 
        
        რუნული მაგია არის ძველ სკანდინავიურ კულტურაში დაფუძნებული მისტიკური პრაქტიკა, რომელიც იყენებს რუნებს, სიმბოლოებს ძველი გერმანული ანბანიდან, სახელად ფუთარკი.
რუნები არ არიან მხოლოდ ასოები - ის ენერგეტიკული კოდებია, თითოეული მათგანი ატარებს კონკრეტულ ვიბრაციას, ძალას და მნიშვნელობას: დაცვა, წარმატება, სიყვარული, გადარჩენა, განკურნება და სხვა. რუნული მაგიის არსი სწორედ ამ სიმბოლოების ენერგიაშია - მათი მოხაზვით, ამოკვეთით, მედიტაციით ან ტაროს მსგავსად განთავსებით, ადამიანი უკავშირდება ბუნების და ყოფიერების უხილავ ძალებს.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი „svart გრიმუარი“ წერს:
„რით განსხვავდება რუნების მოქმედება სხვა მიმართულებებისაგან?
ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და მარტივად აღვწერო საკვანძო დეტალები, რომელიც განასხვავებს რუნულ მაგიას სხვა ტრადიციებისა თუ მიდგომებისაგან.
სოციალურ-კულტურულ „ბექგრაუნდს“, რწმენებსა და ტრადიციის თავისებურებებს არ შევეხები, რადგან ისედაც აშკარაა, რომ ეს ყველა მაგიური მიმართულების საფუძველია და ყველა მიმართულება იდეოლოგიურად, მათი ფორმით თუ ფილოსოფიით განსხვავდება სხვებისაგან, ამიტომ ძირითადად ვფოკუსირდები ტექნიკურ დეტალებზე.
იმისათვის, რომ გავხადო რუნული მაგიის თავისებურებები მეტად აშკარა შედარებისათვის გამოვიყენებ ორ მეტად პოპულარულ მიმართულებას:
1. დასავლური ცერემონიალური მაგია
2. ხალხური ( იგივე ფოლკლორული, ე.წ. სოფლის ან სოფლური მაგია).
დასავლური ცერემონიალური მაგიის მთავარი თავისებურებაა საკმაოდ რთული და კომპლექსური ტექნიკური მხარე. მაგს უწევს, რომ მეცნიერული სიზუსტით გაითვალისწინოს და გაიმეოროს ოპერაციისათვის აუცილებელი მოქმედებები (მაგ. რომელ დღეს და რომელ საათზე შეასრულებს რიტუალს, როგორი და რა ფერის სამოსს ჩაიცვამს, როგორ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, როგორ საკმეველს დაანთებს, რომელ პენტაკლს როგორ მეტალზე ამოტვიფრავს და ა.შ…).
მოკლედ, ერთი პატარა შეცდომის დაშვების უფლებაც არ აქვს, რადგან „რეცეპტი” მოითხოვს თითოეული დეტალის იდეალურად შესრულებას.
ცერემონიალური მაგიის შემთხვევაში მოვლენის მანიფესტაციისათვის საჭირო ძალის ძირითად წყაროს წარმოახგენს სწორედ ეს სიზუსტე, ის უმაღლესი არსებები, რონლებსაც მიმართავს პრაქტიკოსი ( მაგ. ამა თუ იმ პლანეტის სულები, მთავარანგელოზები და ა.შ…).
ხალხური მაგიის შემთხვევაში აბსოლუტურად საპირისპიროს ვხვდებით, კაცმა არ იცის რას, რისთვის ან რატომ აკეთებს “კუდიანი” მოხუცი, არც ის იცის საიდან მოაქვს ძალა და ენერგია, უბრალოდ ასე აკეთებდა მისი წინაპარი და ასე მოქმედებს თავადაც. მთავარია, რომ სასურველი შედეგი მიიღო და დეტალებს “ არ დაეძებს”.
ასეთი ტიპის მაგიის ძალის ძირითადი წყარო არის რწმენა.
ხშირ შემთხვევაში ეს უხეში მეთოდები საკმაოდ ეფექტურია, თუმცა მათი ეფექტურობა ხანმოკლეა და როგორც წესი, ახლავს უკუჩვენებები.
