცეცხლი არ არის თეორიული, ის უნდა იცხოვრო და გამოცადო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ სიხარულზე ან გავაანალიზოთ შემოქმედება; ჩვენ უნდა შევაბიჯოთ ამ სიცოცხლეში და ვიგრძნოთ ის მთელი გულით. მზე არასოდეს ქრება, ის მუდმივად ვიბრირებს და მღერის. ეს ვიბრაციები, რომლებიც შეიძლება გაიზომოს როგორც რხევები თავად მზის შიგნით, გვახსენებს იმ ტრადიციებს, რომლებიც საუბრობენ ვიბრაციით, სიტყვითა და ბგერად ქცეული შუქით დაწყებულ სამყაროს შექმნაზე. ეს არის შემოქმედების მუსიკა და მთელი ეს რეალობა ბევრად უფრო ცოცხალია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ და გავიგოთ.

ეს დაბნელება მოგვიწოდებს ჭეშმარიტად დავინახოთ, თუ რა არის ნამდვილი სიხარული, რომელსაც ხშირად შეცდომით აიგივებენ დროებით სიამოვნებასთან და გართობასთან. სიამოვნება ყოველთვის გარემოებებზეა დამოკიდებული, ხოლო სუფთა სიხარული ბავშვს ჰგავს, რომელიც თამაშისას დროის შეგრძნებას კარგავს და ქმნის არა იმისთვის, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდეს, არამედ იმიტომ, რომ თავად შემოქმედების პროცესია ცოცხალი და ამ პროცესში ვითარდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ამბობს იესო სახარებაში, რომ თუ არ გახდებით პატარა ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცის სასუფეველში.

ეს მზის დაბნელება მოგვიწოდებს დავიბრუნოთ ჩვენი ბავშვური სიხარული და გულწრფელობა, რომელიც გამოცდილების და სიბრძნის შემდეგ მოდის. ეს არის შენაგანი ბავშვი, რომელსაც არ სჭირდება რამის დამტკიცება, საკუთარი თავის სხვებთან შედარება ან მუდმივი კითხვა იმისა, არის თუ არა იგი საკმარისად ღირსი. მზე არასოდეს ეჯიბრება ვარსკვლავებს; ის უბრალოდ ამოდის, როცა ამოსვლის დრო დგება, და სწორედ ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა - ჩვენ არ მოგვეთხოვება ვიყოთ ყველაზე კაშკაშა, უბრალოდ უნდა ვანათოთ საკუთარი შუქით. სიხარულის ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია, სიხარულის განცდის ფორმულა არ არსებობს და ვერც ვერავინ გვასწავლის. ეს რომ ასე იყოს ყველა ადამიანი ბედნიერებას ერთსა და იმავე ადგილას და ერთი და იმავე გზით იპოვიდა. თუმცა, ჩვენ განსხვავებულები ვართ: ერთი სიხარულს მცენარეების და ყვავილების დარგვაში პოულობს, მეორე - პრობლემების მოგვარებაში, მესამე - ცოდნის გავრცელებაში.

გაიხსენეთ ის მომენტები, როდესაც დრო ისე მიდის ქრება, რომ ვერც ვგრძნობთ, მოქმედება და გაცნობიერება ერთად იწყებენ მოძრაობას.

„მიჰყევით თქვენს სიხარულს“ - სწორედ ეს არის ლომის ნიშანში მზის ამ დაბნელების მთავარი გზავნილი. შესაძლოა, ახლა საკუთარ თავში ფარული ნიჭი აღმოვაჩინოთ, რადგან სამყარო მოგვიწოდებს, ვიყოთ გულწრფელები და დავინახოთ, ცხოვრების რომელი სფერო გვაგრძნობინებს თავს ყველაზე ცოცხლად. მზე ყვავილებს არ უმტკიცებს, თუ რატომ ყვავიან; ის უბრალოდ ანათებს, ხოლო აყვავება თავად მცენარეების პასუხია ამ სითბოზე.

მეგობრებო, ერთად ვიმღეროთ ჩვენი გულის სიმღერა და გავიხსენოთ ყოფიერების სუფთა მდგომარეობა, რომელიც თავისუფალია როლისგან, რომ გამოვჩნდეთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არ ვართ. მივცეთ საკუთარ თავს ძალა, რომ გავაჟღეროთ ეს შინაგანი ხმა და ვიპოვოთ სინათლე, რომელიც მუდმივად არის ჩვენში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მხოლოდ ერთ წერტილს ნუ მიაშტერდებით“ - მარტივი პრაქტიკა 12-13 აგვისტოსთვის თამუნა იოსელიანისგან

⭕ „თუ ადამიანი თავმდაბლობისკენ არ იზრდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ყველაზე კაშკაშა პერსეიდების მარაგი“ - 12 აგვისტოს ასტროლოგიური მოვლენები: ნინა ხომერიკი