ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight-ი სოციალურ ქსელში მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნზსა და კოსმოსურ ამბებს გვიზიარებს.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საინტერესო და დატვირთული კვირა გველოდება:
„23 თებერვალი - 1 მარტი:
მეგობრებო ჩვენ ახლა გავდივართ დროის მონაკვეთს, რომელიც დაბნელებების პორტალის ენერგეტიკულ ცენტრს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ წარსული ხვდება მომავალს აწმყოში და ჩვენი გადაწყვეტილებები იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
როგორც ვიცით, დაბნელებების დერეფანი არის პერიოდი, როდესაც სრულდება ერთი კარმული პროგრამა და იწყება ახალი.
შეგახსენებთ, რომ დაბნელებების დერეფანი გაიხსნა 17 თებერვალს რგოლური მზის დაბნელებით და დაიხურება 3 მარტს. ამ ეტაპზე ჩვენ კვლავ ძლიერად ვგრძნობთ მზის დაბნელების გავლენას. თუმცა, როდესაც 24 თებერვალს კულმინაციურ წერტილს მიაღწევს, თანდათან უფრო მეტად ვიგრძნობთ მთვარის დაბნელების ენერგიის გავლენას.
რა განსხვავებაა მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის?
მზის დაბნელებები უფრო მეტად დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების გარეგან მხარესთან, მოვლენებისა და პროცესების ფორმირებასთან, მზის დაბნელება ქმნის კონკრეტული რეალიზაციის პოტენციალს.
მთვარის დაბნელება კი უფრო ემოციური ბუნებისაა. ის არის შუქი, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს ღრმა შრეებს ანათებს. მთვარის დაბნელება შნაგან დონეზე გამოავლენს ისეთ ემოციებს, დამოკიდებულებებს, კომპლექსებს, შიშებს, რაც საჭიროებს, ყურადღებას, გაცნობიერებას და ჯანსაღი ემოციებით ჩანაცვლებას, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდეს.
ასტროლოგიურად, მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობის დროს ხდება, როდესაც მზე და მთვარე ოპოზიციაში იმყოფებიან. მზის დაბნელება კი ახალმთვარეობისას ხდება - როდესაც მზე და მთვარე ერთდება.
(რა თქმა უნდა ეს არის პროექცია, აღქმა დედამიწის პოზიციიდან).
მზის დაბნელება - ეს არის ახალი მთვარის ციკლის დასაწყისი, ხოლო მთვარის დაბნელება - გარკვეულ შედეგებს აჯამებს და მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ინფორმაციას გვიხსნის.
3 მარტის მთვარის დაბნელება ქალწულის ნიშანში მოხდება და პირველ რიგში სხეულის ჯანმრთელობის თემებზე გაამახვილებს ყურადღებას. ქალწული მართავს ფიზიოლოგიას, კვების რეჟიმს, ყოველდღიურ წესრიგს. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე შესაძლოა ყურადღებას არ აქცევდით - დაღლილობა, დარღვეული რეჟიმი, დაგროვილი სტრესი - შეიძლება მოულოდნელად მკვეთრად გამოვლინდეს.
გარდა ამისა, ქალწული დაკავშირებულია სამსახურთან და პროფესიულ ეფექტიანობასთან, ამიტომ შესაძლოა გააქტიურდეს სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით ის თემები, რომლებიც აგვისტო - სექტემბერში წარმოიშვა.
24 თებერვალი გარდამტეხი წერტილია. ეს არა მხოლოდ დაბნელებების კულმინაციური წერტილია, არამედ ამ დღიდან მერკური სტატიკურ ფაზაში გადადის. (ემზადება რეტროგრადული ფაზის დაწყებისთვის) 26 თებერვლიდან იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას.
24–28 თებერვალი რეტროგრადული ფაზის ყველაზე რთული ეტაპია, როდესაც სფეროები, რომელსაც მერკური ეხება - აზროვნება, ინფორმაციის აღქმა, რეაქციები, კომუნიკაცია, კავშირებია და გადაადგილებები - ნელდება.
ამიტომ სამშაბათიდან და კვირის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სასურველი არ არის მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრობასთან, ტრანსპორტთან, მოლაპარაკებებთან, სწავლასთან, სამსახურთან. ასევე, რეტროგრადული მერკურის პერიოდში რეკომენდებული არ არის ტექნიკისა და ტრანსპორტის შეძენა.