უკუჩვენებების მიზეზი კი მარტივია, პიროვნებამ მოიზიდა ის, რისთვისაც არ იყო მზად ან რაც არ ეკუთვნოდა, შესაბამისად სამყარო ყოველგვარი დისბალანსისა და შეუსაბამობის დაბალანსებას ეცდება.
ეს პროცესი მეტად აშკარა რომ გახდეს მოვიყვან მაგალითს:
პიროვნებამ გადაწყვიტა, რომ მოეზიდა ფინანსური წარმატება, თუმცა არც სათანადო ცოდნას ან განათლებას ფლობს, არც მოქმედებს, არც მისი ცნობიერება და ენერგეტიკა არ არის მზად ამ ფინანსური ენერგიის მისაღებად და „დასატევად”. მოხუცმა შეულოცა “ ბარაქაზე”, ფული მართლაც გაჩნდა, თუმცა ვინაიდან ადამიანის ენერგეტიკისა და ფსიქიკისათვის ეს პოზიტიური სიახლე იყო საუცხოო, ის ვერ იგუა, შესაბამისად მიღებული თანხები მალევე გაიფანტა.
რუნული მაგია ცერემონიალურის მსგავსად არის რთული და კომპლექსური, თუმცა უტოვებს ადამიანს იმის თავისუფლებას, რომ გამოავლინოს შემოქმედებითობა და შექმნას რაღაც ახალი და განსხვავებული, აგრეთვე ის გვიტოვებს არჩევანს თავად განვსაზღვროთ რა იქნება ჩვენი სურვილისათვის აუცილებელი ენერგიის წყარო, საწვავი თუ მასულდგმულებელი ძალა ( ღმერთები, ბუნების ძალები და სტიქიები თუ პირადი ფსიქიკური და სულიერი ძალა…).
რუნული მაგიის მთავარი თავისებურება მდგომარეობს ცვლილებისა და ტრანსფორმაციის მოხდენაში და არა უბრალოდ რაიმე მოვლენის გამოწვევასა თუ მოზიდვაში.
ის უბრალოდ და პირდაპირ არ იზიდავს სასურველ მოვლენას, არამედ იწყებს ამ პროცესს ადამიანისა და მისი ფსიქიკის შეცვლით.
როდესაც ადამიანის ფსიქიკა და ვიბრაცია გახდება მიზნის შესაბამისი, შემდგომ აღიძვრება პროცესი და სურვილის მოზიდვა თუ ხორცშესხმაც მოხდება მეტად ორგანულად, ბუნებრივად და მყარად.
ზედა ორი ტრადიციისგან მას განასხვავებს 4 ფაქტორი და სწორედ ეს განსხვავებები არის მიზეზი იმისა რატომაც არის რუნული მაგია ჩემი ფავორიტი:
1. არის შემოქმედებითი და აძლევს დიდ გასაქანს ადამიანის კრეატიულობას
2. არ აქვს მკაცრად ფიქსირებული ჩარჩოები, როგორც ცერემონიალურ მაგიას - შენ წყვეტ რომელ ჩარჩოს როგორ დააწესებ და გამოიყენებ ( რა თქმა უნდა არ იგულისხმება ის წესები, რომელიც ამ ტრადიციის ქვაკუთხედს წარმოადგენს, მათ ვერ გავექცევით)
3. მიუხედავად ამხელა თავისუფლებისა, განსხვავებით ხალხური მაგიისგან, ზუსტად ვიცით რას, როგორ და რატომ ვაკეთებთ
4. ცვლილებას აღძრავს არა გარეგანად, არამედ მასზე მუშაობას იწყებს შინაგანად - კი, სხვა ტრადიციებთან შედარებით ამის გამო რუნული მაგია მეტად რთული და ნელია, თუმცა ეფექტიც მეტად სტაბილური და მყარია.
ეს მაგიური მიმართულება ფაქტობრივად ვალდებულს გვხდის, რომ ჩვენი სურვილებისა და მიზნების სტანდარტების მიხედვით ვიცხოვროთ, ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ და სწორედ ამით გვაძლევს შედეგს. მართალია, იმ ადამიანს, რომელსაც ეზარება საკუთარი თავის შეცვლა ეს არ მოეწონება, თუმცა ვფიქრობ ასეთ ადამიანს უბრალოდ საკმარისად არ სურს იმ რაღაცის მიღწევა, რასაც ითხოვს ( სხვა შემთხვევაში ის არ დაზარდებოდა მოქმედებას და გამოწვევებს, რომელსაც ეს გზა მოითხოვს).
მთელი ჩრდილოეთური ფილოსოფია, ე.წ. “თულეს პერსპექტივა”, მდგომარეობს ღირებულებების, ფასეულობებისა და ღირსებების დაცვასა და შენარჩუნებაში.
ჩვენ ვეხებით ტრადიციას, რომელშიც მნიშვნელოვანია, რომ პიროვნება შეესაბამებოდეს და ამართლებდეს ამა თუ იმ სახელს, სტატუსს, პირობას, რომ ის იყოს ღირსეული და იცხოვროს საამაყოდ - იყოს მებრძოლი.
იყო მებრძოლი არ ნიშნავს აუცილებლად ბრძოლის ველზე თავდადებას - აქ უპირველესყოვლისა საუბარია მებრძოლ სულსა და გულზე, ბუნებაზე და არა ფიზიკურ მოქმედებაზე ან ძალადობაზე.
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ საილუსტრაციო მოგიყვანთ მცირე ყოფით მაგალითს.
წარმოიდგინეთ სამი ბიჭი, სამივე ოცნებობს ძვირად ღირებულ სპორტულ ავტომობილზე, მაგალითისათვის იყოს ფერარი. ერთმა მიმართა ცერემონიალურ სისტემას, მეორემ სოფლის მაგიას , ხოლო მესამემ რუნებს…
პირველის დამხმარემ ჩარია დიდი ადამიანები, გამოიყენა წნეხი, გავლენა და რეპუტაცია, დააჩქარა ბიჭის მომზადება, რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა და მისცა მას ოცნების ავტომობილი ( ფერარი).
მეორეს დამხმარემ ( ხალხური მაგია) ბოლომდე ვერც გაიგო რა უნდა ბიჭს, შეეცადა უმოკლეს ვადაში, მაქსიმალურად დაბალ ფასად მოეზიდა ეს ავტომობილი, საბოლოოდ ბიჭმა მიიღო ფერარი, მაგრამ არც მისი მართვისათცის არის მზად და არც ის იცის, რომ ამ ავტომობილს ნივას ძრავი და ჩინური დეტალები აქვს ნაცვლად ორიგინალისა.
აი მესამეს შემთხვევაში კი რუნებმა ჯერ წაიყვანეს ეს ბიჭი ავტოსკოლაში, დაუქირავეს კარგი ინსტრუქტორი, შემდგომ გააცნეს სხვადასხვა ავტო მოყვარულები, მრბოლელები და ექსპერტები, მისცეს საშუალება მოესინჯა რამდენიმე განსხვავებული ავტომობილი ( გამართულიც და გაუმართავიც, დაბალი კლასის და მაღალი კლასისაც) და ბოლოს მისცეს ის, რაც მას სურდა.
განსხვავება ისაა, რომ ამ ბიჭს ახლა ყველანაირი ცოდნა და უნარი აქვს იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული ავტომობილის პოტენციალი სრულად და უსაფრთხოდ გამოიყენოს, ასევე ის მიხვდა, რომ მისი რეალური ოცნება ყოფილა არა ფერარი, არამედ ლამბორგინი . საკუთარ თავში გამორკვევის და გამოწვევების ღირსეულად გავლის შემდგომ, როდესაც გასაგები გახდა, რომ ეს ბიჭი ნამდვილად მონდომებული და ღირსეულია - სწორედ ეს ავტომობილი მიიღო.
იმედი მაქვს ეს უხეში მაგალითი გახდის გასაგებს რით განსხვავდება რუნები სხვა სისტემებისაგან“, - წერს svart გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რატომ იწყება წონასთან ბრძოლა გონებაში და არა თეფშზე...“ - ნატა გაგუას რეკომენდაციები