რეტროგრადული მერკურის ფაზა არ არის ახალი დასაწყისისთვის განკუთვნილი. ეს არის დასრულების, გადახედვისა და ანალიზის პერიოდი. ეს ფაზა გაგრძელდება 20 მარტამდე. შესაბამისად, 22 და 23 თებერვალი არის ბოლო დღეები, როდესაც შესაძლებელია დოკუმენტებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული გეგმების განხორციელება.
24 თებერვალი განსაკუთრებული დღეა - კვირის ცენტრალური და გარდამტეხი წერტილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა მოულოდნელობების მაღალი ალბათობით. ასეთ დღეებში ხშირად ხდება მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების მიმართულება რადიკალურად შეცვალონ.
ამ დღეს სამყარო განსაკუთრებით აქტიურად გვიგზავნის ნიშნებსა და სიგნალებს. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილებებიც. თუ ამ დღეს სიმბოლურად რაღაც „კარები“ დაიხურება თქვენს წინაშე, ეს ნიშნავს, რომ არ ღირს ძალისხმევის დახარჯვა ამ მიმართულებით. უმჯობესია ენერგია სხვა მიმართულებით მიმართოთ. ზოგისთვის კი, პირიქით, შეიძლება მოულოდნელად ახალი შესაძლებლობები გაიხსნას.
ამიტომ 24 თებერვალს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდით მოვლენებს. ამ დღეს და ასევე 25 თებერვალს ყალიბდება დაძაბული ასტროლოგიური კონფიგურაცია - დიდი ჯვარი. მასში მონაწილეობენ მზე, მთვარე და სამი კარმული წერტილი. ამ კონფიგურაციაში მონაწილეობს ლილიტიც, რომელსაც შეუძლია ცდუნებების, ილუზიებისა და მცდარი მიმართულებების პროვოცირება. ენერგიის პიკი 25 თებერვალს იქნება. ამიტომ 24–25 თებერვალს მნიშვნელოვანია, არ მივიღოთ გადაწყვეტილებები ცდუნების, ემოციის ან ილუზიის გავლენით.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები, აუცილებელია დავეყრდნოთ არა ინტუიციას, არამედ საკუთარ ღირებულებებსა და შინაგან პრინციპებს. თუ ამ დღეებში მიიღებთ მიმზიდველ შეთავაზებას, მნიშვნელოვანია სიფრთხილის შენარჩუნება, რადგან ეს შეიძლება იყოს ცდუნება და არა რეალური შესაძლებლობა.
კვირის მეორე ნახევარში მოვლენების ბედისწერული ხასიათი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან 27 თებერვალს მზე ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან შეერთდება - წერტილთან, რომელიც ჩვენი განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ საით უნდა მივმართოთ ჩვენი ენერგია.
ამ დღეებში მოულოდნელი მოვლენები, ემოციური რეაქციები და ახალი ინფორმაცია შეიძლება გახდეს მინიშნება, რომ დროა შეიცვალოს მიმართულება.
26 თებერვალს მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ასევე გვაბრუნებს წარსულში. შესაძლებელია, რომ სწორედ წარსულში დარჩენილი დაუმთავრებელი საქმეები გახდეს ახლა მნიშვნელოვანი.
28 თებერვალს რეტროგრადული მერკური ვენერას შეუერთდება. ეს შეიძლება გამოიხატოს ნოსტალგიით, ძველი ემოციების გააქტიურებებით და წარსული ურთიერთობების გახსენებით. შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან - როგორც პირად, ასევე პროფესიულ სფეროში - და შემოგთავაზონ თანამშრომლობა ან ძველი პროექტების გაგრძელება.
თუ ასეთი შესაძლებლობები თქვენს ემოციურ თანხმობას იწვევს, არ უნდა უგულებელყოთ ისინი, რადგან წარსული შეიძლება გახდეს თქვენი მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერად არის გააქტიურებული თევზების ნიშანი, სადაც იმყოფება ვენერა, მერკური, მზე და ჩრდილოეთ კარმული კვანძი. ეს აძლიერებს ინტუიციას, შინაგან შეგრძნებებსა და ქვეცნობიერთან კავშირს.
კვირის მეორე ნახევარი კარგია შინაგანი კონცენტრაციისთვის. სასარგებლოა ტემპის შენელება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და შინაგანი სიგნალების მოსმენა. ეს პერიოდი უფრო მეტად მიმართულია ქვეცნობიერი, ემოციური სამყაროსკენ.
აი, ასეთი მნიშვნელოვანი კვირა გველოდება.
დაე, სამყაროს ძალების მოქმედებით და თქვენი თანხმობით გაძლიერდეს თქვენში სიკეთე, სიბრძნე, სიყვარული და სინათლე!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: